ბრალდებები "ოცნებიდან" - როდის იკრძალება პარტია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების საჭიროებაზე ლაპარაკობენ. „კარტოგრაფების საქმის“ ფონზე ეს საკითხი თავდაპირველად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წამოჭრა. მსგავს აქცენტებს სვამენ მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც. როგორ გამოიყურება ასეთი რიტორიკა საპარლამენტო არჩევნების წინ და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ჭრილში? რის საფუძველზე უქმდება პოლიტიკური პარტია? რას ამბობს კონსტიტუცია, კანონი და პარტიების წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი?

რა ისმის "ქართული ოცნებიდან"

ირაკლი ღარიბაშვილი ტელეინტერვიუებში ოპონენტებს მოღალატეებად, მანიაკებად, არარაობებად და სულელებად მოიხსენიებს; მიმართავს საზოგადოებას - გააკეთოს არჩევანი „პატრიოტიზმსა და ღალატს“ შორის და „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების საჭიროებასაც ხედავს.

  • „ვფიქრობ, ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია („ნაციონალური მოძრაობა“) უბრალოდ დაიხურებოდა... როგორც მინიმუმ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თუ დაუმტკიცდებოდა ასეთი ღალატის ჩადენა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ალბათ, სამუდამო ციხე დაემუქრებოდა“ – „იმედი“, გადაცემა „ნამდვილი რიცხვები“, 15 ოქტომბერი;
  • „როდესაც ორგანიზაცია არის ბრალდებული სახელმწიფო ღალატში თუ ტერიტორიების გადაცემაში მესამე ქვეყნისთვის - ეს უნდა იყოს და არის და იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური პარტია, გაუქმდეს და ყველა ის დამნაშავე, რომელმაც ეს სიბინძურე, ეს ანტიეროვნული, ქვეყნისა და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, იქნეს მიცემული პასუხისგებაში და უმკაცრესად დაისაჯოს“ - „ქართული არხი“, გადაცემა „უცნობის კიდობანი“, 16 ოქტომბერი.

ასევე ნახეთ ნოღაიდელის ცნობით, 2005-ში მკაფიოდ ითქვა, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანს რჩებოდა

ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებებს აფასებს და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, რომელსაც ის ტელე-იმედთან ინტერვიუში „დავით გარეჯას მოღალატეობრივი გზით დათმობის საქმეს“ უწოდებს, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ბრალეულობაზე მიუთითებს - „რა თქმა უნდა, ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ეს საკითხი გადაწყდა სააკაშვილის გარეშე“, - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

ასევე ღარიბაშვილის განცხადების თანახმად:

  • „სახეზეა ყველაფერი, ნათელია, ძალიან მარტივი საქმეა“;
  • „ბატონი ბიძინას (ივანიშვილის) ლიდერობით გუნდში არის თანხმობა, რომ ეს საქმე არის საერთო-ეროვნული საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე“.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის განცხადებები 17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედზე“ განავრცო პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან თქვა:

  • „სამართლებრივად, „ნაცმოძრაობის აკრძალვის“ ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინააღმდეგ“;
  • „მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს აბსოლუტურად ერთი დამოკიდებულება და მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით - „ნაცმოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“;
  • „არსებობს უამრავი ტომები. საქართველოს 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა შეკრა უზარმაზარი საქმე, სადაც არის გაერთიანებული ყველა დანაშაული, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“;
  • „ეს დანაშაულები შეიძლებოდა შეკრულიყო და შეიძლება, რა თქმა უნდა, გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი“;
  • „2012 წელს რომ მომხდარიყო ეს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა“.

და რატომ არ მოხდა ეს?“ - გადაცემის წამყვანის ამ შეკითხვის საპასუხოდ კობახიძემ გაიხსენა ევროპული ქვეყნების „ზოგადი მიდგომა“ – „მიღებული არ არის უკიდურესად ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა, რადგან „ნაცმოძრაობის“ მსგავსი პარტიები ... იატაკქვეშეთში უფრო საშიშები არიან“.

ასევე ნახეთ ISFED: ოპოზიციის დისკრედიტაციაზე მომუშავე FB-კამპანიის უკან ია მეტრეველის ორგანიზაცია დგას

წინამორბედის მოსაზრებებს სხვაგვარად განავრცობს პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, რომელმაც 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ პოლიტიკური ველიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გაყვანა, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით უნდა მოხდეს - „ამ არჩევნებში საზოგადოებას მართლაც აქვს საშუალება , რომ ეს დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობაგაიყვანოს პოლიტიკური ველიდან“.

სამართლებრივი თუ პოლიტიკური მიზანი?

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურას ჯერ არაფერი დაუდასტურებია და არც საქმის არსებითი განხილვა დაწყებულა. ამ ფონზე და წინასაარჩევნო კამპანიის ჭრილში, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ოპონენტების მოღალატეებად გამოცხადებასა და პარტიის აკრძალვაზე საუბარს პრობლემად მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორში.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ფაქტი, დიდი ალბათობით, არც საერთაშორისო მეთვალყურეებს გამოეპარებათ, რადგან - „2018 წლის არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ნაკლად მათ მიერ სწორედ დისკრედიტაციული და აგრესიული კამპანია გამოიკვეთა. ეს არ უწყობს ხელს ჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანიის შექმნას“.

ნიჟარაძის თქმით, ასეთი რიტორიკა დამაზიანებელია თავად მმართველი პარტიის რეპუტაციისთვის და შეუთავსებელია პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან.​

ასევე ნახეთ „კარტოგრაფების საქმეს“ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიიდან წამოსული ბრალდებები წარმოადგენს ზეწოლის მცდელობას მართლმსაჯულების პროცესებზეც.

ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად, „ლელოს“ წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

„კონკრეტულად თავდაცვის მინისტრის განცხადებებით აშკარად ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია. თქვენ, მე და ვიღაცას შეუძლია გამოთქვას აზრი... მაგრამ როდესაც ასეთ განცხადებებს მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ, ეს ჩვეულებრივ ითვლება ზემოქმედების მცდელობად - საზოგადოებრივ აზრზე, სამართალდამცავ, საგამოძიებო სტრუქტურებზე, სასამართლოზე...

სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის იმეორებენ ერთსა და იმავეს - სასამართლოს დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ფაქტორი არის ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების ნება“, - აცხადებს ხმალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

პარტიების ქცევის კოდექსით...

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პირველი ამ ტიპის არჩევნებია, როცა პარტიებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს. ხელმომწერებს შორის არიან „ქართული ოცნება“ და ძირითადი ოპოზიციური პარტიები. ტექსტის მიხედვით, პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან, მათ შორის - ღალატთან დაკავშირებითაც:

  • „საარჩევნო კამპანიის წარმოებისას თავს შევიკავებთ ისეთი საჯარო გამოსვლების, განცხადებების, სააგიტაციო მასალის (მედია, ვიდეო, აუდიო, სოციალური მედია, ბეჭდური) გავრცელებისგან, რომელიც გულისხმობს ცილისწამებას, ღალატის, ტერორიზმის, ან სხვა დანაშაულის დაბრალებას, ასევე, რომელიც წაახალისებს სიძულვილს, დაპირისპირებას და კონფლიქტს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით“;
  • „მედიასაშუალებებს არ მივაწვდით ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების, მათი წევრების შესახებ და საჯაროდ დავგმობთ მედიის ან მედიის ცალკეული წარმომადგენლის ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც შეიცავს მუქარას, ცილისწამებას, ან შეურაცხყოფას ამომრჩევლის ან საარჩევნო სუბიექტის მიმართ“.

ეს დოკუმენტი არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი, მაგრამ ასახავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადგენილ ნორმებს.

როგორც ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ გვითხრა, კოდექსის შემუშავების პროცესში ცესკო საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მოქმედებდა:

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის სახელმწიფოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით განახორციელა 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია. შემდეგ მას ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა“.

მმართველი პარტიიდან წამოსულ მძიმე ბრალდებებს ოპოზიციაც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და ამ პროცესის მიზნად - ოპონენტების წინასაარჩევნო დისკრედიტაციას ასახელებს.

ასევე ნახეთ „კარტოგრაფების საქმე“: აცდენები გამოკითხვის ოქმებსა და ზეპირ მონაყოლში

როგორც ბრალდებების უშუალო ადრესატი პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საელჩოები, ყველა ხედავს, რა ხერხებით იბრძვის „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო გარემოში“;
  • „ყველაფერზე მიდიან, პატიოსან მეცნიერებს იჭერენ... ეს არის უზნეობაც და უსამართლობის ზენიტიც“;
  • „ოპონენტების დისკრედიტაციისთვის „ქართული ოცნება“ წინა წლების არჩევნებშიც იყენებდა აკრძალულ მეთოდებს - იქნება ეს "ცოცხების თემა", პრემიერ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმის წამოწევა - „ჰაკიმ ფაშას“ ამბავი, რაფალიანცის ოჯახთან დაკავშირებული ამბავი თუ სხვა“.

რას გვეუბნება კონსტიტუცია, კანონი

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის თანახმად, პარტიის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა ეფუძნებოდეს - „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები დარეგულირებულია კანონით „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ტექსტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია:

  • რომლის მიზანია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
  • ანდა რომელიც ეწევა: ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

„პარტიის აკრძალვისთვის უტყუარი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, ისეთი მტკიცებულებები, რომ არავის გაუჩნდეს შეკითხვები და არც საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩათვლოს ეს დემოკრატიის კრახად. ეს ასეთი იოლი საქმე არ არის, რომ პარტია დახურო და გააუქმო“, - გვეუბნება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

ასევე ნახეთ უნდა განეხილა თუ არა პარლამენტს “სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის” რეზოლუცია

მაშინაც კი, თუკი ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები მხილებულები იქნებიან ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებთან კავშირში, ხმალაძის თქმით, საჭიროა დამტკიცდეს, რომ „ეს წარმომადგენელი ან წარმომადგენლები მოქმედებდნენ პარტიის სახელით“.

ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს - უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“. ამჟამად დაკავებულია 2 პირი: საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი - ივერ მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - ნატალია ილიჩოვა. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. პროკურატურას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლების სავარაუდო ბრალეულობასთან დაკავშირებით.