რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 6 დეპუტატი ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებული ვნებათაღელვის შემდეგ, პარლამენტში აღარ გამოჩენილა და ისინი აღარც კოლეგებს უნახავთ. თუკი მანდატებს ყველა მათგანი დატოვებს, 5-ის ადგილი პარტიული სიიდან სწრაფად შეივსება; ხოლო შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო გახდება მხოლოდ დავით სერგეენკოს მანდატის მოსაპოვებლად საბურთალოს ოლქში, სადაც ის მაჟორიტარი დეპუტატია.
დეპუტატებმა, მანდატების ნაცვლად, მხოლოდ უმრავლესობა რომ დატოვონ, "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე მაინც არ ემუქრება.
რადიო თავისუფლებასთან საკუთარ გამოცდილებას იხსენებენ მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც სხვადასხვა დროს დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა და შეინარჩუნეს მანდატები.
დაადასტურეს, არ უარყვეს
7 მარტს, როცა „უცხოელი გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს, საბოლოო შედეგში არ აისახა „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატის ხმა. თუმცა, მალევე, ორმა მათგანმა - ქეთი დუმბაძემ და ირაკლი მეძმარიაშვილმა - განმარტეს, რომ მათი ხმები საერთო გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აისახა.
დარჩა კიდევ 6 დეპუტატი, რომლებმაც კენჭისყრის დროს მიღებული გადაწყვეტილება მინიმუმ დუმილით დაადასტურეს. ამ ჯგუფში მაღალი საპარლამენტო თანამდებობის პირები ჭარბობენ:
- დავით სერგეენკო - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;
- ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- გიორგი ხელაშვილი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ნინო იობაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ელგუჯა გოცირიძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
მანდატის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა ირაკლი კოვზანაძემ და რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის ამ მხრივ, ჯერჯერობით - პირველი და ერთადერთია. პარლამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კოვზანაძემ განცხადება წინა კვირაში დაწერა და საკუთარი გადაწყვეტილებით, „ის საერთოდ მიდის პოლიტიკიდან“. გვითხრეს ასევე, რომ კოვზანაძე არ არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი.
პარლამენტის დატოვების „პირადი და დაჟინებული თხოვნა“ აქვს დეპუტატ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, მაგრამ, როგორც ირკვევა, პარტიის წევრობაზე უარის თქმას არ გეგმავს. „საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად“, - უთხრა დეპუტატმა ტელეკომპანია „ფორმულას“ და იქვე დაამატა, რომ მუშაობა უფრო „საჯარო სამსახურში, ან ნებისმიერ სამსახურში“ წარმოუდგენია. ჩაჩიბაიამ დაადასტურა, რომ „აგენტების“ კანონისთვის არ დაუჭერია მხარი.
დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „პირველს“ დაუდასტურა, რომ კანონს მხარი არც მან დაუჭირა, რადგან „ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს“, მაგრამ არ უპასუხა შეკითხვას - ტოვებს თუ არა მანდატს, ან მხოლოდ უმრავლესობას. ის ამბობს, რომ პარტიის „შეჯერებულ პოზიციას“ ელოდება. „პოლიტიკოსობა არაა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, ექიმად ვიმუშაო“, - ესეც მისი სიტყვებია.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი უკვე დარწმუნებულია, რომ „დავით სერგეენკო პარტიას არ დატოვებს“.
ასევე ნახეთ სია - ვინ დაუჭირა მხარი „აგენტების" პროექტს და ვინ შეიკავა თავი „ქართული ოცნებიდან"
ჯერჯერობით უცნობია სხვა დეპუტატების პოზიცია 6-წევრიანი ჯგუფიდან; თუმცა როგორც მათმა კოლეგამ, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა 20 მარტს უთხრა ჟურნალისტებს, საპარლამენტო უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება, „რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, სიის შემდგომი წევრი შემოდის“, ხოლო „თუ სერგეენკოც გავა, საბურთალოზე შუალედური არჩევნების ჩატარება მოგვიწევს“.
"მქონდა ბევრი შემოთავაზება"
„ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია რადიო თავისუფლებასთან იხსენებს 2018 წელს, როდესაც მე-9 მოწვევის პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-წევრიანი სადავო სიის წინააღმდეგ წარმართულ პროცესში, მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შემდეგ, უკვე 2019 წლის დასაწყისში, უმრავლესობის რიგებს, ბესელიას გარდა, კიდევ 8 დეპუტატი გამოაკლდა. ბესელია ამბობს, რომ პარტიიდან მაშინ ბევრი შემოთავაზება იყო:
„მქონდა ბევრი შემოთავაზება: თუ ამ სიას გავიტანდი [დასამტკიცებლად] და შემდეგ წავიდოდი [იურიდიული კომიტეტიდან] უხმაუროდ... ყოველგვარი საჯარო განცხადებების გარეშე, უხმაუროდ! - ეს იყო მთავარი... შემეძლო მესარგებლა ბევრი შემოთავაზებით... იყო თანამდებობრივიც [შემოთავაზებები], ფინანსურიც და შემეძლო ასევე მეთქვა - მე რას ვისურვებდი... ჩემ შემთხვევაში, მთხოვდნენ, რომ არ დამეტოვებინა პარტია და უმრავლესობა; მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სხვებს, მანდატების სანაცვლოდ, სთავაზობდნენ სხვადასხვა ალტერნატივას, თუ უხმაუროდ წავიდოდნენ, მათ შორის - ფინანსურ შემოსავალსაც“, - გვეუბნება ბესელია, რომელმაც მაშინ არ დათმო და სწორედ ამ პრინციპულ პოზიციას უკავშირებს მის წინააღმდეგ „ფარული ჩანაწერების“ გამოქვეყნებასაც.
ეკა ბესელია დაახლოებით ვარაუდობს, რა შეიძლება ხდებოდეს ახლა და გვეუბნება, რომ არ იქნება მართებული, თუკი ახლა ეს 6 დეპუტატი მანდატებს დატოვებს, რადგან „ჯანსაღი პროცესის ხელშეწყობა“ მათ მხოლოდ პარლამენტში დარჩენით, მაგრამ უმრავლესობის დატოვებით შეუძლიათ.
- ეკა ბესელიასთან მწვავე დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტი დატოვა ერთ დროს მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ზარდიაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიაში - „ენერგოტრანსში” დაიწყო მუშაობა და კომპანიის დირექტორის მოადგილის პოსტიც დაიკავა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც უმრავლესობა 2019 წლის ნოემბერში, ასევე დეპუტატების ჯგუფთან ერთად დატოვა, მაგრამ მანდატი არ დაუთმია. მაშინ საკითხი უკვე ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხისთვის დაპირებული პროპორციული არჩევნების კენჭისყრაზე ჩავარდნას შეეხებოდა.
დიმიტრი ცქიტიშვილი იხსენებს, რომ პირადად მასთან შეთავაზება არავის ჰქონია და მანდატის დატოვება საჭიროდ არ ჩაუთვლია, რადგან მიაჩნდა, რომ „პარტიასაც რაღაც შეჰმატა და არ ყოფილა ეს ნაბოძები მანდატი“.
„შეხვედრა იყო მერე, გვითხრეს - იქნებ დაბრუნდეთო... მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს საკითხი, ასე ვთქვათ, არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას; თუმცა შეიძლება ყველას შემთხვევაში ასე არ იყო... ზედმეტი მაშინ არც ზეწოლა ყოფილა და არც თხოვნა... ვიღაცეები ფეისბუკზე კი გვწერდნენ, მაგრამ ეს ტროლებიც არ იყვნენ მაშინ ასე მასშტაბურად“, - გვეუბნება ცქიტიშვილი, რომელმაც ხელი მოაწერა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ „ოცნების“ ყოფილ წარმომადგენელთა ერთობლივ ღია წერილს.
- 2019 წლის 14 ნოემბერს, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო დეპუტატმა სოფო ქაცარავამ, თუმცა მოგვიანებით მან მანდატიც დატოვა. 2020 წლის აპრილში, სოფო ქაცარავა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
როდესაც პროპორციული არჩევნების საკითხი ჩავარდა, მეთვალყურეები მოელოდნენ, რომ უმრავლესობას სხვებთან ერთად, კახა კუჭავაც დატოვებდა, მაგრამ მე-9 მოწვევის პარლამენტში ეს არ მოხდა.
უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტში, 2021 წლის დეკემბერში, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, პარლამენტიც დატოვა. „შორს არსად მივდივარ. მე ვრჩები პოლიტსაბჭოში, ჩვენს გუნდთან ერთად“, - თქვა მან, როცა ბევრისთვის მოულოდნელად გადადგა.
„ქართული ოცნების“ ოფიციალურ ვებსაიტზე, კუჭავა კვლავ პოლიტსაბჭოს წევრად და საერთაშორისო მდივნად არის მოხსენიებული. „ოცნებამ“ კუჭავას წასვლა მაშინ „ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე“ და „გარკვეულ კონცეფციაზე“ მუშაობას დაუკავშირა, რომლის შედეგებიც, თითქოს, 2022 წელს უნდა გამოჩენილიყო; მაგრამ მას შემდეგ, აღარც თავად კუჭავა გამოჩენილა. უშედეგო იყო მასთან დაკავშირების მცდელობებიც.
კახა კუჭავა პარტიული სიით იყო გასული და მისი ადგილი პარლამენტში უპრობლემოდ შეავსო ადგილმონაცვლემ - გიორგი ცაგარეიშვილმა.
„ოცნების“ რიგების შეთხელება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია პარლამენტში 90 მანდატით შევიდა (60 - პარტიული სიით, 30 - მაჟორიტარი); ამჟამად კი, 74 დეპუტატს ითვლის. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, გარდაცვლილ ირაკლი ხახუბიას შემცვლელი შუალედური არჩევნების გზით უნდა გამოვლინდეს.
„ქართული ოცნების“ რიგებს თავდაპირველად 6 დეპუტატი გამოეთიშა - როდესაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პოსტიდან გადამდგარმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა (2021 წლის აპრილი). მათგან ერთმა - გორისა და კასპის მაჟორიტარმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა - თებერვალში დატოვა მანდატი. ეს ვაკანსია შუალედური არჩევნების გზით უნდა შეივსოს.
შემდეგ, ეტაპობრივად, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 9 დეპუტატი გამოეყო. ისინი მოძრაობა „ხალხის ძალაში“ დაჯგუფდნენ; მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას დღემდე სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქმნიან. განცხადებებითა და მესიჯებით სულ უფრო აქტიურად დასტურდება „ოცნებისა“ და მისი დანაყოფის მტკიცე თანამოაზრეობაც. ეს ერთობა განსაკუთრებით „აგენტების“ კანონის ინიცირების, განხილვისა და ერთობლივი მხარდაჭერის დროს გამოვლინდა.