- საზოგადოების ერთმა ნაწილმა დავით გარეჯის პრობლემა საქართველოს საზღვრის ხელყოფის სრულიად ახალ გამოვლინებად აღიქვა;
- აზერბაიჯანს საზღვრის ხელყოფაში, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში დასდეს ბრალი;
- სასულიერო პირებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს და თავგანწირვისთვის მზადყოფნა გამოხატეს;
- ხალხს სათანადოდ არ განუმარტავენ, რომ ეს პრობლემა საბჭოთა დროის დანატოვარია და გადაადგილება ადრეც იზღუდებოდა;
- ხელისუფლება არ განმარტავს კონკრეტულად რის მიღწევაა შესაძლებელი მოლაპარაკებების ფარგლებში.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზის დროებითმა გადაკეტვამ საქართველოში რამდენიმე საყურადღებო, სახიფათო სიმპტომი გამოავლინა.
მესიჯები სასულიერო პირებისგან
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი (აქიაშვილი) პირდაპირ და ღიად ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება უმოქმედო იქნება, ეკლესია და ხალხი იმოქმედებს და არავითარ შემთხვევაში არ დათმობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თხემს მიღმა ტერიტორიას - „ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი“.
მესიჯები მწვავეა:
- თუ საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში ჩვენ უნდა წავიდეთ, სასულიერო პირები, და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს;
- თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ;
- თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა და ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება;
- მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს.
2 მაისს, როდესაც მისი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად დავით გარეჯის უდაბნოს ყველა ტაძრის მოსალოცად ჩავიდა, მეუფე იობმა მუსლიმებისა და გვარებ-გადაკეთებული მოქალაქეების საწინააღმდეგო მწვავე განცხადებებიც გააკეთა.
დავით გარეჯში სასულიერო პირები საქართველოს პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით ჩავიდნენ და ეს წინა დღეებში რუის-ურბნისის ეპარქიის სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებული ტექსტითაც დასტურდება.
ტექსტში აზერბაიჯანი (რუსეთის მსგავსად) ოკუპანტად არის გამოცხადებული.
- ჭრილობებს გვაყენებდნენ ერთმორწმუნე თუ უცხო აღმსარებლობის ქვეყნები, რომელთა სახელიც ერთია - "ოკუპანტები";
- დღეს კიდევ უფრო მძაფრად გვებრძვის მტერი, ცდილობს, ერთ მუჭად ქცეული საქართველო უფრო დააპატარაოს;
- საუკუნეთა მანძილზე ეს ჭრილობები მრავლდებოდა: ტაო-კლარჯეთის, ჰერეთის, კოლას, არტაანის, შემდგომ, სამაჩაბლო და აფხაზეთი ჩამოგვაშორეს.
მეუფე იობის სულისკვეთებას ბერი გაბრიელიც იზიარებს. თავის მხრივ ის სოციალურ ქსელში მორწმუნეებს მიმართავს, რომ მოთმინების დრო დასრულდა.
„მეც დარწმუნებული ვარ,რომ დუმილის დრო აღარ არის.. და ვისაც შეგვიძლია, უნდა ჩავიდეთ დავითგარეჯში და დაუდგეთ გვერდით მეუფე იობს, ჩვენი სამშობლოსთვის გულანთებულს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ...ღვთის წინაშე, სამშობლოს წინაშე..მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დასაწყისი ყოველივე ცუდის, უმსგავსოს დასასრულისა. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა, ჩემო ტკბილო და თბილო ადამიანებო“.
მწვავეა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ერისკაცობაში ლერი ჯამდელიანი) განცხადებაც, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ეპისკოპოსის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოში აზერბაიჯანელებზე ზრუნავს ხელისუფლება, მაგრამ აზერბაიჯანი არღვევს საქართველოს საზღვრებს. ბრძოლისთვის და თავგანწირვისთვის ეპისკოპოსიც მზად არის:
- ერთი იცოდეს ყველამ, შინაურმაც და გარეულმაც არავის დაუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას, უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მივუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად!
- მე როგორც მარნეულის ეპისკოპოსმა მინდა ვთქვა რომ, ვხედავ თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრები აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, რათა ისინი იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები;
- მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან;
- სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს.
დავით გარეჯთან დაკავშირებულ გამწვავებულ ვითარებას საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. საპატრიარქო ემიჯნება მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს და საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა.
თუმცა მიანიშნებს, რომ საზოგადოების გულისწყრომას იზიარებს და დავით გარეჯის დაცვის პირობას დებს - „აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად“.
ასევე ნახეთ დავით გარეჯის დილემასაპატრიარქოს განცხადებაში არ არიან დასახელებული კონკრეტული სასულიერო პირები და არც ის არის ნათქვამი, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტი არ არის.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს, 25 აპრილს გავრცელდა.
ასევე ნახეთ არქიმანდრიტი კირიონი: აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტესდავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი იტყობინებოდა, რომ უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზაზე აღარც სასულიერო პირებს უშვებდნენ.
ითქვა ასევე, რომ ეს ვითარება დავით გარეჯში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ შეიქმნა. თავად პრეზიდენტისთვის ასეთი დაკავშირება გაუგებარია.
ამ ეტაპზე გადაადგილება თავისუფალია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა გზა 5 მაისიდან ისევ გადაიკეტოს.
კიდევ ვინ და რა ამწვავებს სიტუაციას?
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ყოველგვარი პარალელის გავლება საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციასა და დავით გარეჯში შექმნილ სიტუაციას შორის“, - განაცხადა 2 მაისს პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა.
კანდელაკის თქმით:
- აზერბაიჯანის ბრალი, ისევე, როგორც საქართველოს ბრალი არ არის ის, რომ ჩვენ თავის დროზე ძალით შეგვათრიეს საბჭოთა კავშირში;
- საზღვარი, სტალინის თანხმობით, გაავლეს იქ, სადაც გაავლეს, რომ ჩვენს შორის მუდმივად ყოფილიყო უთანხმოება;
- ყველა ვინც ცდილობს პარალელის გავლებას რუსულ ოკუპაციასთან, რომ აზერბაიჯანიც ოკუპანტია, ყველა საქართველოს მოწინააღმდეგეა.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის სწრაფად დასრულებას ემხრობა
გიორგი კანდელაკს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა მსგავსი მესიჯები სასულიერო პირთა კომენტარებშიც გვხვდება და 2 მაისს, პარლამენტის სხდომაზე, მსგავსი რამ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმაც თქვა დავით გარეჯის ხსენებისას:
„ჩვენ არ გვყავს ისეთი მეზობლები მაინცდამაინც, რომ კეთილმოსურნე იყოს მაინცდამაინც... კი ვხედავთ, ყველა მხრიდან გვიტევენ...“
2 მაისს, პარლამენტის სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, საზოგადოებას სიფრთხილისა და წინდახედულებისკენ მოუწოდა შს მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გიორგი გახარიამ.
Your browser doesn’t support HTML5
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვა ყველა ჩვენი მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.
ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე დიდი პოტენციალი. აქ კითხვის ნიშნები და გაჟღერებული არასწორი განმარტებები არის მაღალი რისკის შემცველი“.
თუმცა თუკი სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, რომ ხალხის არცთუ მცირე ნაწილი ფიქრობს - ოკუპანტმა აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორიები მიიტაცა.
ამასთან, ზოგიერთებს ისიც ჰგონიათ, რომ - აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბოლო პერიოდში დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას ცდილობენ.
ასევე ნახეთ „გარეჯა ჩვენია“ - გიდებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართესდავით გარეჯის მთელი სამონასტრო კომპლექსი ისტორიულად საქართველოს რომ ეკუთვნის, ეს, უმრავლესობის მსგავსად, ცხადზე უცხადესია ისტორიკოს მიხეილ ბახტაძისთვისაც.
თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ბოლო პერიოდის მოვლენები ახალ მოცემულობას არ ეფუძნება.
20-მდე ისტორიული ძეგლისგან შემდგარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი (ჩიჩხიტური, უდაბნო, ბერთუბანი) ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმმა მიაკუთვნა აზერბაიჯანს.
- აზერბაიჯანელები დამატებით ტერიტორიაზე არ გადმოსულან, ისინი იმ საზღვარზე დგანან, რომელიც საბჭოთა პერიოდში უსამართლოდ გაივლო;
- პერიოდულად ისინი კეტავენ ქედის თხემზე გამავალ „საბჭოთა საზღვარს“ და პერიოდულად ხსნიან - ესაა მთავარი პრობლემა;
- სულ გვესმოდა ყველა დროის ხელისუფლებისგან - მოვაგვარებთო, მაგრამ ვერავინ მოაგვარა და პრობლემა რჩება.
ასევე ნახეთ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე მიმოსვლა აღდგა
„როდესაც პოლიტიკოსები და სახელმწიფო სტრუქტურები არ მუშაობენ, იქ, ბუნებრივია, სხვა რაღაცეები დაიწყებს მუშაობას... შეიძლება მერე ძალიან სხვანაირად განვითარდეს მოვლენები და ძალიან ცუდად დამთავრდეს“.
ისტორიკოსის თქმით, ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს ხალხის ინფორმირების თვალსაზრისით - „მთავრობა იმასაც კი არ აკეთებს, რომ ხალხს რიგიანად აუხსნას, დამშვიდდით, ამ წუთას აზერბაიჯანელებს საზღვარი არ გადმოუწევიათ და რაც იყო საბჭოთა პერიოდიდან, ახლაც იმაზეა საუბარიო“.
არის თუ არა გამოსავალი?
ხელისუფლება მთელ იმედებს საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის მუშაობას უკავშირებს. 3 მაისს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც დაადასტურა, რომ კომისიის განახლებული შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.
ასევე ნახეთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კომისიის შემადგენლობა სავარაუდოდ მომავალ კვირაში დამტკიცდებახელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საკითხი აუცილებლად მშვიდად და პოზიტიურად გადაწყდება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის ფარგლებში.
მაგრამ არ კონკრეტდება რას ნიშნავს პოზიტიური გადაწყვეტა - რა მიზანი აქვს ქართულ მხარეს.
არის სულ ორი ვარიანტი:
- საზღვარი გაივლოს იმგვარად, რომ დავით გარეჯის მთელი სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე მოექცეს;
- საზღვარი დარჩეს იქ, სადაც საბჭოთა დროს გაავლეს, მაგრამ არსებობდეს თავისუფალი გადაადგილების მყარი გარანტიები.
პირველი ვარიანტი არის ყველასათვის სასურველი საქართველოში, მაგრამ მიხეილ ბახტაძის აზრით, ამის გადაწყვეტა მხოლოდ ქვეყნის უმაღლეს პირებს შეუძლიათ - „კომისია ასეთ შედეგს ვერ მიაღწევს“.
რა შემთხვევაში შეიძლება სრულად დაუთმოს აზერბაიჯანმა საქართველოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი?
თეორიულად, ანალიტიკოსების აზრით, ეს შეიძლება მოხდეს სანაცვლო ტერიტორიების შეთავაზების შემთხვევაში. თუმცა გასული წლების რამდენიმე მცდელობამ აჩვენა, რომ ბაქოს ეს ვარიანტი არ აწყობს.
„ეჭვი მაქვს, რომ ამაზე არ დათანხმდება აზერბაიჯანის მხარე. აზერბაიჯანელები თვლიან, რომ ეს არის მათი წინაპრების, ალბანელების კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.
მიუხედავად იმისა, რომ არც ალბანელები იყვნენ მათი წინაპრები და ეს ვერსიაც მცდარია, საწინააღმდეგოში მათი დარწმუნება პრაქტიკულად წარმოუდგენელია...“, - ამბობს მიხეილ ბახტაძე.
რაც შეეხება საზღვრის იმ ადგილას დაკანონებას, სადაც ახლა საბჭოთა დროის საზღვარი გადის, ქართველი სასულიერო პირების განცხადებები ნათლად მეტყველებს, რომ ამას ისინი არასოდეს შეეგუებიან.