"დიაბეტიანი ქალი, ნაინფარქტალი კაცი, სვანეთიდან ჩამოსული შვილი 2 მცირეწლოვანი ბავშვით. არ აქვთ დენი, წყალი, ეწურებათ საკვების მარაგი", - ანა წილოსანი, ოზურგეთი, სოფელი სუფსა ჩქუნი.
"ოჯახი სამი მცირეწლოვანი შვილით, სახლი ენგრევათ, საჭიროებენ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას..." - თეონა ღლონტი, სოფელი მამათი, ლანჩხუთი.
"ორი მოხუცია ჩარჩენილი, არის სახურავის ჩანგრევის საშიშროება, საშეშე ნაგებობა უკვე ჩამოინგრა, ესაჭიროებათ მედიკამენტი და გზის გაკვალვა. არა აქვთ ელექტროენერგია", - თეიმურაზ თავაძე, სოფელი ვან-ზომლეთი, ჩოხატაური.
სულ რაღაც ორ დღეში, მოხალისეების მიერ შექმნილ ცხრილში 500-ზე მეტი მსგავსი შეტყობინება აგროვდა და ეს რიცხვი მატულობს.
ამ განახლებად რუკაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა შეტყობინებებიც.
რადიო თავისუფლებამ შეტყობინებები შეისწავლა.
ცხრილის თანახმად, ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში შველას 600-ზე მეტი ადამიანი ელოდება.
თუმცა ეს ზუსტი რიცხვი არ არის და არსებული მონაცემებით, მისი გამოთვლა შეუძლებელია.
დახმარების ყველაზე მეტი თხოვნა (232) შემოსულია ოზურგეთის რაიონიდან.
განსაკუთრებით ხშირად ადამიანები წერენ, რომ ვეღარ უკავშირდებიან მოხუც ნათესავებსა და ახლობლებს.
"2 მოხუცს სჭირდება დახმარება. სახლი არის გადმოსათოვლი და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. არ აქვთ გზა და ელექტროენერგია, იმყოფებიან მუდმივ შიშში და ვერსად გადიან", - ნანი ნიკოლაიშვილი, თეიმურაზ გიორგაძე, ქობულეთი, სოფელი ქობულეთი.
თითქმის ყველა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და სჭირდება საკვები, წყალი, წამლები და გათბობა.
ბევრს სჭირდება უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. დაზარალებულები და მათი ახლობლები წერენ, რომ დიდთოვლობის გამო შეიძლება სახლები ჩამოენგრეთ.
"რამდენიმე სახლი ჩამოიშალა, მოყოლილია ერთში ასაკიანი ადამიანი. სოფელში არის პატარა ბავშვი და ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება წამლები, ოთარი გუჯაბიძეა სახლში მოყოლილი", - ლანჩხუთი, სოფელი კოკათი.
მოხალისეებმა ასევე შექმნეს რუკა, სადაც ჩანს დაზარალებულთა ზუსტი ადგილმდებარეობები და ვის რა დახმარება სჭირდება.
რუკა ეყრდნობა მათ მიერვე შექმნილ ცხრილს.
მასში, დაზარალებულების გარდა, მითითებულია ინფორმაცია გზების მდგომარეობის შესახებ.
ასევე, შესაძლებელია მოხალისედ ჩაწერა, ან ფულით თუ საჭირო ნივთებით დახმარება.
"წამლები, ექიმი, ბებო ჰყავთ აპარატზე 4 დღეა, სასწრაფოდ ესაჭიროებათ საწვავი გენერატორისთვის" - სალომე კარსავიძე, ოზურგეთი, სოფელი ქაქუთი.
ინფორმაცია და განახლებები ქვეყნდება ასევე ფეისბუკისა და ტელეგრამის ჯგუფებში. შექმნილია ასევე სერვერი სოციალურ ქსელ დისკორდში.
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში უკვე ერთ კვირას გრძელდება. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 600 თანამშრომელი, მოხალისეთა ჯგუფები და, მეორე დღეა, თავდაცვის ჯარები.
ასევე ნახეთ მსხვერპლი, მოწყვეტილი სოფლები, დანგრეული სახლები - ბოლო ამბები სტიქიაზეშექმნილი ვითარების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
"სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას", - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში უამინდობა 27 თებერვლამდე გასტანს.
ასევე ნახეთ დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში - ლაივბლოგი