უკრაინაში ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რამაც ევროპული ქვეყნები იქ სამშვიდობო ძალის განთავსებაზე ახალი სიმწვავით აალაპარაკა.
როდესაც ერთი წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპული ძალის შექმნის იდეა პირველად წამოაყენა, მას დიდი ენთუზიაზმით არავინ შეხვდა და არც ექსპერტების უმრავლესობამ აღიქვეს ეს იდეა სერიოზულად.
დღეს, ეს დამოკიდებულება შეიცვალა.
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის განცხადებამ, რომ უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებების „მაგიდასთან” ევროპა წარმოდგენილი არ იქნებოდა, კონტინენტის ლიდერებს პროცესებზე გავლენის აღსადგენად მოქმედებისკენ უბიძგა. 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გამართულმა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებმა ეს მუხტი კიდევ უფრო გააძლიერა.
ასევე ნახეთ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში: რა შევიტყვეთყველაზე ცხადად ეს სულისკვეთება ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა გამოხატა, როდესაც განაცხადა, რომ ევროპელები უნდა შეთანხმებულიყვნენ, რა წვლილის შეტანა შეეძლოთ ამ საქმეში - „მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილს ამ გზით მოვიპოვებთო“.
თუმცა, მოლაპარაკებათა მაგიდაზე ადგილი ევროპის ლიდერების ერთადერთი მოტივი არ არის, როდესაც ერთიანი ევროპული სამხედრო ძალის შექმნაზე საუბარს აახლებენ.
„ევროპელებისთვის ეს რთული ამოცანა იქნება, მაგრამ თუ ნატოსადმი რუსეთის საფრთხის უკრაინაში შეკავება გვინდა, ამის თავიდან არიდება შეუძლებელი იქნება”, ამბობს ჯეიმი შეი, რომელიც 2018 წელს პენსიაზე გასვლამდე ნატოში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მსახურობდა.
როგორც შეი ამბობს, ამ მისიას, სავარაუდოდ, დაახლოებით 50,000 ევროპელი ჯარისკაცი დასჭირდება, მისი „უწყვეტი როტაციით” უზრუნველსაყოფად კი, ეს, საერთო ჯამში, 150,000 სამხედრო პირს ნიშნავს.
17 თებერვალს პარიზში გამართულ მოლაპარაკებებმა ამ საკითხზე მკაფიო გარღვევა ვერ მოიტანა, თუმცა, სერიოზული განხილვები დაწყებულია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრამდე, ამ პროექტში ფსონად საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალს ჩამოვიდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 17 თებერვალს პარიზში ხვდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს.
თუმცა, სტარმერმა ასეთი მისიისთვის ვაშინგტონის მონაწილეობის საჭიროებაც აღიარა, როდესაც აშშ-ის „დამზღვევი მხარდაჭერა” ახსენა, როგორიცაა, მაგალითად, მისი საჰაერო ძალები. ეს, შესაძლოა, პრობლემად იქცეს, ამბობს შეი, რომელიც 1990-იან წლებში, ბალკანეთის ომების დროს ნატოს პრესსპიკერი იყო.
„ევროპელებს კარგად ახსოვთ 1990-იანი წლების დასაწყისში ბოსნიის ფიასკო, როდესაც ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ, ხოლო ამერიკელები, რომლებიც ცაში უსაფრთხოდ იყვნენ, მათ მუდმივად აკრიტიკებდნენ“, – მიუთითებს შეი.
ჯარების გაგზავნის მზადყოფნის შესახებ სტარმერის განცხადებები მედიამ აიტაცა, თუმცა ყურადღების ცენტრში ასევე მოხვდა გაფრთხილებები, რომ ბრიტანეთის სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდულია. „იმდენად დასუსტებულია“, რომ მისიის გაძღოლას ვერ შეძლებს, - თქვა ბრიტანეთის არმიის ყოფილმა ხელმძღვანელმა რიჩარდ დანატმა.
ბრიტანეთის სამხედრო ძალები, 2001 წლიდან, ძირითადად, ანტიტერორისტული და ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციებით იყო დაკავებული. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე შემცირდა, ხოლო სექტემბერში, საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთი რუსეთის საფრთხის დასაძლევად „მზად არ არის”.
ივლისში, თავად სტარმერმა განაცხადა რომ ბრიტანეთის სამხედრო ძალები „გამოფიტული” იყო.
ასევე ნახეთ იალტის კონფერენცია და სტალინი პუტინის რუსულ პროპაგანდაშიევროპის მეორე დიდი სამხედრო ძალა საფრანგეთია.
ფრანგულ ჯარს ბრიტანულზე უფრო დიდი პირადი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მისი მთავარი რესურსები აფრიკაში მრავალწლიან საბრძოლო ოპერაციებს მოხმარდა. ფრანგი ექსპერტები ეჭვობენ რომ მან ისეთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტთან გამკლავება შეძლოს, როგორიც უკრაინაში მიმდინარეობს.
„ჩვენ მხოლოდ ექვსი შორ მანძილზე რაკეტის გამშვები სისტემა დაგვრჩა, დრონებთან ბრძოლის რეალური შესაძლებლობა არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა ნოემბერში საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარმა, ლეო პერია-პენიემ.
შვედეთმა და ნიდერლანდმა მიანიშნეს, რომ შესაძლოა, გარკვეული პირობების შემთხვევაში, ჯარების გასაგზავნად მზად იყვნენ. თუმცა პოლონეთმა, რომელსაც დიდი არმია ჰყავს, განაცხადა, რომ ამას არ აპირებს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელმაც პარიზის მოლაპარაკებები მათ დასრულებამდე დატოვა, „ნაჩქარევი“ დისკუსიებით „უკმაყოფილება” გამოხატა.
გერმანიაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები შოლცს 23 თებერვლის ფედერალურ არჩევნებში წაგებას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, იგი თანამდებობაზე კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება, სანამ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები გაიმართება. ცხადია, ის მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეიძლება, უფრო მოტივირებული აღმოჩნდეს უკრაინაში გერმანული ჯარის გაგზავნის იდეის მხარდასაჭერად.
უკრაინელი ჯარისკაცები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში გერმანული წარმოების Leopard 1A5 ტანკში. 9 თებერვალი, 2025.
გერმანიის მთავარი ოპოზიციური ძალის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” პარლამენტის წევრი, იურგენ ჰარდტი გაეროს დროშის ქვეშ გერმანული დანაყოფების უკრაინაში განთავსების შესაძლებლობას უშვებს.
ჰარდტის პარტია, დიდი ალბათობით, გერმანიის მომავალ მთავრობას უხელმძღვანელებს.
„თუ გაეროს რეზოლუციით გამაგრებული სამშვიდობო შეთანხმება შედგება, არ გამოვრიცხავ გერმანიის სამხედრო მონაწილეობას საერთაშორისო ძალაში, რომელსაც მშვიდობაზე ზედამხედველობა და მისი უზრუნველყოფა დაეკისრება“, - განაცხადა მან.
თუმცა, ამას მთავარ საკითხამდე მივყავართ: რამდენად რეალისტურია ასეთი მისია?
ნიკუ პოპესკუ, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წარმომადგენელი, კიდევ ერთ სირთულეს ხედავს.
„ტრადიციული სამშვიდობო მისიების პრობლემა ის არის, რომ ისინი გაეროს გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია, მათ ვეტო დაადოს ან ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ასეთი მისია“, - უთხრა გასულ თვეს რადიო თავისუფლებას პოპესკუმ, რომელიც 2021-2024 წლებში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
ასევე ნახეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ ზელენსკი და ევროპელები „ახალ მიწაზე“ აღმოჩნდნენრუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლებით აღჭურვილი მუდმივი წევრია.
როგორც პოპესკუმ მაშინ აღნიშნა, განხილვის მთავარი საგანი არა სამშვიდობო მისია, არამედ შემდგომი სამხედრო ინტერვენციების თავიდან აცილება იყო. ჯეიმი შეი იზიარებს ამ დაკვირვებას და კიდევ ორ საკითხს აყენებს.
„უნდა გამოვიყენოთ ნატოს ძალები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც ამჟამად ნატოს საზღვრებს იცავენ? პოლონეთი ამის წინააღმდეგია. ასევე: მთავარი ძალისხმევა უკრაინის ჯარის აღდგენაზე, როგორც მთავარ შემაკავებელ ძალაზე უნდა მივმართოთ, და ჩვენი ფული ამაზე უნდა ვხარჯოთ თუ - ევროპის უსაფრთხოების ძალებზე, რასაც დანია უჭერს მხარს?“
ამ საკითხების გადაწყვეტაზე პოლიტიკური ფაქტორების გავლენა დიდია. დასავლეთ ევროპაში ჩატარებული გამოკითხვები უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეის მიმართ სტაბილურად დაბალ მხარდაჭერაზე მიუთითებენ.
უკრაინაში ასეთი, თუნდაც არასაბრძოლო მისიით, კონტინგენტის გაგზავნა დიდ რისკებს უკავშირდება. ამას დასჭირდება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის წესების განსაზღვრა, მათ შორის - როგორ იმოქმედონ, თუ მათზე რუსული ძალები ცეცხლს გახსნიან; მსხვერპლს, შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.
„ამის გამართლება რთული იქნება“, - ამბობს შვედეთის თავდაცვის კვლევის სააგენტოს წარმომადგენელი, ნიკლას გრანჰოლმი.
„დასავლეთთან შედარებით, აღმოსავლეთით სახეზეა ის, რასაც მე შფოთვის ღერძს ვუწოდებდი. აღმოსავლეთევროპელებში ეს შფოთვა აშკარაა, თუმცა, რაც უფრო დასავლეთისკენ მიდიხარ, ეს განცდა მით უფრო სუსტდება”.
ასევე ნახეთ „რუსეთი ჩვენი მტერი არაა“ - ვინ არიან „ოცნების“ მხარდამჭერები ევროპარლამენტში