ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩაჯდა. მერე ის გააძევეს და 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სისხლიც დაიღვარა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების დამხობაში დაადანაშაულა. ერთი წლის თავზე კი ირკვევა, რომ - ასეთი ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.
როგორ გამოიყურება 20-21 ივნისის მოვლენები ერთი წლის თავზე? როგორ მივიდა საქართველო "გავრილოვის ღამემდე"? ვინ დაისაჯა და ვინ არ დაისაჯა? რა დაუთმო ან არ დაუთმო საქართველომ რუსეთს?
"გავრილოვის ღამემდე"
2019 წლის 20 ივნისს, დილით, საქართველოს მოქალაქეებმა თვალებს არ დაუჯერეს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი რუსეთის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი იჯდა. იმ დღეს ანტიქართული განწყობებით გამორჩეულმა გავრილოვმა პრეზიდენტის რანგში გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელიც მალევე ჩაიშალა.
ტრიბუნაზე, სადაც მანამდე გავრილოვი იჯდა, სწრაფად შეგროვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ატყდა ხმაური და დაიძაბა სიტუაცია. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს აფხაზეთის ომი შეახსენა, უთხრა - აქედან წაეთრიეთო და შემდეგ წყალიც შეასხა ერთ-ერთს. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ შეეშალა და მისი სამიზნე არა რუსი, არამედ ესტონელი დეპუტატი იყო. ბობოხიძემ ამისთვის ბოდიშიც მოიხადა.
ერთი წლის თავზე ბობოხიძე ისევ გაბრაზებულია. გვეუბნება, რომ - გავრილოვის იქ ჯდომა ქართველების იმდენად დიდი შეურაცხყოფა იყო, რომ თავისი საქციელი ერთხელაც არ უნანია.
„რა თქმა უნდა, არაფერი მინანია... ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსინჯა - როგორ შეხვდებოდა ამას ქართველი ხალხი. თუ ამ ამბებს გადაგვაყლაპებდნენ, შეიძლება მერე კიდევ უფრო წინ გადაედგათ ნაბიჯი ოკუპანტებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით“.
ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძე: ბოდიში და, სულ ფეხებზე მკიდია ეს სკამიცშარშან 25 ივნისს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მაშინდელი თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე ირწმუნებოდა, რომ ასამბლეის სხდომა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ატეხილი ხმაურისა და პირადად მისი ჩარევის შედეგად ჩაიშალა. იმხანად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი მართლაც ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ტრიბუნაზე გავრილოვის ხილვას შეშფოთებული ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა.
თუმცა როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, აკაკი ბობოხიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას - მმართველი პარტია 20 ივნისს ასამბლეის სხდომის გაგრძელებაზეც კი ფიქრობდა - „სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებდა, რომ გაეგრძელებინა კონფერენცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ერთადერთი, იმას ამბობდნენ, რომ გავრილოვი არ წაიყვანდა სხდომას... მაგრამ ამის დაშვებაც ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა“.
ვითარება თანდათან პარლამენტის შენობის გარეთაც დაიძაბა. ხალხი ქუჩაში გამოდიოდა. გავრილოვმა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა წევრებმა სასტუმრო „რადისონში“ გადაინაცვლეს.
თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა მათ იქაც მიაგნეს. რამდენიმე საათში კი, დაცვამ გავრილოვი ძლივს გაატარა აღელვებული ხალხის დერეფანში და პირდაპირ აეროპორტისკენ უქნა პირი.
იმ დღესაც და მას შემდეგაც, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა თქვა, რომ არც მათ მოეწონათ სერგეი გავრილოვის ხილვა ირაკლი კობახიძის სავარძელში და ქართველმა ხალხმა სამართლიანი გულისწყრომაც გამოხატა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები არავის უნახავს პარლამენტის შენობის წინ გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე.
„ერთი წამით ისიც რომ დავუშვათ, რომ რაღაც ვერ გათვალეს და შეცდომა დაუშვეს, რისიც არ მჯერა, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, იმის მაგივრად, რომ ყველანი ერთმანეთის მიყოლებით თავად გამოსულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ და ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ (რაც პრინციპულად შეცვლიდა ყველაფერს), აი იმ სისხლიანი ღამის მოწყობა დასჭირდათ, რომ კობახიძე გადამდგარიყო... ძალიან მძიმეა ის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც რუსეთთან რევერანსების კეთების პროცესში შეგვრჩა ხელში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეა“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
ამ ამბავს ორი საკადრო სვლა მოჰყვა: სადეპუტატო მანდატი დათმო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა და პოსტიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. თუმცა კობახიძემ პოსტი არა 20 ივნისს, არამედ 21 ივნისს დატოვა, მას შემდეგ, რაც რუსთაველზე სისხლი დაიღვარა.
ერთი წლის თავზე ირაკლი კობახიძე გავრილოვთნ დაკავშირებულ ამბავს სერიოზულ შეცდომას უწოდებს, მაგრამ ისევ ძველებურად ფიქრობს, რომ სიტუაციით ოპოზიციამ ისარგებლა და დესტრუქციულ მიზნებით იმოქმედა.
„20 ივნისს იყო სერიოზული შეცდომა დაშვებული, რასაც მოჰყვა ვნებათაღელვა და საბოლოო ჯამში, კონკრეტულმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ვნებათაღელვა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის... თავისი დესტრუქციული მიზნები ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას და სამწუხაროდ იმ დღეს მოახერხეს დიდწილად საკუთარი მიზნების შესრულება“ - უთხრა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებას.
რუსეთის ბრაზის პირისპირ
შარშანდელი 20 ივნისის შემდეგ, მოსკოვი დიდხანს და სხვადასხვა ფორმით ითხოვდა ბოდიშებს საქართველოს ხელისუფლებისგან. 21 ივნისს, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ოდნავ მოგვიანებით, საქართველოს ისტორიის გადაწერაც სცადა - ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ბუნებრივი ნაწილები არასდროს ყოფილაო.
მოსკოვიდან ისმოდა ოპოზიციონერი დეპუტატების დასჯის მოთხოვნაც. განსაკუთრებული სამიზნე სწორედ აკაკი ბობოხიძე იყო. 9 ივლისს დუმაში ისიც ითქვა - სააკაშვილთან და სხვებთან ერთად, ბობოხიძე ფსიქიატრიულში უნდა გამწესდესო.
ასევე ნახეთ გახარიას საჯარო „ჩვენება“როცა საერთო სურათს დაემატა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პრეზიდენტ პუტინისთვის "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან შეთვლილი გინებაც, რუსეთის დუმამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ახალი სანქციები ეკუთვნის. საქართველოს ლანძღვისა და შეურაცხყოფის თანხლებით ხმაურიანი დებატებიც გაიმართა.
„ლიბერალურ-დემოკრატიული“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ თქვა, რომ საქართველო რუსეთის წყალობით არსებობს და თბილისის თავზე რუსეთის დროშა უნდა ფრიალებდეს.
„საჭიროა ყველაზე ხისტი და გადამწყვეტი ზომები, რომ დამყარდეს წესრიგი მთელ სამხრეთ კავკასიაში... ეს იქნება რუსების გამარჯვება. რუსეთის დროშა ხელახლა უნდა აღიმართოს როგორც თბილისის, ასევე კიევის თავზე. სხვა შემთხვევაში, იქ პროფაშისტური რეჟიმები იქნება“.
მერე მოსკოვმა დამატებითი სანქციები აღარ დააწესა. გადაწყვიტა, ისე ეჩვენებინა, რომ პუტინმა ქართველი ხალხი დაინდო. ამ ნაბიჯს კმაყოფილებითა და მადლიერებით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა რუსეთის ხელისუფლებას - არ აჰყვეთ და არ უპასუხოთ რადიკალური ძალების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებსო.
ასევე ნახეთ გახარია: გავრილოვს არ შემოვუშვებთ! არ შემოვუშვებთ!2019 წლის 3 სექტემბერს, როცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ მესიჯი გაუგზავნა მოსკოვს - ვაწინაურებ ფიგურას, რომელმაც სამაგალითოდ დასაჯა 20 ივნისს სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ადამიანებიო.
გავრილოვმა რუსულ გამოცემასთან იმედი გამოთქვა, რომ - ახალ პრემიერს „ეყოფა სიმამაცე აწარმოოს გულახდილი დიალოგი რუსეთთან - თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“ და ასევე აღნიშნა, რომ ივნისში, თბილისში განვითარებული მოვლენების დროს გიორგი გახარია ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა.
სახელმწიფო გადატრიალება და დამხობა?
გავრილოვის თბილისიდან გაძევებას ე.წ. „გავრილოვის ღამე“ მოჰყვა - ხალხმრავალი აქცია ხელისუფლებამ ცრემლმდენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაიღვარა სისხლი. დაშავდა 300-მდე ადამიანი, მათ შორის - 80-მდე პოლიციელი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, კიდევ რამდენიმემ - მხედველობა. სხვადასხვა დროს დააკავეს 350 ადამიანი - ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით.
მომიტინგეები თვეების მანძილზე ითხოვდნენ იმდროინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას. მაგრამ გახარია არა თუ გადადგა, პრემიერის პოსტზე დაწინაურდა.
Your browser doesn’t support HTML5
ერთი წლის თავზე გიორგი გახარია ამბობს, რომ მეორეხარისხოვანია ყველა შეკითხვა, რომელიც იმ ღამით რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლასა თუ ბრძანებების გაცემას უკავშირდება.
მთავარი მისთვის არის მხოლოდ ის, რომ შს სამინისტრომ სახელმწიფოს იმ დღეს „დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა“ აარიდა თავიდან - „ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შს სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა მაშინ, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“.
ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები მალევე შეუდგნენ იმის მტკიცებას, რომ ოპოზიცია პარლამენტის შენობაში შეჭრას, სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავდა. ითქვა ასევე, რომ 20-21 ივნისის ღამე „გავრილოვის ღამე“ კი არა „გადატრიალების ღამე“, „რევოლუციის ღამე“ იყო.
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი2019 წლის 4 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია“ და „გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.
- „ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“;
- „დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე";
- "რაც განეიტრალებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით“.
და ვინ დაისაჯა ამისთვის?
ორიოდე დღის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხის“ ეთერში გიორგი გახარიამ თქვა, რომ 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების პროცესი მთლიანად დასრულებულია და ყველაფერი სასამართლოს გადაეცა.
- რადიო თავისუფლებამ გენერალურ პროკურატურაში გაარკვია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
- ასეთი ბრალი არც გასამართლებული ორი პოლიტიკოსისთვის (ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი) წაუყენებიათ. ორივეს 225-ე მუხლის პირველი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა) და მეორე ნაწილით (მასში მონაწილეობა) არის დადანაშაულებული.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს არც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დაუმტკიცდა და მხოლოდ მონაწილეობის გამო გასამართლდა. 13 აპრილს მას სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 15 მაისს ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. როგორც ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გვითხრა - პროცესი პანდემიის გამო იყო შეჩერებული და უცნობია, როდის განახლდება.
მანამდე კი, მელიას ამ საქმის გამო დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს და ის დღემდე საკონტროლო ელექტრონულ სამაჯურს ატარებს.
როგორც ჩანს, გიორგი გახარია არ არის მთლად კმაყოფილი. "1 არხთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ:
- ამ სიტუაციაში მხოლოდ ორი პოლიტიკოსის გასამართლება „პოლიტიკური პროცესის სისუსტის მაჩვენებელია“;
- „ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ამას ექნებოდა სულ სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები“.
გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, ამ ქვეყანაში აღარავინ მიიტანოს შტურმი პარლამენტის შენობაზე
„315-ე მუხლის დასახელება წმინდა პოლიტიკური სვლა იყო“, - გვეუბნება თინა ხიდაშელი. ის თავიდანვე ფიქრობდა, რომ ამ ბრალდებას ვერავის დაუდასტურებდნენ.
„დამხობას სჭირდება მოტივი და სჭირდება დადასტურება, რომ ქმედების გამოყენებული ფორმით შედეგი დადგებოდა. პარლამენტის შენობაში დემონსტრანტები რომც შეჭრილიყვნენ, ეს შედეგის დადგომას არ ნიშნავს.
ვერცერთი მოსამართლე ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასეთ კავშირს ვერ დაადგენდა და ვერ დაწერდა ქაღალდზე. მათ ჰგონიათ, რომ 2003 წელს (ვარდების რევოლუციის დროს) ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი პარლამენტში შევიდა. არა - ეს იმიტომ მოხდა, რომ შევარდნაძე გადადგა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისთვის, რომან გოცირიძისთვის პარლამენტში მშვიდობიან შესვლასა და შტურმს შორის დიდი სხვაობაა - „დავუშვათ, რამდენიმე ათეული ადამიანი აპირებდა პარლამენტში მშვიდობიანად შესვლას... მერე რა უნდა გაეკეთებინათ მათ იქ?!“
„ეს იყო ჩვეულებრივი მიტინგი და ცეკვადაც შეიძლებოდა მოგვჩვენებოდა იმასთან შედარებით, როგორი გამოსვლებიც არის ხოლმე მაგალითად საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში...
ხელისუფლებამ პროვოცირება მოახდინა და მერე ეს პოლიტიკურად გამოიყენა - სამართალდამცველები არ უნდა მდგარიყვნენ მომიტინგეთა პირისპირ, არ უნდა გამოეყენებინათ ძალა ხალხის წინაღმდეგ და არაფერი მოხდებოდა... ეს იყო ხელისუფლების მაამებლური ქმედება რუსეთის დასანახად“ - გვეუბნება გოცირიძე.
დასჯა, იგნორირება, შერჩევითი სამართალი?
20-21 ივნისის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 3 სამართალდამცველი. მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა და ისიც ოდნავ მოგვიანებით გირაოს წესით გაათავისუფლეს.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად - „ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ პოლიციის რიგით თანამშრომლებზე ფოკუსირდება და არ არის მიმართული პოლიციის ხელმძღვანელთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისაკენ“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი დემონსტრანტების დასჯაზე, მათი დაზიანებების იგნორირებასა და არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე ლაპარაკობს. ბოლო ერთ წელიწადში ცენტრი ახორციელებდა რამდენიმე პროექტს - როგორც დაზარალებულთა უფლებების დაცვის, ასევე სასამართლო საქმეების მონიტორინგის მიმართულებით.
ალეკო ცქიტიშვილი ძირითად მიგნებებს გვიზიარებს:
- „სახელმწიფო მიზანმიმართულად არიდებდა თავს ისეთი პირების დაზარალებულად ცნობას, რომლებსაც აშკარად აღენიშნებოდათ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები“;
- „სახელმწიფომ მიზანმიმართულად არ იმუშავა დემონსტრანტების საქმეებზე და გამოჩნდა დისბალანსი: დაზარალებულად არის ცნობილი 8 დემონსტრანტი და 60-ზე მეტი სამართალდამცველი“;
- „გარკვეულ შემთხვევებში საგამოძიებო ორგანოების ქმედებები სადამსჯელო შინაარსსაც ატარებდეს და საბოლოოდ, აქციის მონაწილეების დაშინებისკენ იყოს მიმართული“;
- „გამოვლინდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა სახის ზეწოლის გზით ხდებოდა დაკავებული დემონსტრანტების დათანხმება საპროცესო შეთანხმებებზე“.
გიორგი გახარიამ „1 არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „პარლამენტზე შტურმის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99%-მა დანაშაული აღიარა“ და „იქ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს“. აქ სავარაუდოდ სწორედ საპროცესო შეთანხმებებზე უნდა იყოს ლაპარაკი.
მათ შორის, ვინც ბრალი არ აღიარა, არიან მაგალითად - ბეჟან ლორთქიფანიძე და ბესიკ თამლიანი. ისინი სისტემის უსამართლობაზე ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ლორთქიფანიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შედარებით ადრე, ხოლო თამლიანი 23 მარტს, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა არაერთი ტელევიზია და ონლაინმედია.
ვიდრე სამართალდამცველები რეზინის ტყვიებსა თუ ცრემლსადენ აირს გამოიყენებდნენ, მაყურებელი ხედავდა, თუ როგორ ხდებოდა ცალკეული პოლიციელების შეთრევა ხალხის მასაში, როგორ ართმევდნენ ზოგიერთები მათ ჩაფხუტებსა თუ ფარებს. მომიტინგეთა ერთი ნაწილი პარლემენტის ეზოსკენ გადაადილებას ცდილობდა. იყო მწვავე ფიზიკური დაპირისპირებაც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის. ეს ქმედება ძალიან ბევრმა დაგმო.
უფლებადამცველებისა და ექსპერტების შეფასებით - ასეთი ფაქტები აუცილებლად მოითხოვდა დროულ აღკვეთას, ვითარების შემდგომი დაძაბვის თავიდან აშორების მიზნით. თინა ხიდაშელის შეფასებით, რეაგირების დაგვიანებაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:
„დანაშაულის გამოვლენა როცა იწყება, რეაგირება მაშინვეა საჭირო და არა საათების დაგვიანებით... თუ თავიდანვე არ აჩვენე, რომ არ დაუშვებ, მერე უარესი ხდება. მაშინვე უნდა დაეწყოთ მოქმედება, როდესაც პირველი პოლიციელი „შეიწოვა“ ხალხის ტალღამ... უნდა ემოქმედათ სწრაფად, თუ არ აპირებდნენ იმას, რაც შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ“.
თინა ხიდაშელისთვის ცალსახად სადამსჯელო სახეს ატარებდა შემთხვევის ადგილიდან წასული, გაფანტული დემონსტრანტების დევნა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე - "როდესაც მომიტინგე მიდის, იმას თავი უნდა დაანებო. თუ მისდევ, ეს უკვე სადამსჯელო ოპერაციაა". ასეთი ქმედებები ხიდაშელს 2007 წლის 7 ნოემბრის საღამოსა და 2011 წლის 26 მაისს ახსენებს.