საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალება "დიდი ზეწოლის" შედეგია.
"პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი ზეწოლა იყო. ეს ჩანდა, იყო ღიაც და არაღიაც", - თქვა მან და დაამატა, რომ იმედი ჰქონდათ, პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, "თუმცა მან სხვა მხარე აირჩია".
"წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, არანაირი დეპოლარიზაცია არ მოუტანია, ამიტომაც არის, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების ვერცერთი მოტივი ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივების დასახელება მძიმე იქნებოდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.