Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია, არანაირი შეზღუდვა არ იქნება - კალაძე


თბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ "თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია, ეს მათი უფლებაა".

მისი თქმით, უმრავლესობის შესაძლო დაშლაზე გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

"უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა. არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება", - განაცხადა თბილისის მერმა.

სხვადასხვა მედიასაშუალება მმართველი პარტიის წევრებთან სვამს კითხვებს, პარტიიდან რიგი დეპუტატების გასვლის შესახებ. მათ შორის - იმ დეპუტატებზე, რომლებმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

7 მარტის კენჭისყრაზე „ქართული ოცნების" რიგებიდან სხდომას ესწრებოდა ოთხი ისეთი დეპუტატი, რომლებმაც კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. ესენი არიან: ირაკლი მეძმარიაშვილი, დავით სერგეენკო, ქეთევან დუმბაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია.

მოგვიანებით ირაკლი მეძმარიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განმარტა, რომ კანონპროექტს მხარი ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დაუჭირა. ამ თემაზე ასევე კომენტარი გააკეთა ქეთევან დუმბაძემ. კენჭისყრის შედეგებში თავისი ხმის არასახვა მანაც ტექნიკური ხარვეზით ახსნა. დუმბაძე ამბობს, რომ მხარი დაუჭირა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

10 მარტს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.

XS
SM
MD
LG