ერთი და იგივე თანხა, დრო და ხალხი - როგორ სწირავს „ალტ-ინფოს” პარტია საკუთარ თავს ფულს

ფოტოილუსტრაცია

პრორუსულ პარტია “კონსერვატიულ მოძრაობას”, რომელიც “ალტ-ინფოს” სახელით არის ცნობილი, 2022 წელს პირველ 6 თვეში პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემომწირველი ჰყავდა. ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომლითაც ამ პარტიის შემომწირველების შესახებ მონაცემები იქცევს ყურადღებას. პარტიას ყოველთვიურად დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ერთი და იგივე ადამიანი ერთსა და იმავე თანხას სწირავს.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველმა "ალტ-ინფოს" პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

გასულ 6 თვეში მიღებული 278 ათასი ლარით “კონსერვატიული მოძრაობა” ჩამორჩება მხოლოდ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” და “ლელოს”, რომლის ლიდერებიც წარმატებული ბიზნესმენები არიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ღია მონაცემების მიხედვით, პარტიამ პირველი შემოსავალი 16 თებერვალს მიიღო, 43 ათასი ლარი. ყოველი თვის იმავე რიცხვში კი დაახლოებით იმდენივე შემომწირველისგან ჯამში იმავე თანხას იღებს ნახევარი წლის განმავლობაში.

შესაძლოა პარტიას ამ გზით ორგანიზაციაში არადეკლარირებული რუსული წარმომავლობის ფული შეჰქონდეს, - ფიქრობენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში”. ეს ორგანიზაცია პარტიების შემოსავლებს, მათ წარმომავლობასა და განკარგვის კანონზომიერებებს სწავლობს.

“სხვა პარტიების შემთხვევაში რისკი შეიძლება ის იყოს, რომ შეზღუდვებს გვერდი აუარონ თანხის შეწირვის დროს. აქ დამატებით სხვა რისკები ჩნდება - ვიცით, რომ [კონსერვატორული მოძრაობა] პრორუსული პარტიაა, ძალადობრივი ჯგუფები არიან მის ფრთებს ქვეშ და არსებობს მაღალი ეჭვი, რომ ფულს შეიძლება იღებდნენ ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნისგან - რუსეთისგან. ეს შეიძლება იყოს სქემა, როდესაც არალეგალური შავი ფულის გათეთრება ხდებოდეს - იყენებდნენ სანდო ადამიანებს ნაღდი ანგარიშსწორებით და შემდეგ ისინი რიცხავდნენ ბანკში”, - ამბობს ლევან ნატროშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი.

რის გამოც ნატროშვილს ეჭვი გაუჩნდა, აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებია. “კონსერვატიული პარტიის” რაიონული ოფისების ხელმძღვანელები 10-ზე მეტი რეგიონიდან ერთი და იმავე ოდენობის თანხას ურიცხავენ პარტიას ხუთი თვის განმავლობაში - თებერვლიდან ივნისამდე.

თანაპარტიელებისგან განსხვავებით შედარებით მოკრძალებულ თანხას რიცხავს წალენჯიხის ოფისის ხელმძღვანელი.

“რა საშუალებაც მაქვს, იმას ვწირავ, რა შუაშია ერთი და იგივე დრო. როცა მექნება ფული, შევწირავ… რა გამოკითხვას მიტარებთ. რა თქვენი საქმეა, როცა მინდა, მაშინ შევწირავ. კარგად ბრძანდებოდეთ”, - უპასუხა მან რადიო თავისუფლების კითხვას, როგორ მოხდა, რომ 5 თვის განმავლობაში ის ზუსტად ერთსა და იმავე თანხას - 400-400 ლარს სწირავდა პარტიას.

ხუთი თვის განმავლობაში სწირავდნენ თანხას პარტიას სხვა რეგიონული ოფისების წარმომადგენლებიც. მათ შორის, რუსთავიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, ახალქალაქიდან, ყვარლიდან და ა.შ.

რადიო თავისუფლებამ “კონსერვატიული მოძრაობის” კიდევ ერთ შემომწირველთან, პარტიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელთან, გია გულუასთან შეძლო დაკავშირება.

“რადიო თავისუფლებას ჩემგან კომენტარი არ ეკუთვნის, დღეს თუ გუშინ იმნაირი მკრეხელობა დაწერეთ ჯვარზე [სავარაუდოდ, იგი გულისხმობდა სტატიას „ჯვარი პირადი დაცვით“ - რ.თ.], არ ვაპირებ კომენტარი მოგცეთ. კითხვებს ვერ დამისვამთ, არ გაქვთ უფლება, მართლმადიდებლებს კითხვები დაუსვათ. კარგად ბრძანდებოდეთ და იცოდეთ, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ”, - თქვა მან.

მასალა არქივიდან “კონსერვატიულ მოძრაობას” 41 შემომწირველი ჰყავს - ვინ სწირავს პრორუსულ პარტიას ფულს?

ის, რომ პარტიას რაიონული ოფისების წარმომადგენლები ურიცხავენ თანხას, ვერ ჩაითვლება გამონაკლისად. პარტიის შემოსავლის ძირითადი გზა და წყარო სწორედ ესაა. მათი დიდი უმრავლესობა, ვინც “კონსერვატიული მოძრაობის” შემომწირველია და რადიო თავისუფლებამ იდენტიფიცირება შეძლო, ამ პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია. მათ შორის რამდენიმე - რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ოჯახის წევრი.

პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიას ვკითხეთ, როგორ ხდება, რომ პარტია ყოველი თვის ერთსა და იმავე პერიოდში ერთი და იმავე ადამიანებისგან იღებს ზუსტად ერთსა და იმავე თანხას.

“საერთოდ არ ვიცნობ მაგ ხალხს პირადად. [ჩვენი ოფისის ხელმძღვანელები არიან], მაგრამ მასეთი ურთიერთობა არ მაქვს, რომ ვურეკო და მითითებები მივცე. რა თარიღშიც და როგორც აქვთ საშუალება, ეტყობა, ასე აკეთებენ”, - ამბობს იგი.

კითხვაზე, გაუჩნდებოდა თუ არა მას ეჭვი “კონსერვატიული პარტიის” შემოსავლების ნახვის შემდეგ, ამ პარტიის ლიდერი რომ არ ყოფილიყო, მორგოშია უპასუხებს:

“შეიძლება კითხვა გაეჩინა… მესმის, რასაც ბრძანებთ, ლოგიკაში გამოგყევით, არავინ მითითებას არ აძლევს [რაიონული ოფისის წარმომადგენლებს] და ამ თანხებს რიცხავენ, რა გითხრათ? არ მაქვს პასუხი. მე პრობლემას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ კანონდარღვევა არ არის…

“გამჭვირვალობას” კითხვები ჰქონდა, ხან პუტინი გვაფინანსებს, ხან რუსეთიდან ვფინანსდებით, ხან სუს-ი, ხან ბიძინა და ხან ვინ. ეჭვი შეიძლება ყველას ყველაფერზე ჰქონდეს, მაგრამ როცა იძახი, დასაბუთებული უნდა გქონდეს - “ეს სქემა ამიტომ არის ასე”.

პარტიის ყველაზე დიდ შემომწირველებს შორის მინიმუმ ნახევარი ამავე პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელები არიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სწავლობენ ყველა პარტიის შემოწირულებების საკითხს, მათ შორის “კონსერვატიული მოძრაობის” შემთხვევაში დამატებით დასძენენ, რომ “აქტიური დაკვირვების ქვეშაა”.

“გაანალიზებული რისკების საფუძველზე კონსერვატიული მოძრაობის შემთხვევაში ყველა ტრანზაქციისა და შემოწირულების/შემომწირველის შესწავლა ხდება. სამსახურის მანდატიდან გამომდინარე, ზუსტდება, გააჩნდა თუ არა პირს დაფიქსირებული შემოწირულების განხორციელების ფინანსური რესურსი”, - ამბობენ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაშინ, როცა ფულის წარმომავლობაზე ჩნდება კითხვები და ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება საკითხი, საქმის გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაიწყოს, რადგან აუდიტის სამსახურს გამოძიებისთვის საჭირო ინსტრუმენტები არ გააჩნია.

მასალა არქივიდან ხელისუფლების იმედით და მის ჩრდილში: „ალტ-ინფოს“ ჯგუფი პროტესტს მუქარით პასუხობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებამ იკითხა, იძიებს თუ არა პრორუსული პარტიის შემოსავლებს, თუმცა კითხვა უპასუხოდ დარჩა.