დანიის საპენსიო სისტემა

პენსიონრები დანიაში

დანიის საპენსიო სისტემას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს სარეიტინგო კომპანია Mercer-ი. 65 წლის ასაკს მიღწეული ადამიანისათვის განკუთვნილი თანხა დანიელ პენსიონერს საშუალებას აძლევს, იცხოვროს უდარდელად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალგაზრდა ასაკში გაცილებით მცირე ანაზღაურება ჰქონდა ან, რაიმე მიზეზის გამო, საერთოდ არ მუშაობდა.

უკრაინის ყოფილმა მოქალაქემ, კოპენჰაგენის ქუჩებში შეხვედრილმა პენსიონერებმა და ექსპერტებმა რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უამბეს, თუ ვინ და რა ოდენობის პენსიას იღებს დანიაში, და რაზეა დამოკიდებული ამ თანხის მოცულობა.

„სიღარიბე პენსიონერებს შორის ძალიან უჩვეულოა“

დანიის საპენსიო სისტემა ორი ძირითად ელემენტისგან შედგება - ესაა სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია და პენსია, რომელსაც ადამიანი იღებს საპენსიო ფონდიდან. სახელმწიფო პენსია გამოითვლება ასე: თუ ადამიანს ჰქონდა მაღალი შემოსავალი და აქვს დიდი დანაზოგი, მაშინ საპენსიო თანხა იქნება დაბალი. და, პირიქით, თუ ადამიანს არ ჰქონდა დიდი ხელფასი ან საერთოდ არ უმუშავია, მაშინ სახელწმიფო მას უფრო მეტს გადაუხდის, - გვიამბობს ტორბენ ანდერსენი, ორჰუსის უნივერსიტეტის პროფესორი.

ტორბენ ანდერსენი

სახელმწიფო პენსია ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, თავიდან აირიდონ სიღარიბე. ხოლო საპენსიო ფონდის პენსია - პროპორციულია იმ შემოსავლისა, რომელიც მას შრომითი საქმიანობის დროს ჰქონდა.

ვისაც არ აქვს საპენსიო დანაზოგი, ის იღებს ე.წ. საბაზისო პენსიას. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მარტო ცხოვრობს, ეს თანხა შეადგენს 18 ათას დანიურ კრონს (დაახლოებით 2800 დოლარს). ამ თანხიდან პენსიონერი იხდის გარკვეულ გადასახადებს. თუმცა თანხა მაინც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლებულად იცხოვროს, - ამბობს პროფესორი ანდერსენი და დასძენს, რომ „დანიაში ხანდაზმულ ადამიანებში სიღარიბე საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა“. როგორც წესი, ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში ჩამოვიდნენ ასაკში მყოფნი. ასეთ კატეგორიას მხოლოდ სახელმწიფო პენსიის ნაწილის მიღების იმედი უნდა ჰქონდეს.

სრულფასოვანი საბაზისო პენსიის მისაღებად საჭიროა 40 წელიწადის ბინადრობა. მაგრამ კომუნის ადმინისტრაციამ (ადმინისტრაციული ერთეულია) განიხილა ჩემი საქმე და თანხა საარსებო მინიმუმამდე გაზარდეს.
ოლგა ფრუერლუნდი

მაგალითისათვის თუ ავიღებთ არცთუ შეძლებულ, საშუალო დანიელს, მაშინ მისი პენსია მისივე შრომითი შემოსავლის დაახლოებით 65-70%-ი იქნება. ეს, კაცმა რომ თქვას, საკმარისია ცხოვრების ჩვეული ნორმის შესანარჩუნებლად, ვინაიდან ხანდაზმულობაში ადამიანს ზოგიერთი ხარჯის გაღება აღარ უხდება.

ცხოვრების დაწყება პენსიაზე გასვლის შემდეგ

ოლგა ფრუერლუნდი 79 წლისაა, იგი დანიაში სევასტოპოლიდან ჩავიდა 18 წლის წინ. იმ დროისათვის ის უკრაინაში უკვე პენსიაში იყო გასული 55 წლის ასაკში, მაგრამ გაჭირვების გამო ძლივს გაჰქონდა თავი. ევროპაში ქალი იმიტომ წავიდა, რომ იქიდან ქალიშვილს დახმარებოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ქალიშვილი გარდაიცვალა და ოლგას სარჩენი გახდა მისი სამი შვილიშვილი.

დანიაში ოლგა გათხოვდა, შეისწავლა ენა და კვლავ დაიწყო მუშაობა. იმ დროისათვის იგი 60 წლისა იყო. ხუთი წლის თავზე, ოლგა პენსიაზე გავიდა მაღაზიის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან. მაგრამ გაირკვა, რომ იგი ვერ მიიღებდა სრულფასოვან საბაზისო პენსიას, ხოლო პირად საპენსიო ფონდში მას ძალიან ცოტა ჰქონდა დანაზოგი ქვეყნაში მუშაობის მცირე სტაჟის გამო.

ოლგა ფრუერლუნდი

„იმ დროისათვის მე დანიაში უკვე 8 წელიწადი მქონდა ნაცხოვრები, სრულფასოვანი საბაზისო პენსიის მისაღებად საჭიროა 40 წელიწადის ბინადრობა. მაგრამ კომუნის ადმინისტრაციამ (ადმინისტრაციული ერთეულია) განიხილა ჩემი საქმე და თანხა საარსებო მინიმუმამდე გაზარდეს“, - ჰყვება ოლგა.

მოგვიანებით ოლგას მეუღლე გარდაიცვალა და იგი მარტო დარჩა, რამაც ასევე იმოქმედა სიტუაციაზე. დანიის კანონმდებლობით, როცა საპენსიო ასაკის ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვლება, მის მიერ დაგროვილ თანხას ქვრივი ღებულობს. მეუღლის გარდაცვლის შემთხვევაში იცვლება სახელმწიფო პენსიაც, რათა ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა არ აღმოჩნდეს.

„თუ საპენსიო თანხა არ გყოფნის, მიდიხარ კომუნაში და ელაპარაკები საკუთარ rådgiver-ს - პირს, რომელიც დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მოძებნაში. მაგალითად, მე მჭირდებოდა ფული კბილის პროთეზის გასაკეთებლად - სახელმწიფომ იგი ნაწილობრივ ამინაზღაურა. მაგრამ ისინი ნახავენ შენს შემოსავალს: თუ გაქვს შესაძლებლობა, რომ თავად გადაიხადო ეს თანხა, მაშინ უარს მიიღებ“, - გვიყვება პენსიონერი ქალი.

პენსიონერებისათვის დანიაში ბევრი შეღავათია გათვალისწინებულია. ძირითადად ესაა უფასო მედიცინა და დანამატი ბინის არენდაზე.

პენსიონერები დანიაში

ვინც ქვეყანაში დიდ ხანს ცხოვრობს და აქვს დანაზოგი, შეუძლია თავს სახლის ყიდვისა და მდიდრულად ცხოვრების უფლება მისცეს, ამბობს ოლგა ფრუერლუნდი. თავად იგი ქირაობს მცირე (45м²) ბინას კოპენჰაგენის იმ რაიონში, სადაც ბევრი პენსიონერი ცხოვრობს.

როცა პენსიაზე გავედი, დამეუფლა განწყობა, რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ დაიწყო - ქვეყანაში ძალიან დიდი შესაძლებლობებია უფროსი თაობის ადმიანებისათვის.
ოლგა ფრუერლუნდი

„მე ვერ მოვასწარი ამ სახელმწიფოსათვის მიმეცა ის, რაც ჩემს სახელმწიფოს მივეცი. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე შესაძლებლობა მომცეს მეცხოვრა ცალკე ბინაში“, - ამბობს ოლგა. იგი ამ ბინის რიგში მთელი წლის განმავლობაში იდგა. კომუნა ფარავს ბინის ქირის ნაწილს მისი შედარებით მცირე პენსიის გამო.

რადგან კბილის პროთეზი გაიკეთა, წელს იგი ვერ შეძლებს საზღვარგარეთ დასვენებას, მაგრამ იმედი აქვს, რომ დაზოგავს თანხას მომავალი წლისათვის. „მაგრამ ყველაფერი ძალიან მოკრძალებულია ხარჯების თვალსაზრისით. წელს მე შემიძლია 3000-4000 კრონის (470-620 ამერიკული დოლარის) შეგროვება სამოგზაუროდ - იმისთვის, რომ დავისვენო ან რამე დავათვალიერო. თუმცა შვილიშვილებიც დამეხმარებიან“.

უკრაინაში ცხოვრებას როცა იხსენებს, ოლგა ფრუერლუნდი ამბობს, რომ დანია ხანდაზმულ ადამიანებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. „როცა პენსიაზე გავედი, დამეუფლა განწყობა, რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ დაიწყო - ქვეყანაში ძალიან დიდი შესაძლებლობებია უფროსი თაობის ადმიანებისათვის.“

„უსაფრთხოების ბალიში“

კოპენჰაგენის ყველა რაიონში არსებობს ცალკეული ორგანიზაციები - Aeldre Sagen. ისინი ხანდაზმულ ადამიანებს ეხმარებიან და აძლევენ შესაძლებლობას, მაგალითად, ისწავლონ უცხოური ენა, ანდა იყიდონ იაფი ექსკურსიები.

„არის ფასდაკლება მოგზაურობაზე, შესაძლებელია მისდიო სპორტს. მე, მაგალითად, დავდივარ გუნდში და პილატესის ვარჯიშზე. უფასოდ ვსწავლობ ცეკვას, არა იმიტომ, რომ სცენაზე მინდა გამოსვლა, არამედ ჩემი განვითარებისათვის, მსურს თავიდან ავიცილო დემენცია“, - ჩამოთვლის ოლგა.

დანიელი პენსიონერი

ადამიანებისათვის “უსაფრთხოების ბალიშის“ მიცემა ძალიან კეთილშობილური იდეაა. სახელმწიფო პენსიის გარდა, ქვეყანაში არსებობს დაგროვებითი სისტემა. „მაგალითად, თუ თქვენ კერძო კომპანიაში მუშაობთ და საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა თქვენი ხელფასის 12%-ს შეადგენს, - აქედან 4%-ს თქვენ იხდით, 8%-ს კი დამსაქმებელი“, - ამბობს ფინანსური კონსულტანტი მარკ ჰანსენი.

მეწარმეებსა და მცირე კომპანიების მფლობელებს, მისი თქმით, უფლება აქვთ არ გადაიხადონ საპენსიო გადასახადი. ასეთ შემთხვევაში თანამშრომლები ვერ აგროვებენ საპენსიო დანაზოგს და დაუცველები რჩებიან.

დაგროვებისათვის ხალხს სტიმულს აძლევდა საგადასახადო შეღავათები და სისტემა საკმაოდ სწრაფად იქნა მიღებული. საბოლოო ჯამში მის გასაუქმებლად არ წარმოქმნილა სერიოზული წინაპირობები. დღეს ყველა ხედავს, რომ ეს იყო კარგი იდეა და ადამიანების უმრავლესობა კმაყოფილია დაგროვებითი საპენსიო სისტემით.
ტორვენ ანდერსენი

მარკის თანახმად, ჩვეულებრივ დანიაში გადასახადები 40% შეადგენს, მაგრამ თუ მოქალაქის შემოსავალი გარკვეულ ზღვარზე მაღალია, მაშინ გადასახადები 57 %-მდე იზრდება.

„ცხადია, ეს ზოგიერთისათვის შესაძლოა მაღალი იყოს, მაგრამ სწორედ ამ გადასახადების წყალობით მუშაობს კეთილდღეობის საიმედო სისტემა“, - გვიხსნის მარკ ჰანსენი. – „თუ თქვენ აღმოჩნდით არაკეთილსაიმედო ვითარებაში, მაგალითად, ვერ შეძელით პენსიის დაგროვება, მაშინ მიიღებთ სახელმწიფო პენსიას, ის კი იმ გადასახადებისგან იქმნება, რასაც მოქალაქეები იხდიან“.


რას ამბობენ თავად დანიელი მოქალაქეები?

ბირტე, 86 წლის

ჩემს ქმარს ჰქონდა პენსია, ახლა ქმრის პენსიას მე ვიღებ და პარალელურად ვღებულობ სახელმწიფო პენსიასაც. მას კარგი ხელფასი ჰქონდა, მისი სიკვდილის შემდეგ მე ქვრივის პენსიას ვღებულობ, ამიტომ კარგად ვცხოვრობ. ალბათ სისტემით უკმაყოფილოებიც არიან, მაგრამ მე კარგად ვცხოვრობ.

გორმი, 53 წლის.

სისტემა კარგია, რადგან იგი ხელს უწყობს ფართო სოციალურ დაცვას. მაგრამ ჩვენ გაქვს რამდენიმე სისტემა, კერძო ან ნაადრევი პენსიებისა, მათთვის, ვინც საპენსიო ასაკამდე შეძლო თანხების დაგროვება. საერთოდ ჩვენთან სოციალური დაცვა ძლიერია და ადამიანები, რომლებიც დანიაში ბერდებიან, არ არიან ღარიბები და ძალიან ღარიბები. ვფიქრობ, რომ სისტემა, მთლიანობაში, კარგია.

დანიელი პენსიონერი

როგორ ტარდებოდა დანიაში საპენსიო რეფორმა

ტორვენ ანდერსენი, ორჰუსის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰყვება, თუ როგორ შემოიღეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა. მისი თქმით, ხელისუფლებამ, ხალხს გაუჩინა სტიმული, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რომ დაეგროვებინათ პენსია. დანიაში არსებული დაბეგვრის მაღალი დონის გათვალისწინებით, ბევრისათვის ეს საბოლოო ჯამში ხელსაყრელი აღმოჩნდა.

„1980-90 იან წლებში ამის თაობაზე ფართო დისკუსიები იმართებოდა, მაგრამ არსებობდა ძლიერი ნებაც ამის გასაკეთებლად. დაგროვებისათვის ხალხს სტიმულს აძლევდა საგადასახადო შეღავათები და სისტემა საკმაოდ სწრაფად იქნა მიღებული. საბოლოო ჯამში მის გასაუქმებლად არ წარმოქმნილა სერიოზული წინაპირობები. დღეს ყველა ხედავს, რომ ეს იყო კარგი იდეა და ადამიანების უმრავლესობა კმაყოფილია დაგროვებითი საპენსიო სისტემით. დამსაქმებლებმაც დაუჭირეს მხარი ამ სისტემას.“

დანიაში არსებობს რამდენიმე საპენსიო ფონდი. ნახევრად სახელმწიფო ATP, არაკომერციული და კერძო კომერციული ფონდები. ხალხს დიდი არჩევანი აქვს.

დღეისათვის დანიაში კაცები და ქალები 65 წლის ასაკში გადიან პენსიაში. მაგრამ ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდის შესახებ, სიცოცხლის ხანგრძლივობის მოსალოდნელი ზრდის პარალელურად.

„ხელისუფლებამ კარგად განმარტა ამ ცვლილებების აუცილებლობა, - ამბობს ანდერსენი. - ყველას ესმის, რომ სახელმწიფო არ აპირებს არაფრის მოპარვას. ეს სოციალური კონტრაქტის ნაწილია. მედიცინა ჩვენთან სახელმწიფოს მიერ არის უზრუნველყოფილი, განათლებაც უფასოა. მაგრამ უფასო არაფერია - გადასახადები დანიაში საკმაოდ მაღალია. ის იხარჯება პენსიაზე, განათლებაზე, შემწეობებზე, მედიცინასა და ა.შ.. ესაა სოციალური კონტრაქტი: ხალხი მზად არის გადაიხადოს მაღალი გადასახადები, რადგან ხედავს, რომ მათ გადასახადებს ბრძნულად განკარგავენ, თანხები იხარჯება სასარგებლო საქმეებში. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია იმისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს.“