90 დეპუტატი, ერთი პარტია, ერთი ფრაქცია - პარლამენტი 2020-202?

არჩევნების მეორე ტურში უკონკურენტოდ აღებული 17 მანდატის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ 90 სადეპუტატო მანდატი მოაგროვა და ჯამში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, ამ ეტაპზე ვითარება ასეთია: 150-წევრიან პარლამენტში სულ 90 დეპუტატი იქნება. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ ერთი ფრაქციაზე მეტს ვერ შექმნის.

  • რისი უფლება ექნება ან არ ექნება „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტს? რას შეძლებს ის და რას ვერ შეძლებს?

„ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ: პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს, ცნოს დეპუტატების უფლებამოსილება, გაანაწილოს საპარლამენტო თანამდებობები და კანონებიც დაამტკიცოს - „ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (ანუ 76 დეპუტატი მაინც)“.

ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" 2020 წლის პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება

მაგრამ იმის გამო, რომ პარტია პარლამენტში 2/3-თაც (ანუ 100 დეპუტატით) არ იქნება წარმოდგენილი, საპარლამენტო მუშაობა შესაძლოა შეფერხდეს რამდენიმე მიმართულებებით.

მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და პარლამენტის რეგლამენტში სექტემბერში შეტანილი ცვლილებების თანახმად:

  • კონსტიტუციური კანონის მიღებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ის (ანუ 113 დეპუტატის) მხარდაჭერა;
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის მიღებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (ანუ 100 დეპუტატის) მხარდაჭერა;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის დამტკიცებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (ანუ 100 დეპუტატის) მხარდაჭერა;
  • საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადასაყენებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).

პრობლემური იქნება ასევე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც, რადგან - ახალი რეგლამენტის თანახმად - „ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები“. ამავე მიზეზით პრობლემური იქნება სხვა დროებითი კომისიების დაკომპლექტებაც.

ერთადერთი პარტია და ერთადერთი ფრაქცია - ასეთი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტის რეალობა, თუკი ოპოზიცია ერთსულოვნებას შეინარჩუნებს და პარლამენტში არ შევა.

ასევე ნახეთ მეორე ტური მხოლოდ "ოცნებისთვის" და ახალი არჩევნების იმედი

განახლებული რეგლამენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ პარლამენტში ერთ ფრაქციაზე მეტს ვერ შექმნის, რადგან „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“. ეს შეეხება პარტიის მიერ მხარდაჭერილ მაჟორიტარ დეპუტატებსაც.

როგორც რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი კახიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მომავალ პარლამენტში „აღარ იქნება უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა და არც რამდენიმე ფრაქციის შექმნა იქნება შესაძლებელი. ამის ნაცვლად შემოღებულია ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობები გაზრდილი უფლებებით“.

  • თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა, თითოეულ პარტიას შესაძლებლობა ექნებოდა, რომ მინიმუმ 7 წევრის გაერთიანების გზით დამოუკიდებლად შეექმნა საკუთარი ფრაქცია.
  • ასეთ შემთხვევაში პარტიას არჩევნებში 5% მაინც უნდა ჰქონოდა აღებული.
  • პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არ იყო, თუმცა როგორც გიორგი კახიანი გვეუბნება, საბოლოო გადაწყვეტილებით - მანდატების მცირე რაოდენობის მქონე პარტიებს კანონი ნებას რთავს, ფრაქცია ძალების გაერთიანებით შექმნან.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის ვარაუდით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება

თუმცა რადგან ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ხოლო პარლამენტშიც მხოლოდ ერთი დიდი ფრაქცია იქნება წარმოდგენილი, მაგალითად, "პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით" ვეღარ მოხდება ოპოზიციისთვის ადგილების გადანაწილება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში და ეუთოს, ნატოსა თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებში მხოლოდ ამ ერთი ფრაქციის წარმომადგენლები ივლიან.

ასევე ნახეთ „დემოკრატიის ინდექსი“: პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვერ ხედავენ მომავალი პარლამენტის პარალიზებისა და შეფერხების საფრთხეს, ოპოზიციის იქ არშესვლის შემთხვევაშიც. თუმცა, მაგალითად, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, სიის მესამე ნომერი - ირაკლი კობახიძე ხშირად გამოხატავს რწმენას, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა და საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდება, მაშინ, კობახიძის აზრით, ოპოზიციის ძალით დატოვებაც შეიძლება.

„ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი შანტაჟის წინააღმდეგ... პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ განახორციელებს. თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა, ანუ ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას.

ამის შემდეგ, თითოეულ დეპუტატს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია - დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს... პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ასეთი მიდგომა სასაცილოა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. მათთვის ცხადია, რომ ძალადობრივ დეპუტატობას საერთო არაფერი აქვს საქართველოს კონსტიტუციასთან თუ კანონებთან.

პარლამენტის რეგლამენტში.კი წერია, რომ:

„პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი“.

ასევე ნახეთ რა შეიძლება მოხდეს "ოცნების" უკონკურენტო მეორე ტურის შემდეგ

ოპოზიცია ახლა მხოლოდ საერთაშორისო ფასილიტატორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია. სწორედ ამ რაუნდზე მოელიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლების კომპრომისულ წინადადებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთპარტიულმა პარლამენტმა დიდხანს გაძლოს ამჟამინდელ რეალობაში“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. ის ფიქრობს, რომ პარლამენტის მუშაობაში დეპუტატების რიცხვის სიმცირე არცთუ უმნიშვნელო შეფერხებებს წარმოშობს და გარდა ამისა ჩნდება აბსურდული რეალობა:

„რეგლამენტით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს მხოლოდ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან... ე.ი. მნიშვნელოვანია დეპუტატების 2/3-ის (ანუ 100 დეპუტატი) ყოფნა პარლამენტში... და შემდეგ, ოპოზიციის გარეშე დარჩენილ „ქართულ ოცნებას“, ეს 2/3 რომ აღარ ექნება და მხოლოდ 90 დეპუტატი ეყოლება, აქვს კი ისეთ პარლამენტს კანონების მიღების უფლებამოსილება?!“

ვახტანგ ხმალაძის თქმით, ერთპარტიული პარლამენტი, ანუ „ერთი რეჟისორის თეატრი“ საქართველოს ტვირთი გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური თუ ეპიდემიოლოგიური პრობლემების ფონზე, ყოველთვის იქნება პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნის ალბათობა - „პრობლემების ფონზე, ოპოზიციური პარტიები ასე მშვიდად ხომ ვერ გაჩერდებიან პარლამენტის გარეთ“.