ციმბირის რეგიონებში მიმდინარეობს საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. ნოვოსიბირსკში აქციის დაწყებამდე დააკავეს ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი სერგეი ბოიკო. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ასევე ლიბერტარიანული პარტიის ომსკის განყოფილების მდივანი ნიკიტა ჩუიკოვი.
ნოვოსიბირსკში აქცია არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, პოლიციის თანამშრომლებმა ვერ მოახერხეს მისი დაწყებისთვის ხელის შეშლა. „ტაიგა.ინფოს“ ცნობით, მასში ორი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კემეროვოში პოლიციამ დააკავა ნავალნის შტაბის კოორდინატორი და შტაბის თანამშრომელი. მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.
ტომსკში პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ადგილობრივი შტაბის კოორდინატორი. ასევე ტომსკში დააკავეს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მოზარდები.
ნავალნის მხარდამჭერები მიტინგებისა და მსვლელობებისთვის შეიკრიბნენ ციმბირის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ირკუტსკში, ულან-უდეში, ბარნაულში, კრასნოიარსკში, ნოვოკუზნეცკში. მათში მონაწილეობს რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე ადამიანი.
მოსკოვში ხელისუფლებამ არ შეათანხმა აქცია, პეტერბურგში კი შეთანხმება გააუქმეს. ნავალნის მომხრეები მაინც გამოდიან საპროტესტო აქციებზე.