1920 წლის 25 აპრილს რვა პოლონური და ერთი უკრაინული დივიზია შეტევაზე გადავა წითელი არმიის წინაააღმდეგ. წითელი არმიის ნაწილები ალექსანდრ ეგოროვის მეთაურობით კიევს უბრძოლველად დატოვებენ. 8 მაისს კიევი პილსუდსკის უბრძოლველად ჩაუვარდება ხელში. მართალია, პილსუდსკი კიევის „ტახტზე“ დასვამს სემიონ პეტლიურას, პოლონეთის ლიდერი საკუთარი გეგმის თითქმის ვერც ერთ პუნქტს ვერ შეასრულებს: 1. უკრაინაში პოლონელები ოკუპანტებად იქნებიან აღქმული (უკრაინელებისათვის ეს ძალაუფლების მეთხუთმეტე ცვლილება იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს პერიოდი ძალიან კარგად აქვს აღწერილი მიხაილ ბულგაკოვს რომანში „თეთრი გვარდია“). 2. სამხედრო თვალსაზრისითაც, პილსუდსკი ვერ შეძლებს ეგოროვის ჯარების განადგურებას, რომელიც მას ხელიდან დაუსხლტება. 3. პილსუდსკი ასევე წააგებს საინფორმაციო ომს: პარიზსა და ლონდონში, სადაც უჭირდათ უკრაინის რუსეთისგან გარჩევა, პილსუდსკი აღქმული იქნება როგორც ამ კონფლიქტის ინიციატორი და ერთადერთი პასუხისმგებელი.
პილსუდსკი სახეში უდიდესი ძალით მიიღებს დაბრუნებული ბუმერანგის დარტყმას: წითელი არმია ყველა ფრონტიდან გადაისვრის ჯარებს პოლონელების წინააღმდეგ. შეიქმნება ახალი დასავლეთის ფრონტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგება წითელი არმიის ამომავალი ვარსკვლავი მიხაილ ტუხაჩევსკი. ეგოროვის სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე კი კომისრად დაინიშნება ბოლშევიკების მეორე ამომავალი ვარსკვლავი - სტალინი, რომელიც მალე თვითონ აიღებს ხელში ამ ფრონტის მართვის სადავეებს.
თავიდან ლენინის გეგმა იქნება წითელი არმიის საშუალებით აღმოსავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის ნაწილზე კონტროლის დაბრუნება. თუმცა 12 ივლისს მინსკის ხელში ჩაგდების შემდეგ, როცა პოლონური ნაწილების უკან დახევა თავქუდმოგლეჯილ სრბოლას დაემსგავსება, ბოლშევიკებში ისევ გაიღვიძებს პროლეტარული რევოლუციის ესქატოლოგიური გეგმა. „ვარშავის გავლით გზა ბერლინისკენ!“ - გახდება ბოლშევიკების ახალი ლოზუნგი.
მოსკოვში სასწრაფოდ შეიქმნება პოლონური რევკომი (რევოლუციური კომიტეტი) ეთნიკურ პოლონელ ბოლშევიკ ფელიქს ძერჟინსკისა და იულიან მარხელევსკის თაოსნობით. მალე რევკომი პოლონურ ბრესტ-ლიტოვსკში განთავსდება.
სიტუაციის ასეთი კარდინალური ცვლილება შეაშფოთებს პარიზსა და ლონდონს. 11 ივლისს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი ნოტას გაუგზავნის ლენინს. ბრიტანელები ბოლშევიკებისგან მოითხოვდნენ გაჩერებულიყვნენ ე.წ. ეთნოგრაფიული პოლონეთის საზღვარზე, რომელიც გადიოდა გროდნო-ბრესტ-ლიტოვსკ-უსტილუგზე (მომავალში ეს საზღვარი „კერზონის ხაზად“ იქნება ცნობილი).
12 ივლისს ლენინი შეატყობინებს სტალინს კერზონის მიერ მიღებული ნოტის შესახებ და ვარშავაზე იერიშის დაჩქარებას სთხოვს: „ჩვენ კერზონისგან ნოტა მივიღეთ. კერზონი გვთავაზობს პოლონეთთან ზავის დადებას. (...) ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება დააჩქაროთ იერიში“.
„პოლონური ჯარები სრულიად დაშლის პროცესში არიან. პოლონელებმა დაკარგეს კონტროლი საკუთარ ნაწილებზე. ჯარებთან კავშირის დაკარგვის შედეგად პოლონური ბრძანებები უფრო ხშირად ჩვენს გვივარდება ხელში. ერთი სიტყვით, პოლონელები განიცდიან კოლაფსს, საიდანაც ისინი მალე ვერ გამოვლენ. მე გთავაზობთ საპასუხო ნოტაში პოლონეთის შესახებ არ გასცეთ კერზონს მკაფიო პასუხი, შემოიფარგლოთ ზოგადი ფრაზებით. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ რუსეთს სურს მშვიდობა და თუ პოლონეთსაც ასევე ნამდვილად სურს მშვიდობა, მას შეუძლო პირდაპირ მიმართოს რუსეთს. ეს დროის მოგების საშუალებას მოგვცემს“ - მისწერს სტალინი ლენინს 13 ივლისს. 14 ივლისს სტალინი მორიგ ტელეგრამას გაუგზავნის ლენინს: „კერზონის ნოტაში საუბარია ლონდონში სამშვიდობო კონფერენციის გამართვაზე. ჩემი აზრია, რომ ამგვარი მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთში უნდა ჩატარდეს“.
16 ივლისს ცენტრალური კომიტეტი გადაწყვეტს, ბრიტანელების წინადადება შუამდგომლობის შესახებ უარყოს და დასავლეთით იერიში გააგრძელოს.
ბრესტ-ლიტოვსკის წითელი არმიის ხელში ჩავარდნა პანიკას გამოიწვევს ვარშავაში: საელჩოები დაიწყებენ პოლონეთის დედაქალაქიდან ევაკუაციას. „პოლონურმა არმიამ, როგორც ერთ მუჭში შეკრულმა ძალამ, შეწყვიტა არსებობა“ – დაწერს ლონდონის „ნიუ სტეიტსმენი“. ამ სიტუაციაში შეუდრეკელნი დარჩებიან მხოლოდ პილსუდსკი და მისი გენერლები, რომლებიც მოსახლეობას იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდებენ.
1920 წლის ივლისის ბოლოს პოლონეთის გასაბჭოება ყველას გარდაუვალად ეჩვენებოდა. მტერი ვარშავის კარიბჭესთან იყო მომდგარი, ხოლო პოლონეთის შეიარაღებული ძალები ტყვია-წამლის გარეშე აღმოჩნდებიან. ვინაიდან პოლონეთის ტერიტორიაზე არ არსებობდა ტყვია-წამლის წარმოება, პოლონეთის იმედი მხოლოდ ევროპული ქვეყნების სოლიდარობაზე იყო დამყარებული. ერთადერთი უნგრეთი აღმოჩნდება მზად, როგორც ტყვია-წამალი, ასევე 30 000-კაციანი კორპუსი გაგზავნოს პოლონეთის დასახმარებლად, თუმცა პოლონეთი მოჭრილი აღმოჩნდება დასავლეთისგან: 20 ივლისს გერმანიის პრეზიდენტი ებერტი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის გატარებას აკრძალავს. ჩეხოსლოვაკიის მთავრობა ასევე უარს იტყვის როგორც ტვირთის, ისე სამხედრო ნაწილების გატარებაზე. (რა თქმა უნდა, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ტომაშ მასარიკის პოზიცია ერთის მხრივ გასაგები იყო - პოლონეთი შეეცადა ტეშენის პროვინცია წაერთვა ჩეხოსლოვაკიისათვის. თუმცა, მეორეს მხრივ, პრაღისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ პრინციპი - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია - არ იმუშავებდა: პოლონეთის გასაბჭოების შემთხვევაში ჯერი ჩეხოსლოვაკიაზეც მიდგებოდა.)
საბოლოოდ პოლონეთი უნგრულ ტყვია-წამალს მიიღებს რუმინეთის გავლით. პოლონელი ისტორიკოსების აზრით, რომ არა უნგრეთის ეს დახმარება, პილსუდსკის არანაირი შანსი არ ექნებოდა განეხორციელებინა კონტრშეტევა, რომელიც პოლონელების გამარჯვებით დაგვირგვინდება და ისტორიაში შევა „ვისლაზე სასწაულის“ სახელით.
სერიის სხვა ნაწილები:
პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი პირველი: პილსუდსკის რევანში ისტორიაზეპოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მესამე: სასწაული ვისლაზეპოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მეოთხე: ბოლშევიკური ესქატოლოგიაპოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მეხუთე: ბოლშევიკური სქოლასტიკაპოლონეთ-რუსეთის ომი: ინტერვიუ მარიუშ ვოლოშთან