„ბორდერიზაციის“ გაგრძელების გზავნილი ერგნეთიდან

ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. მთავარი გზავნილი, რომელიც ამ შეხვედრის დასრულებისას ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა გაახმაურა, ის არის, რომ სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის მოწყობის სამუშაოებს. ქართულმა მხარემ კი უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება შეაფასა როგორც შემაშფოთებელი და მშვიდობისთვის საფრთხის შეცველი პროცესი.

კოჩიევის თქმით, მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა ბევრ საკითხში, მაგრამ ირიგაციისა და მინდვრებში გაჩენილ ხანძრებთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებში ურთიერთგაგებას აღწევენ.

ერგნეთის 94-ე შეხვედრაზე მხარეების წარმომადგენლებმა 10 საკითხი განიხილეს, მათ შორის: უკანონო ბორდერიზაციის, მოქალაქეთა უკანონო დაკავების, ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობისა და დავით ბაშარულის საკითხები.

იანვრიდან დღემდე საოკუპაციო ძალების მიერ 44 საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული, მაისიდან დღემდე კი - 5.

18 ივლისის შეხვედრაზე დილიდანვე იყო მოლოდინი, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ ძებნილი პირების გადაცემას მოითხოვდა. 17 ივლისის საღამოს ერგნეთთან ახლოს ქართველმა პოლიციელებმა ცხინვალიდან გადმოსული ორი პირი დააკავეს. ერთი მათგანი დაჭრილი იყო. ქართველი სამართალდამცავები მათ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან. საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევას გულისხმობს, თუმცა ცხინვალში მათ უფრო მძიმე ბრალდებები აქვთ წაყენებული. სარმატ გაბარაევს და ანდრეი კაბისოვს ცხინვალის ციხიდან გაქცევა და ოს მილიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა ბრალდებათ. ამის შესახებ ოსური მედია, ორი დღეა, გამუდმებით წერს და ერგნეთის შეხვედრის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა, მათი გადაცემა მოითხოვა, თუმცა მისმა ხელქვეითმა, ეგორ კოჩიევმა, საერთოდ უარყო დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა და კომენტარზეც უარი განაცხადა.

ერგნეთის შეხვედრა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეული, ქართველი სამართალდამცავების მიერ ერგნეთში დაკავებული ორი პირიდან ერთს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა. ამის შესახებ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ. თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსული პირი მძიმედ იყო დაჭრილი. ზვიადაძის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ ამ პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

18 ივლისის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კვლავ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემის საკითხი, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ გაურკვევლობაა. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ქართული სოფლების თავზე უპილოტო საფრენი აპარატების ოკუპირებული ტერიტორიიდან შეჭრა გააპროტესტა, რასაც ოსური და რუსული მხარეები არ დაეთანხმნენ და უფრო მეტი დოკუმენტური და ფაქტობრივი მასალის წარდგენა მოითხოვეს.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო, 95-ე, შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართება.