პოლარიზაციის შემცირება ბევრისთვის სათუო საკითხად გამოიყურება - სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების თავდასხმების შემდეგ. გაისმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნაც.
გვარამიას გათავისუფლებას ექსპერტები მიიჩნევენ აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის პირობად, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
რატომ იყო აუცილებელი ნიკა გვარამიას შეწყალება? არის თუ არა ეს საკმარისი პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად?
საკმარისია?
22 ივნისს, ბრიფინგზე, როდესაც ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გამოაცხადა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეს საკითხი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის არ დაუკავშირებია. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია უზენაესი სასამართლოს მიერ გვარამიას საქმეზე 19 ივნისს ნათქვამი უარით.
„ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა ასევე გაგახსენოთ, რაც ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება - პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ - ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ, რომელიც ამჟამად ბრიუსელში, „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრში“ მიწვეული მეცნიერის სტატუსით მუშაობს, კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო „ერთ-ერთ კონკრეტულ ნაბიჯად“ სწორედ ნიკა გვარამიას გათავისუფლება მიიჩნეოდა.
„მოსწონს ის [ნიკა გვარამია] ვინმეს თუ არა, როდესაც გვარამია დაიჭირეს, ის ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური არხის [„მთავარი არხი“] ხელმძღვანელი იყო და დაიჭირეს სრულიად სადავო, არადამაჯერებელი განაჩენით. ევროპისთვის ეს პრინციპული საკითხია... ვინც უნდა ყოფილიყო, გვარამია თუ სხვა, ხელისუფლებისთვის მიუღებელი კრიტიკოსის ასე შეთითხნილად დაპატიმრებას არავინ მიიღებდა“, - ამბობს კაკაჩია.
ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების ბევრი მადლობა და ქება მიიღო, მათ შორის - ევროკავშირიდანაც. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველომ წინ წაიწია ევროინტეგრაციის გზაზე.
„ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის კანდიდატობას“, - წერს გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც გვარამია დადასტურებული დამნაშავეა. პრეზიდენტთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე, "ოცნება" პერიოდულად გამოთქვამდა იმედს, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯს მაინც არ გადადგამდა.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი: პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი ზეწოლა იყო - ღიაც და არაღიაციმ პირობებში, როდესაც ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი აქვს სრულად შესრულებული, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად თვლის "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე. თუმცა, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას - ეს არასაკმარისია და ევროკომისია არ მოადუნებს ყურადღებას სხვა შესასრულებელ პირობებთან დაკავშირებით.
„[ნიკა გვარამიას შეწყალება] ეხმიანება რეკომენდაციებში ასახულ ორ პრიორიტეტს - დეპოლარიზაცია და მედიის თავისუფლების ნაწილს. ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, ამ მიმართულებებით საერთოდ არ ჩანდა პროგრესი და ბუნებრივია - ეს გადაწყვეტილება [შეწყალება] მნიშვნელოვანია. თუმცა არ მგონია, რომ ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების გარანტია. დარჩენილია სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები“, - პრინციპულად მნიშვნელოვან და ჯერ ისევ შესასრულებელ რეკომენდაციებს შორის ჩხიკვაძე ასახელებს, მაგალითად: 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა გასამართლებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, სულ მცირე, ხილული პროგრესის მიღწევას სასამართლო რეფორმირების მიმართულებით და სხვა.
პოლარიზაცია შემცირდება?
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეწყალების გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა.
ასეთ მოსაზრებას იზიარებენ სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც.
ასევე ნახეთ "მადლობა გამბედაობისთვის" - საერთაშორისო საზოგადოება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აფასებს ასევე ნახეთ მიშელი მიესალმა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და ღარიბაშვილისგან მიღებულ დადასტურებასვანო ჩხიკვაძე ვარაუდობს, რომ პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებული მოსაზრება იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, 2018 წელს, დიდწილად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვა. „შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს იმას, რომ პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდეს და ეს გადაწყვეტილება [შეწყალება] აღქმულ იქნას არა პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამის, არამედ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებად“, - გვეუბნება ჩხიკვაძე.
ასევე ნახეთ თავდასხმა და აგრესია, რომელიც პრეზიდენტს ელის?იმ ფონზე, როცა სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები ყველა მხრიდან უტევენ და რას არ უწოდებენ, დეპოლარიზაციის ნიშნებს ვერ ხედავს კორნელი კაკაჩია და არა აქვს იმედი, რომ შეწყალების ეს მნიშვნელოვანი აქტი საქართველოში არსებული ღრმა პოლარიზაციის პრობლემას მოაგვარებს.
პოლარიზაციის გამწვავებაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, მაგრამ არა საკუთარი ქმედებების, არამედ ოპოზიციის მიზეზით.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანი [ნიკა გვარამია], რომელიც ხელს უწყობდა პირიქით ყოველთვის პოლარიზაციას და იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას“.
პარალელურად, მმართველი პარტიიდან საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციის მოთვინიერებისკენაც მოუწოდებენ.
„ახლა კი, შეწყალებითა და ზოგიერთი უცხოელი პარტნიორის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მოწონებით, ბურთი იმათ მხარესაა, ვინც გვარამიას შეწყალება საჯაროდ დააკავშირა დეპოლარიზაციას. რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი მათი მხრიდან, ვისაც რეალური გავლენა აქვს, რათა ოპოზიცია რადიკალურ დღის წესრიგზე უარის თქმასა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით მთავრობასთან ერთად მუშაობაში დაარწმუნოს“, - განაცხადა 23 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
იმპიჩმენტი?
საერთაშორისო პარტნიორები თავიანთ გზავნილებში აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, რომელიც გამბედაობასაც მოითხოვდა.
ნიკა გვარამიას გათავისუფლების გამო გაბრაზებული გარკვეული ჯგუფები და მათ შორის ახლად დაფუძნებული ანტიდასავლური პოლიტიკური ძალის - „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენლები პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და ქვეყნიდან გაძევებასაც ითხოვენ.
იმპიჩმენტი არ მოუთხოვია, მაგრამ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხალხში უსამართლობის განცდას გააჩენს და "საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე".
ასევე ნახეთ ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე: ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე
ვადაზე ადრე პრეზიდენტის პოსტიდან დათხოვნა, საქართველოს კონსტიტუციით, მხოლოდ იმპიჩმენტის წესით არის შესაძლებელი.
- პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისთვის, სულ ცოტა, 100 დეპუტატის მხარდაჭერის მობილიზებაა საჭირო, რაც საპარლამენტო არითმეტიკით, ამ ეტაპზე, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება - როგორც დამოუკიდებლად და ასევე - თავის განაყოფ „ხალხის ძალასთან“ ერთადაც. საპარლამენტო უმრავლესობაში ისინი ამჯერად, ჯამში, 84 მანდატს ფლობენ.
ამასთან, ექსპერტების განმარტებით, იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, რომ „სახეზე იყოს დანაშაული ან კონსტიტუციის დარღვევა“, რისთვისაც შეწყალების შემთხვევა ვერ გამოდგება.
ექსპერტებმა სხვადასხვა დროს არაერთხელ უთხრეს რადიო თავისუფლებას, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წინასწარვე მარცხისთვის არის განწირული და ერთადერთი, ვისაც გააძლიერებს, ეს თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება.