Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, „აგენტების" პროექტს „ოცნების" რამდენიმე წევრმა „ფაშისტური კამპანიის" გამო არ დაუჭირა მხარი 


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატების შესახებ ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. ამასთან, მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ ცნობას, რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი პარტიის შესაძლო დატოვებას.

„თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ეს გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამაზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა, მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი - ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ. ბევრი დეპუტატი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში გუნდურობიდან გამომდინარე მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, იმდენად მძიმე იყო წნეხი.

საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხს რამენაირად ყველა გავუძლებთ, მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან შვილს, არ არის ადვილი ასეთი წნეხის გაძლება. წარმოიდგინეთ, არის 8 წლის ბავშვი, სკოლის მოსწავლე და მისი პედაგოგი წერს ფეისბუკზე იმის შესახებ, რომ ამ ბავშვის მშობელი არის მოღალატე. წარმოიდგინეთ ფაშიზმის ხარისხი. ასეთი რამ გერმანიაში არ უკადრიათ ნაცისტებს გასული საუკუნის 40-იან წლებში. ფაშიზმის ხარისხი იყო უმაღლესი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი“, - განაცხადა კობახიძემ.

7 მარტს პირველი მოსმენის ფარგლებში გამართული კენჭისყრის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის ხუთმა წევრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ესენი არიან: დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი კოვზანაძე და გიორგი ხელაშვილი. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 78 ხმით მიიღო.

10 მარტს პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

XS
SM
MD
LG