რა „აურია“ ივანიშვილმა?

ბიძინა ივანიშვილი, 2024 წლის 29 აპრილი

29 აპრილს პარლამენტის წინ წარმოთქმულ თითქმის 20-წუთიან სიტყვაში ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთში აურია როგორც მტერი და მოყვარე, ასევე ტერმინები, ფრაზები და ციტატები, ილაპრაკა ქვეყნის ინტერესების ღალატისა და პატრიოტიზმის ნიმუშებზე უკიდურესად ტენდენციური ინტერპრეტაციით.

ბერბიჭაშვილად და ორჯონიკიძეებად გამოაცხადა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეები, ხოლო რუსეთის მარიონეტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის სუვერენიტეტის მცველად და დასავლეთის შეთქმულების მსხვერპლად გამოიყვანა.

საყოველთაო?

„ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული მედია ბიძინა ივანიშვილის სიტყვას (ისევე როგორც 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ შეკრებას) უწოდებს „საყოველთაოს და სახალხოს“.

რას ნიშნავს საყოველთაო და სახალხო?

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით (მ. ჭაბაშვილი, არნ. ჩიქობავა):

  • საყოველთაო - ყველასთვის განკუთვნილი
  • სახალხო - მთელ ხალხთან დაკავშირებული

არც რაოდენობით, არც შემადგენლობით 29 აპრილს გამართული შეკრება არ ყოფილა არც საყოველთაო და არც - სახალხო. ეს იყო პარტიული შეკრება, რომელშიც „ქართული ოცნების“ აქტივისტების გარდა, საჯარო სამსახურში დასაქმებულებიც მონაწილეობდნენ.

მერაბ კოსტავა : „ჩვენ რ უნდა მივდიოდეთ მოსკოვში“

სიტყვის შესავალ ნაწილშივე ბიძინა ივანიშვილმა ახსენა საქართველოს ეროვნული გმირი, საბჭოთა დისიდენტი და პოლიტპატიმარი მერაბ კოსტავა.

ბიძინა ივანიშვილი: „საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს“.

ვინ იყო მერაბ კოსტავა და რას გულისხმობდა ის თავისუფლებისათვის ბრძოლაში?

„უნდა შეიქმნას საკონსულოები თბილისში და ეს აუცილებლად უნდა იქნას შეტანილი პროგრამაში. ჩვენ არ უნდა მივდიოდეთ მოსკოვში იმისათვის, რომ ველაპარაკოთ საკონსულოების წევრებს. ჩვენ მოსკოვს თავი უნდა ვანებოთ, მოსკოვი არც ჩვენ გვინდა და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ არც იმათ ვენდომებით“, - მერაბ კოსტავა.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს (საბაბი - ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა და ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა), თუმცა მხოლოდ ათი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ასევე ნახეთ “არავის ენდობა. არ აღიარებს დანაშაულს. იტანს შიმშილს” - ახალი გამოცემა მერაბ კოსტავას ცხოვრებაზე

მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა მთლიანად მიმართული იყო რუსეთისგან თავის დახსნისა და დასავლეთთან პოლიტიკური და სხვა სახის კავშირების დამყარებისკენ, ამის დასტურია 1976 წელს დაწერილი წერილი “გზა ჭეშმარიტებისკენ,” რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატს და რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებს ეხება და, რომელშიც საუბარია არსებით სხვაობაზე რუსეთსა და ევროპას შორის:

“ამ ხნის მანძილზე რუსებს არ ჰყოლიათ ეროვნებით რუსი დიდი ქართველოლოგი, გასაკვირია, მაგრამ იმჟამად ევროპელები მეტ ყურადღებას უთმობდნენ ქართველოლოგიის სფეროს. გავიხსენოთ თუნდაც მარი ბროსე, არტურ ლაისტი, ოლივერ და მარჯორი უორდროპები. რუსებს შორის იმჟამად არ მოიძებნებოდა ქართული კულტურის იმგვარი მოამაგე და მეგობარი, და-ძმა უორდროპები რომ იყვნენ. მაშ, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ინგლისურად უფრო ადრე ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა”. <...>ქრისტიანულმა რუსეთმა სამეფოს გაუქმებით, ქართული ენის დევნითა და ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფით ერთმორწმუნე საქართველოს გაუკეთა ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენია თვით სპარსეთსა და თურქეთს, სისხლის წვიმების არაერთგზის დამყენებელს საქართველოში და ეს ყოველივე კონტაქტის დამყარებისთანავე მოხდა. რას მივაწეროთ ეს ამბავი?"

აგენტურა, რომელიც ივანიშვილს მოსწონდა?

თავის სიტყვაში ბიძინა ივანიშვილმა ახსენა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც უწოდა "გარედან დანიშნული აგენტურა".

ბიძინა ივანიშვილი: „2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები - სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები - საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“.

რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ვარდების რევოლუციისა და წინა ხელისუფლების ლიდერებზე

2016 წლის 5 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარმა ბიძინა ივანიშვილმა მედიას უთხრა, რომ „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებით არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა, თუმცა მას მაშინაც არ უთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „უცხოეთის აგენტები“ იყვნენ.

„არაადეკვატური რეაქცია გავაკეთე მაშინ. ზედმეტად ემოციური ვიყავი, ზედმეტად გამიხარდა და ამ გზით მოსვლაც მივიღე. 2,5 წელიწადი ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით, მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და ამას ვერც გაბედავდა, რომ პირადი ეთხოვა რამე. ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა. ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა. მახსოვს, როგორ რეაქციას ვაკეთებდი შეცდომებზე. ბევრი მქონდა სააკაშვილთან ურთიერთობა. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ ახლა და სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტსაც ვეხმარებოდი“, - განაცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ცალკეულ პირებს. 2003-2012 წლების უმთავრეს პოლიტიკურ ფიგურებზე, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა:

„ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში, სახელმწიფოში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა. ადეიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია, წინა ხელისუფლებაში ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო. ...მერაბიშვილი მუდმივად მაოცებდა ხოლმე თავისი ეკონომიკური ანალიზით და როდესაც ვეკითხებოდი, საიდან იცოდა ამდენი, მიპასუხებდა - ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. ამიტომ სულ მაინტერესებდა მისი გაცნობა და ვერ მოვახერხე. სასამართლო, პროკურატურა და ყველაფერი მისი დალაგებულია. პოლიციაც მან დაულაგა მერაბიშვილს. მერაბიშვილი მეუბნებოდა, ნეტავ განახა, როგორ პარკეტზე ცხოვრობს ადეიშვილი და პირველი თაობის მობილურს იყენებსო, ისეთი პრინციპულია, სხვა არაფრის გაგონება არ უნდაო. მე ამ ყველაფრის მჯერა და იმ იდეოლოგიამ და ერთი კაცის გადაწყვეტილებებმა ბევრი აიძულა ისე მოქცეულიყო, როგორც შესაძლოა, არ უნდოდა" (2013 წლის 25 სექტ.).

ენჯეოები "სადისტური დიქტატურის" თუ "ოცნების" სამსახურში?

ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვაში ვრცლად ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციებზე („ენჯეოებზე“), რომელთა საშუალებითაც, მისი თქმით, უცხოელები ცდილობენ საქართველოში „არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა“ დააბრუნონ.

ბიძინა ივანიშვილი: „უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა“.

თუმცა ფაქტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველწლიური ანგარიშების სახით, სულ სხვა რამეზე მეტყველებენ: სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თანასწორობის ინსტიტუტი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და სხვა NGO-ები იცავდნენ ადამიანის უფლებებს და, თავიანთი აქტიურობით დისკომფორტს უქმნიდნენ წინა ხელისუფლებას. ასეც რომ არ იყოს, თუ "რეჟიმის სადიზმს" "ენჯეოებისგან" სრული მხარდაჭერა ჰქონდა, მაშინ რატომ იყვნენ (და არიან) „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში „ენჯეოების“ წარმომადგენლები?

ასევე ნახეთ „ოცნების“ ეს 24 პოლიტიკოსი „უცხოურ ძალასთან“ ან მათი „ინტერესების გამტარებელთან“ მუშაობდა

თამარ ჩუგოშვილი - 2010-2012 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

თინა ხიდაშელი - 2000-2004 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2004-2005 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე; 2015-2016 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

დავით ზურაბიშვილი - 1996-1997 წლებში „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ბიულეტენ Georgia Profile-ის რედაქტორი, 1997-2004 წლებში - თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის წევრი. 2012–2013 წლებში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

ასევე „ენჯეოებში“ მუშაობდნენ პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატი სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები.

ჯავაჰარლალ ნერუს საეჭვო ციტატის მანიპულაციური ციტირება

ბიძინა ივანიშვილმა ასევე ახსენა „ინდოელი ლიდერი, ჯავაჰარლალ ნერუ“ და იქვე მცირე ადაპტირებით მოიტანა მისი სიტყვა.

ბიძინა ივანიშვილი: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა“.

როგორც ირკვევა, ეს ფრაზა, რომელიც ივანიშვილმა ჯავაჰარლალ ნერუს მიაწერა, გვარიანადაა დამახინჯებული, არსებითი ცვლილება კი იმაში მდგომარეობს, რომ ფრაზაში „კოლონიზატორების" ნაცვლად გამოყენებულია „უცხო ქვეყანა", ხოლო ინტელიგენციის ნაცვლად - „ფსევდოელიტა“.

ამ საეჭვო წარმომავლობის ფრაზას ივანიშვილმა თავისი განმარტებაც დაურთო.

ბიძინა ივანიშვილი: „უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდოელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს. ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს. პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებათ. ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი. სწორედ ასეთია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ასეთი იყო ამ ადამიანების სახე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც“.

აქ ბიძინა ივანიშვილი მიანიშნებს წინა ხელისუფლების ლიდერების უცხოურ განათლებაზე, თუმცა, როგორც წესი, არა „ზოგადად უცხო ქვეყნები“, არამედ სწორედაც რომ ოკუპანტი ქვეყნები (იმპერიები) ცდილობენ თავიანთი მსოფლმხედველობის თავზე მოხვევას მეტროპოლიებში სასწავლებლად მიწვეულ ახალგაზრდებზე, რათა ჩანასახშივე ჩაახშონ ოკუპანტის ზიზღზე დაფუძნებული ნაციონალიზმის აღმოცენება: ბრიტანეთის მიერ დაპყრობილი ინდოელი უნდა გახდეს ანგლოფილი, ხოლო რუსეთის მიერ დაპყრობილი ქართველი - რუსოფილი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, განათლების მიღებას საპირისპირო შედეგი მოაქვს. მაგალითად გამოდგებიან საქართველოში „თერგდალეულები“, ინდოეთში კი ეროვნული კონგრესის ლიდერები:

  • ჯავაჰარლალ ნერუ - ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი. სწავლობდა ჰაროუს სკოლაში (Harrow School), ასევე ლონდონის უნივერსიტეტსა (City, University of London) და კემბრიჯის უნივერსიტეტში (University of Cambridge).
  • მოტილალ ნერუ - ინდოეთის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი ლიდერი. ცნობილი ადვოკატი, ჯავაჰარლალ ნერუს მამა. მასაც განათლება მიღებული ჰქონდა კემბრიჯის უნივერსიტეტში.
  • მაჰათმა განდი - ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. სწავლობდა Alfred High School-სა და University College London-ში.
  • ინდირა განდი - ინდოეთის ეროვნული კონგრესის ცენტრალური ფიგურა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი ინდოეთში. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის დედა. მასაც დამთავრებული ჰქონდა ოქსფორდის უნივერსიტეტის Somerville College-ი.
  • რაჯივ განდი - ჯავაჰარლალ ნერუს შვილიშვილი და ინდირა განდის უფროსი ვაჟი, რომელსაც საუკეთესო ბრიტანული განათლება და აღზრდა ჰქონდა მიღებული, ვინაიდან სწავლობდა Trinity College-ში, ლონდონის იმპერიული კოლეჯსა და კემბრიჯის უნივერსიტეტში.

ილიაც "ოცნების" სამსახურში?

ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ მას და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს კვლავ უწევთ ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. სწორედ ამ „ბრძოლის“ კონტექსტში ახსენა მან ილია ჭავჭავაძე, უფრო ზუსტად, მისი „შეგონება“: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, რომელიც, ივანიშვილის თქმითვე, უნდა აღსრულდეს.

ბიძინა ივანიშვილი: „ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“.

ასევე ნახეთ მოკლეს ილია

რას გულისხმობდა ილია ამ „შეგონებაში“? ვინ არღვევდა და ვინ არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს?

„ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის“, - ამას ამბობს ლელთ ღუნია ილიას „მგზავრის წერილებში“, მოხევე, რომელიც შეწუხებულია იმით, რომ დამპყრობელმა ეს ყველაფერი მოუშალა მის სამშობლოს. და ვინ არის ეს დამპყრობელი?

„რუსობაჩი ვართ“, - ამბობს ლელთ ღუნია, თუმცა ბიძინა ივანიშვილი რუსეთს საერთოდ არ ახსენებს, სუვერენიტეტის დაცვაზე საუბრისას ის ყურადღებას ამახვილებს დასავლეთსა და ევროკავშირზე, არადა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სუვერენიტეტს ამჯერადაც რუსეთი არ ცნობს (ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%) და კვლავ დიდია საფრთხე, რომ „რუსობაჩი“ აღმოვჩნდეთ.

გლობალური ომის პარტია

ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვაში რამდენჯერმე ახსენა „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც მან მიაწერა საქართველოსა და უკრაინის არგაწევრიანება ნატოში და მათი „ორპირ ქარში დაყენება“.

ბიძინა ივანიშვილი: „ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - თქვა ივანიშვილმა. და კიდევ: „გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი“.

ასევე ნახეთ რუსეთში არარსებული ლგბტ ორგანიზაცია აკრძალეს და ექსტრემისტულად გამოაცხადეს

„გლობალური ომის პარტია“ - ასეთი ორგანიზაცია (არც არაფორმალური და არც ფორმალური) არ არსებობს და არვინ იცის, ვინ და რა მოიაზრება მასში. არაერთხელ დასმული კითხვის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ლიდერები გაურბიან პასუხს. თუ google.com-ის შესაძლებლობით ვისარგებლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ ტერმინს ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრები იყენებენ. როგორც რუსული პროპაგანდის პირმშოა „საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ ორგანიზაცია“, რომელიც არ არსებობს, ასევე ქართული პროპაგანდის შვილია „გლობალური ომის პარტია“. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არარსებული „ლგბტ საერთაშორისო მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა, საქართველოში საქმე ჯერ აქამდე არ მისულა, თუმცა...

ვინ არის ახალი სერგო ორჯონიკიძე?

ივანიშვილმა ასევე ახსენა ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეები, გიგლა ბერბიჭაშვილები და „ღამურები“.

ბიძინა ივანიშვილი: „მათი დანიშვნა სურთ გარედან. სურთ „ღამურების“ - ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს საქართველო. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე“.

ასევე ნახეთ საბედისწერო 1922 წელი - როგორ შეიცვალა საქართველო ასი წლის წინ

სერგო ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები - ილიასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მკვლელები - ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში რუსები არიან. ახალი ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები საქართველოს დანაწევრებას ცდილობენ შიდა ქართლისა და აფხაზეთის ჩამოჭრით, ივანიშვილამდე სერგო ორჯონიკიძე იყო ის, ვინც საქართველოში რუსეთს მოუძღოდა, ვინც საქართველოსა და რუსეთს შორის ზღვრის წაშლას ცდილობდა, ვინც რუსეთთან ბრძოლაში თავისუფლების იდეას შეწირულ ქართველთა სისხლში იბანდა ხელებს და საქართველოს დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებას ცდილობდა. გიგლა ბერბიჭაშვილმა მოკლა ილია ჭავჭავაძე - საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობის იდეის სულისჩამდგმელი, სერგო ორჯონიკიძემ საქართველოს ოკუპაციაში მიიღო მონაწილეობა, იმ ოკუპაციაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, რადგან რუსეთს (არა ევროკავშირს ან აშშ-ს) ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.

იანუკოვიჩი და სუვერენიტეტი?

ბიძინა ივანიშვილმა ახსენა „შევარდნაძის საქართველო“ და „იანუკოვიჩის უკრაინა“, და თქვა, რომ დღევანდელი საქართველო არც ერთია და არც - მეორე, რადგან „საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი“.

ასევე ნახეთ 20 თებერვალი - დღე, რომელმაც შეცვალა უკრაინა

ივანიშვილის ამ განცხადებაში ისე მოჩანს, თითქოს შევარდნაძემ და იანუკოვიჩმა ვერ დაიცვეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არადა, ორივე ქვეყანაში ხელისუფლება სწორედ იმის გამო შეცვალა ხალხმა, რომ კორუფციაში, სიყალბეში (მათ შორის, არჩევნების გაყალბებაში) ჩაფლულ მთავრობებს თავიანთი ქვეყნები, პირდაპირი თუ ირიბი გზებით, უკან, რუსეთისკენ მიჰყავდათ. ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის ზეწოლით საერთოდ უარით თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამას არ მიიჩნევს სუვერენიტეტის დარღვევად. იანუკოვიჩის მაგალითის მოხმობით, აშკარაა, რომ მისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი და არა რუსეთი, როგორც ეს უკრაინის ექსპრეზიდენტისთვის იყო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი დღემდე რუსეთს აფარებს თავს.