ათასობით რუსი წერს, რომ ვიდეოპლატფორმა იუთუბზე ვერ შედის. ვერც კომპიუტერით და ვერც ტელეფონით.
ვებგვერდ „დაუნდეტექტორის“ თანახმად, ეს პრობლემა მხოლოდ რუს მომხმარებლებს აქვთ.
გამოცემა „ქარენთ თაიმი“ კი წერს, რომ პრობლემას ამ ეტაპზე მხოლოდ VPN-ის გამოყენება აგვარებს.
რუსეთში „იუთუბშეფერხებები“ 1 აგვისტოდან დაიწყო: ვიდეოები ხან ნელა იხსნებოდა, ხანაც საერთოდ არა.
რუსეთის კავშირგაბმულობის სახელმწიფო კომპანია, „როსტელეკომი“ ამტკიცებდა, რომ იუთუბი რუსეთში იმიტომ შენელდა, რომ მფლობელ კორპორაციას, გუგლს სერვერები დაუძველდა.
თავად კორპორაციამ მალევე განაცხადა, რომ არაფერ შუაშია.
ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელიც იუთუბის შენელებას კრემლს მიაწერს, რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ წევრი ალექსანდრ ხინშტეინია. ივლისის ბოლოს მან თქვა, რომ ხელისუფლება იუთუბის სიჩქარეს 70%-ით შეანელებს.
მიზეზად ხინშტეინმა იუთუბის „ანტირუსული პოლიტიკა“ დაასახელა და თქვა, რომ შენელება, რაც პლატფორმას არაკომფორტულს ხდის, მის დასჯად უნდა იყოს აღქმული.
„რუსეთში იუთუბის შემდგომი ბედი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. თუკი რესურსის ადმინისტრაცია არ შეიცვლის პოლიტიკას და არ სცემს პატივს ჩვენს კანონებს, მას აქ არაფერი კარგი არ ელოდება“, - თქვა მან.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის კვალდაკვალ, იუთუბმა დაბლოკა არაერთი პროკრემლისტური და სახელმწიფო პროპაგანდისტული არხი.
სულ ახლახან, ივლისის დასაწყისში კი, იუთუბმა ასევე დაბლოკა უკრაინაში ომის მხარდამჭერი რუსი მომღერლებისა და არტისტების არხები. მათ შორის არიან გრიგორი ლეპსი, შამანი, ოლეგ გაზმანოვი და სხვები.
იუთუბი ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო არხია ქვეყნიდან გაქცეული ოპოზიციონერების, აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვისაც.
ქვეყანაში, სადაც 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაბლოკილია დასავლური მედიის დიდი ნაწილი და ასევე ფეისბუკი და ინსტაგრამი, იუთუბი თავისუფალი აზრისა და სიტყვის გამავრცელებელი იყო.
კრემლის განკარგულება?
6 აგვისტოს, დამოუკიდებელმა გამოცემა „მედუზამ“ დაწერა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ინტერნეტპროვაიდერები დაავალდებულა იუთუბზე ვიდეოს ჩატვირთვის სიჩქარე წამში 128 კილობიტამდე შეანელონ.
შედარებისთვის, საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 26 მეგაბიტია, ანუ 206-ჯერ მეტი. თანაც ეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნელ ინტერნეტკავშირად ითვლება.
„მედუზას“ წყარო მაშინ ამტკიცებდა, რომ კრემლი ჯერ იუთუბის ბოლომდე გამორთვას არ აპირებს და მისი შენელებით შემოიფარგლება.
წყარომ ასევე იუარა, რომ შენელება შესაძლოა რუსეთში გუგლის სერვერების მოძველებას უკავშირდებოდეს.
რუსეთი ცდილობს, გუგლი გააღიზიანოს, „თუმცა არცერთ პროვაიდერს ჯერ არ აქვს იმის სცენარი, თუ რა იქნება შემდგომ“, - წერდა მედუზა.
იუთუბის გათიშვაზე რუსეთში ხმები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დადიოდა. კრემლი დიდი ხანია ადანაშაულებს გუგლს რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოებაში.
2023 წლის სექტემბერში რადიო თავისუფლება წერდა, რომ რუსეთი მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც იუთუბის დაბლოკვაში დაეხმარება.
რუსეთის ინტერნეტის დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი მიხაილ კლიმარევი მაშინ ვარაუდობდა, რომ კრემლი შექმნიდა ე.წ. შუალედურ ვებგვერდს, რომელზეც მხოლოდ ცენზურაგავლილ ვიდეოებს დატოვებდა.
ასევე ნახეთ რუსეთში ყველაფერი YouTube-ის ბლოკირებისკენ მიდისსულ ცოტა ხნის წინ კი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ რუსეთმა იუთუბი „დედაბუდიანად“ უნდა დაბლოკოს.
ამ ფონზე, იუთუბის მომხმარებელთა რიცხვი რუსეთში ჯერ არ შემცირებულა.
სტუდენტური გამოცემა „დოქსას“ თანახმად, 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით იუთუბზე 82,6 მილიონი რუსი შევიდა. ეს 100 ათასით მეტია, ვიდრე წინა თვეში.