Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: ბოდიში და, სულ ფეხებზე მკიდია ეს სკამიც


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ პირველები, ვისაც რეაგირება ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის გამოსვლაზე. მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უკვე ათასჯერ მოიბოდიშეს იმის გამო, რაც 20 ივნისს, პარლამენტში მოხდა.

„დაწყებული თამარ ჩუგოშვილით, გაგრძელებული არჩილ თალაკვაძით, თითოეული ჩვენგანით, თამარ ხულორდავათი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ამაზე რეაგირება მოაყოლა. მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმწამსვე ჩავშალე სხდომა. ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არცერთი რუსი დეპუტატი არ იყო თბილისში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 25 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მდინარაძის თქმით, შეუძლებელია ეს დაენახა „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომელმაც სამწუხაროდ, შეძლო ემართა გარეთ გამოსული ადამიანების ნაწილის ემოცია და „საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ, ვნახეთ.“

„ის დათხრილი თვალები, ის უბედურება რამდენიმე ადამიანის საიდან დაიწყო, ვინ მოუწოდა, ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა ადამიანების აზრზე, რომ პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით. პარლამენტში შემოვიდოდნენ და საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდნენ, თუ რა?! უნდოდათ ქვეყნის გადატრიალება და ხელისუფლების გადატრიალება. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიში და, სულ ფეხებზე მკიდია ეს სკამიც და ყველაფერი, სადაც ვზივარ. მაგრამ ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და ამ პარტიას სჭირდება მხოლოდ ობსტრუქცია და გადატრიალება.

მამუკა მდინარაძის შეფასებითვე, „ქართული ოცნების“ ინიციატივამ პროპორციული, უბარიერო არჩევნების ჩატარების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა“ შოკში ჩააგდო, რადგან ასეთი საარჩევნო სისტემით ოლუზიაც კი ვეღარ ექნება, რომ ოდესმე ხელისუფლებაში კვლავ მარტო აღმოჩნდება.

საქართველოში უკვე მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა ასამბლეის სხდომა.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

24 ივნისს, "ქართულმა ოცნებამ" შეასრულა კიდევ ერთი მოთხოვნა და დათანხმდა უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

აქციის მონაწილეთა უმთავრეს მოთხოვნად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

XS
SM
MD
LG