„ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი რამდენიმე წუთის დაბრუნებულია იუსტიციის სამინისტროდან - განცხადება მიიტანა, ატყობინებს, რომ რეორგანიზაციას იწყებს. მიზეზი „აგენტების კანონია“, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდა.
მარიკა მღებრიშვილი გორში, რუსთაველის ქუჩაზე, კერძო სახლში მოწყობილი ოფისის კარს აღებს. ოთახის კედლები სხვადასხვა პროექტის ფოტოებითა და პოსტერებითაა აჭრელებული. სხვა ოთახებში ბავშვები თამაშობენ და თან სწავლობენ. ისინი „ბილიკის“ დღის ცენტრის ბენეფიციარები არიან.
„ეს ოფისი ჩვენი საკუთრებაა, პარტნიორებმა გვიყიდეს აშშ-დან და ბრიტანეთიდან“, - ამბობს მარიკა მღებრიშვილი და შიშობს, რომ "აგენტების კანონის" პირველი სამიზნე, რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, სწორედ ეს შენობა იქნება.
„ბილიკის“ რეორგანიზაცია
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ყველამ იცის. ამ გუნდს ბევრი აქვს გაკეთებული შიდა ქართლში მცხოვრები ბავშვებისთვის - მართავს დღის ცენტრს, მცირე საოჯახო სახლებს, დედათა და ბავშვთა თავშესაფარს, ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე. უკვე 14 წელია, რეგიონში კოორდინირებას უწევს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას და 100-ზე მეტ სკოლასთან თანამშრომლობს.
ორგანიზაცია 1997 წელს მოხალისეებმა დააფუძნეს. მაშინ უნდოდათ, რომ ქუჩაში მცხოვრებ 15 ბავშვს დახმარებოდნენ. დღეს ორგანიზაცია 2 000-მდე ბენეფიციარს ემსახურება, მათი უმრავლესობა ისევ ბავშვები და მოზარდები არიან.
„არცერთი პროექტი არასდროს არავის ინტერესს არ ემსახურებოდა, მით უმეტეს უცხოურს, გარდა საქართველოსი. ვერანაირად ვერ ჩავთვლით, რომ ჩვენ უცხოური ზეგავლენის გამტარებლები ვართ. ჩვენთვის ეს შეფასება ყველაზე მტკივნეულია”, - ამბობს მარიკა მღებრიშვილი და ხაზს უსვამს, რომ მთელი 27 წლის მანძილზე დონორებთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც თანამშრომლობდა.
„ბილიკის“ შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის, რის გამოც სახელმწიფო მას უცხოური ინტერესების გამტარებლად თვლის. პროგრამების ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, მაგალითად - დღის ცენტრს. ცენტრში 6-დან 18 წლამდე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების განათლებაზე, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერაზე ზრუნავენ.
მას შემდეგ, რაც აგენტების რეესტრი შეიქმნა, ორგანიზაციის დირექტორმა გადარჩენაზე ფიქრი დაიწყო - მარიკა მღებრიშვილმა სახელმწიფოს დაფინანსებული სერვისები ცალკე გამოყო და ახალ ორგანიზაციას აფუძნებს. "საზოგადოება ბილიკში“ კი უცხოურ პროექტებს იტოვებს.
„ჩვენ დარეგისტრირება არ გვინდა, მაგრამ ზუსტი პასუხი მოგვიანებით გვეცოდინება, ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ… ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, ადამიანებს არ სურთ ასეთი სტატუსის მქონე ორგანიზაციაში მუშაობა“, - ამბობს მარიკა მღებრიშვილი და მზადაა, რომ დარეგისტრირებაზე უარის შემდეგ გამოწერილი 25 000-ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს.
„არ ვიცი რატომ გააკეთეს ასე, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის ძალიან რთულია ასეთი თანხების მობილიზება. ესეც არის ერთ-ერთი სიგნალი იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი დიდი დარტყმის ქვეშაა“, - ამატებს ის.
"თაობათა დიალოგი" „ქრაუდფანდინგს“ იწყებს
ჯარიმისთვის ფულს შეგროვებას „ქრაუდფანდინგით“ (გულშემატკივრებს სთხოვენ ფულის გადარიცხვას) აპირებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“. კლუბი ცხრა წლის წინ ქუთაისში შეიქმნა და თაობათა შორის ურთიერთობების ფორმირებას, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული პროცესების განვითარებას იკვლევს.
„ჩვენ ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, პირდაპირ ვამბობთ, რომ ამ ღირსების შემლახავ რეესტრში ჩვენი ნებით რეგისტრაციას არ გავივლით და ორგანიზაციას, რომლის შენებაშიც უამრავი ენერგია ჩავდეთ, ჩვენი ნებით აგენტის სახელს არ დავარქმევთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი თევზაძემ და დაამატა, რომ აქვთ იმიჯის და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის კონკრეტული გეგმაც.
რადიო თავისუფლებას საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებსაც „აგენტების რეესტრში“ რეგისტრაცია სურთ, იუსტიციის სახლში წერილობითი განცხადება უკვე მიიტანა.
ეს ორგანიზაციები უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების სიაში ყველაზე გვიან, სავარაუდოდ, 12 სექტემბრიდან გამოჩნდებიან.
რეგისტრაცია სავალდებულოა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინმედიის დიდი ნაწილისთვის. მათ კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ დაინახავს.
„ვრეგისტრირდები”... იძულებით
„დიდი ალბათობით, დავრეგისტრირდებით“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე. მისი ორგანიზაცია იაპონიის გრანტით ამბროლაურისთვის ნაგვის მანქანის ყიდვას აპირებს.
„რეესტრში რეგისტრაცია იძულებითი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა მე ამდენწლიანი საქმიანობის გაჩერებას არ ვაპირებ. თუ ევროპიდან მიღებული გრანტები აგენტობაა, დაე, ვიყო ევროკავშირის აგენტი”, - ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მის ორგანიზაციას 25-ათასლარიანი ჯარიმის გადასახდელი ფული არ აქვს.
ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროს 45 კითხვა გაუგზავნა - ბევრი რამეა გაუგებარი ფინანსური დეკლარაციის იმ ფორმაში, რომელიც კანონის ამოქმედებისას გამოქვეყნდა. მისი შევსება ორგანიზაციებისთვის სავალდებულოა.
ორგანიზაცია ვალდებულია ახსნას, რა სახის შემოსავალი მიიღო, რამდენი და ვისგან, ხომ არ არის ეს, მაგალითად, უცხოური ფონდი, ასოციაცია, კავშირი.
დეკლარაციაში დეტალურად უნდა აღიწეროს უცხოური ფულით ნაყიდი უძრავი და მოძრავი ნივთები. განმცხადებელი ვალდებულია, დეტალურად აღნუსხოს ხელფასები, პრემიები და მივლინებების ხარჯები, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით.
აღწეროს საკანცელარიო ნივთები, ავეჯი, საოფისე ტექნიკა, კომუნალური ხარჯები, იჯარის ღირებულება, შენობა, რემონტის ხარჯი, საბანკო ვალდებულებები, სესხის პირობები და სხვა ბევრი დეტალი.
ასევე ნახეთ ბრძანება #1019 - ცნობილია, როგორ დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს „აგენტების რეესტრში"„თუ ეს კანონი ასე გაგრძელდა და ამ აქტებით იმოქმედა, ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო სექტორი საქართველოში აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ დემოკრატიაზე, სხვა რეალობას ვიღებთ და გადავდივართ ტოტალიტარულ სახელმწიფოში. ეს დაუშვებელია“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.
ნინო ჩხობაძე "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" თანათავმჯდომარეა. ის ამ პლატფორმის სახელით მონაწილეობდა „აგენტების კანონის“ საპარლამენტო განხილვებში. 5 აპრილს ამ გაერთიანებამ პარლამენტთან დადებული თანამშრომლობის მემორანდუმი შეაჩერა, რადგან „შეურაცხყოფილნი არიან მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხით - აღარ დაჰბრუნებოდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს“.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების კანონი 28 მაისს მიიღო. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერც 50-დღიანმა უწყვეტმა პროტესტმა ვერ მოახდინა, ვერც პარტნიორი ქვეყნების კრიტიკამ და ვერც პირდაპირმა მითითებამ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოსთან, წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან, მოლაპარაკებებს არ გახსნიდა, აშშ-სთან პარტნიორობა კი გადაიხედებოდა. ორთვიანი პროტესტის დროს პოლიციამ ძალის გამოყენებით აქციები რამდენჯერმე დაშალა, დააკავეს ასობით აქტივისტი, მათ ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პლატფორმის წევრი ორგანიზაციები პარლამენტთან ერთად ევროკავშირთან დაახლოებაზე მუშაობდნენ.
ნინო ჩხობაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ პლატფორმის წევრი ორგანიზაციების ნაწილი „იძულებულია“ აგენტად დარეგისტრირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს.
იძულებული ვარ „გავჩერდე“
პლატფორმის წევრია, თუმცა რეგისტრაციას არ აპირებს, არც ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ იძულებულია საქმიანობა შეაჩეროს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“. 20 წელია, ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობას.
„პროექტებს სრულად ვერ დავასრულებთ, მაგრამ ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რომ დაწყებული ბოლომდე მივიყვანოთ. ლიკვიდაციაზე არ გვიფიქრია, ღირებულია ამ ორგანიზაციის არსებობა“, - ამბობს "დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლორთქიფანიძე და არჩევნებს ელოდება იმ იმედით, რომ კანონი გაუქმდება.
ალექსანდრეს მსგავსად ყველა ორგანიზაციამ, რომლებსაც ვესაუბრეთ, გადარჩენის გეგმებზე საუბრისას ერთხელ მაინც ახსენა მომავალი საპარლამენტო არჩევნები. ასეთ საუბრებში არჩევნების დღე დასაწყისიცაა და დასასრულიც. დასაწყისი - გადარჩენის ახალი გეგმის დასასახავად. აქამდე დასახული ყველა სხვა გეგმისთვის - დასასრული.
„ბუნებრივად, არჩევნებით დადგენილი კალენდარი გვაქვს. 26 ოქტომბრამდე. ხელისუფლება ვერაფერს ბოლომდე ვერ მიიყვანს, თუ ეს გადაწყვეტილი აქვს, მაშინ კანონმდებლობაზე ფეხის დაბიჯება და ძალადობა მოუწევს”, - ამბობს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებას დაძაბულობა არ აწყობს, ამიტომ ორგანიზაციებს 26 ოქტომბრამდე „მისაღწევად“ სამართლებრივ გეგმას სთავაზობს. თინა ხიდაშელმა 400-ზე მეტ ორგანიზაციას უკვე გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია.
„არცერთი სიტყვა, რომელსაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსულტაციების დროს ვეუბნებით, არ გულისხმობს არც კანონისთვის თავის არიდებას, არც ჯარიმების გადახდისთვის თავის არიდებას, არც რაიმე სამართლებრივ დარღვევაზე წასვლას”, - ამბობს იგი.
სამართლებრივი კონსულტაციის დროს ის ეყრდნობა უკვე მიღებულ კანონსა და გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, რომლებშიც „ძალიან ბევრი რამაა რეგულირების მიღმა დარჩენილი“, თუ რა კონკრეტულად - არ ამბობს. არ უნდა ხელისუფლებას „მედიისა და არასამთავრობოების დასჯაში“ დაეხმაროს.
"სტუდია მონიტორი": მღვრიე წყალში ვართ
აგენტების რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს გამომძიებელ ჟურნალისტთა ორგანიზაცია "სტუდია მონიტორი“. მისი დირექტორი ნინო ზურიაშვილი იუსტიციის სამინისტროს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის შემოწმებას, ჯარიმასა და შემდეგ ძალით დარეგისტრირებას სექტემბერში ელის. ჯერჯერობით მხოლოდ ის იცის ზუსტად, რომ ჯარიმას გადაიხდის, ყველა სხვა სცენარი „მღვრიე წყალში ცურვას ემსგავსება“.
„22 თანამშრომელი ვართ და ხელფასებს ვიღებთ, ყველაფერი გამჭვირვალეა, ეს არ არის მოპარული ფული... თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, ეს არის ღირსების შემლახავი სია... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მღვრიე წყალში ვართ, ვერ ვხედავ რა მოხდება. არ დავრეგისტრირდები და ვიცი, რომ გველის ჯარიმა, ამ ჯარიმას გადავიხდი. აბა, მაშინ მოვარდებიან, დაგვაყადაღებენ, ვნახოთ, როგორ შეერგებათ ჩვენი ჰონორარები”, - ამბობს ნინო ზურიაშვილი.
"სტუდია მონიტორი" 2005 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. დაარსებიდან დღემდე, 300-მდე ჟურნალისტური გამოძიება მაინც ექნება ჩატარებული: „ქართული ოცნების“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებებისას სასამართლო კლანზე, მოსამართლეებისა და ხელისუფლების წევრების უკანონო სიმდიდრეზე, კორუფციულ გარიგებებზე, საეჭვო ბიზნესინტერესებზე.
„ჩვენ ვაკეთებთ კრიტიკულ ჟურნალისტიკას, ჩვენ მათ [ხელისუფლებას - რ.თ.] ვამხელთ, ვაჩვენებთ რეალურ სახეს, აღარ მოსწონთ თავისი რეალური სახე, ჩვენი გამოძიებები მათთვის სარკეში ჩახედვაა.. ხელისუფლება ცდილობს, ზურგზე მოღალატის იარლიყი დაგვაწებოს და ეს კანონის ამოქმედებამდე დაიწყო”, - ამბობს ზურიაშვილი და გვაჩვენებს პოსტერს - მის ფოტოზე მინაწერია: „ფულზე გაყიდული აგენტები“.
ასეთი პოსტერი „სტუდია მონიტორის“ ოფისის კედლებზე ჩუმად, ღამით, ჯერ კიდევ იმ დროს გააკრეს, როცა პარლამენტში "აგენტების კანონს" განიხილავდნენ, ამ პროცესს კი მოქალაქეები, მათ შორის "მონიტორის" ჟურნალისტებიც, პარლამენტთან უწყვეტად აპროტესტებდნენ. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ვასაჩივრებთ - "მედიის განვითარების ფონდი"
სამართალდამცველებმა ვერც "მედიის განვითარების ფონდის" ოფისზე თავდამსხმელების ვინაობა ვერ დაადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ სათვალთვალო კამერამ ყველაფერი გადაიღო. ორგანიზაციის კედლები დღემდე აჭრელებულია წითელი წარწერებით: „უცხოეთის აგენტი“, „მოღალატე“.
„ამოქმედება იქამდე დაიწყო, ვიდრე ფორმალიზება მოხდებოდა. მათ უკვე გამოგვაცხადეს ხალხის მტრებად და აგენტებად სტალინისტური რიტორიკის საუკეთესო წესებით“, - ამბობს "მედიის განვითარების ფონდის“ დირექტორი თამარ კინწურაშვილი. ორგანიზაცია უარს ამბობს რეესტრში რეგისტრაციაზე.
MDF-ი ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც "აგენტების კანონი" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ამას გარდა, ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ სარჩელსაც ამზადებს.
„ჩვენი მიზანია, დავიცვათ თავი არა მხოლოდ ამ კანონის მოქმედებისგან, არამედ ვედაოთ სახელმწიფოსაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დრო გავიდა ჩვენს ოფისზე ვანდალური თავდასხმისგან. მეილებსაც ვიღებდით და სექსისტური შინაარსის მუქარებსაც, არცერთი სამართალდამცავი ორგანო ჩვენ არ დაგვკავშირებია”, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
"მედიის განვითარების ფონდი" 2008 წელს ჟურნალისტებმა დააფუძნეს. იგი იკვლევს და ამოწმებს ფაქტებს, სოციალურ მედიაში რუსული პროპაგანდის ნაკვალევსაც მიჰყვება და აანალიზებს, პოულობს, ვინ დგას მცდარი, შეცდომაში შემყვანი ცნობების უკან. MDF-ის ანგარიშებით სიცხადე მოეფინა რამდენიმე მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას, გამოაშკარავდა ყალბი ახალი ამბები, გამოვლინდნენ ტროლები და ბოტები, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში.
MDF-ისა და ფაქტების გადამოწმების სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შემდეგ, ფეისბუქმა 2023 წლის 3 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 120-მდე ანგარიში, გვერდი და ჯგუფი წაშალა, რომლებიც სხვებზე ზემოქმედების მიზნით იტყუებოდნენ თავიანთი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ, საკუთარი საქმიანობის რეკლამაში კი ათიათასობით დოლარს ხარჯავდნენ.
ასევე ნახეთ როცა მთავრობა ხალხს ატყუებს - ფეისბუკით, ინსტაგრამით და ტიკტოკით„გამოვძებნით ფორმებს, რომ ჩვენი საქმიანობა დაცული იყოს არჩევნების წინ და ჩვენ შეგვეძლოს საინფორმაციო სივრცის დაცვა როგორც გარე მტრული სახელმწიფოს საინფორმაციო ოპერაციებისგან, ისე ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული ინფორმაციული მანიპულაციებისგან, რომლის მიზანი არის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმა“, - ამბობს კინწურაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ სამი სარჩელია შესული, ორგანიზაციები სხვა სარჩელებსაც ამზადებენ, თუმცა გასაჩივრება აღსრულების პროცესს არ აჩერებს.
უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია საიტი, რომელშიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლების სია და ფინანსური მონაცემები გამოქვეყნდება. ვინც ამ საიტზე შევა, ცალკე ფანჯარა დახვდება წარწერით: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ რეესტრი. ვებგვერდი ჯერ ცარიელია.
„ეს [დეკლარაციის შევსება - რ.თ.] არ არის მარტივი საქმე, იმდენად, რომ ჯერ კიდევ სწავლობენ ორგანიზაციები. ჯერჯერობით ეს არის დაწვრილებითი დოკუმენტი, რომლის მიზანიც არის, ეს ორგანიზაციები მოწყდნენ თავის საქმეს, ადამიანების დახმარებას და გადაერთონ ბიუროკრატიულ პროცესებზე“, - ამბობს "ღია საზოგადოების ფონდის" იურისტი საბა ბრაჭველი.
იურისტის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია და რომელიც ამ სამინისტროში ფინანსური დეკლარირების ახალშექმნილ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, განუზომელი უფლებამოსილება აქვს:
„პასუხისმგებელ პირს, კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, ექნება ძალიან დიდი დისკრეცია, განმარტოს კანონი ისე, როგორც უნდა. მაგალითად, გაავრცელებს თუ არა ამ კანონს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში ფილიალის სახით არიან წარმოდგენილები, როგორ დაიანგარიშებს მედიებისთვის არაკომერციული შემოსავლის ოდენობას. ეს ყველაფერი არცერთი დოკუმენტიდან არ ჩანს, გამოდის, რომ ამ ერთ ადამიანს ექნება სრული უფლება, კანონი მოარგოს პირად შეხედულებებს. ეს არის თვითნებობა და დაუშვებელია სამართლებრივ სახელმწიფოში“.
გადავა უცხოეთში, მაგრამ იქნება ქართული - „ტაბულა“
გადარჩენის სცენარებს შორის ერთ-ერთი ორგანიზაციის საქართველოდან გატანა და უცხოეთში რეგისტრაციაა. უცხოეთში რეგისტრაციის შესახებ პირველად საჯაროდ ონლაინგამოცემა „ტაბულამ“ დაწერა.
„ტაბულა არის ქართული მედია, დარჩება ქართულ მედიად და გააგრძელებს ქართული საქმის კეთებას პროფესიული ეთიკის პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით და ამისათვის გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო გახდება, მათ შორის - დომეინის ცვლილებას, მათ შორის - ევროპაში რეგისტრირებას. იურიდიულად დაცული იქნება რუსული ხელისუფლების გავლენებისგან და ბერკეტებისგან“, - უთხრა "ტაბულის" მთავარმა რედაქტორმა ლევან სუთიძემ რადიო თავისუფლებას 30 მაისს ინტერვიუში.
საზღვარგარეთ რეგისტრირების შემთხვევაში, მედიაორგანიზაცია იმ ქვეყნის კანონმდებლობას დაექვემდებარება, სადაც დარეგისტრირდება და შესაბამისად გადასახადებსაც უცხოური ქვეყნის ბიუჯეტში გადაიხდის.
თუმცა საზღვარგარეთ გადასვლა არც მარტივი პროცესია და არც - იაფი. მაგალითად, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ დამოუკიდებლად ეს ვერ შეძლო, იურისტი და ფინანსისტი დასჭირდა, მატერიალური რესურსი კი ამ ხარჯების დასაფარად ორგანიზაციაში არ იყო.
კანონის სამიზნეების ნაწილს ხელისუფლებამ აგენტის იარლიყი კანონის დამტკიცებამდე მიანიჭა, თუმცა წინააღმდეგობის ახალი ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება, როცა ბოიკოტში მყოფ ორგანიზაციებს იუსტიციის სამინისტრო ჯერ შეამოწმებს, შემდეგ კი აგენტების რეესტრში ძალით დაარეგისტრირებს.