ბინძური ცეკვები

ზვიად რატიანს მოსამართლე ცეკვავამ პატიმრობა შეუფარდა. ყველამ ვნახეთ, როგორ შეითრია უსახელოთა და უსახურთა ზღვამ პოეტი ცოტა ხნის წინ, როგორ აგინა, ცემა და დაამცირა.

მე და ზვიადს იმდენი დრო გვიტარებია ერთად, რამდენიც არ გამიტარებია არცერთ სხვა მწერალთან. ვინ იცის, რამდენი ღამე გვითენებია თეთრად და რამდენი დღე გვიღამებია შავად.

ეს იყო უსასრულო საუბრები მეგობრობაზე, ღალატზე, სიყვარულსა და სიძულვილზე, ანუ ცხოვრებაზე. და იქ იყო პოეზია, ბევრი პოეზია. ზვიადი დეკლამირებდა როგორც საკუთარ, ისე სხვის ლექსებს. მან კარგად იცის როგორც თავისი, ისე სხვა ქართველ პოეტთა ფასი.

ერთხელ ზვიადმა დამხატა კიდეც. საერთოდ, თუ არ იცი რატიანის ეს მხარე, მაშინ არაფერი გცოდნია. როგორი პოეტია იგი, ეს ყველამ კარგად იცის, მისმა მტერმაც და მოყვარემაც, მაგრამ ბევრმა არც კი იცის, რომ ამავდროულად ზვიადი იშვიათი მხატვარია, განსაკუთრებული თვალითა და ხელით. ესაა ხოლმე პატარა, თითქმის სათამაშო კარტისხელა ქაღალდზე შესრულებული ნახატი. ხშირად ფანქრით ან კალმისტრით. მისი დახატული ის ჩემი პორტრეტი ძალიან მიყვარდა, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ამდენ ქარტეხილებში სადღაც დაიკარგა.

იმედი მაქვს, კიდევ დამხატავს. ყოველ შემთხვევაში, თვითონვე მითხრა ბოლო საუბრისას. ერთი უნდა დაგხატო, შე ოხერო, აბა, ლექსს ხომ არ მოგიძღვნი, ბანალურიაო. თან თუ იცი მისი ხმის ტემბრი და საუბრის მანერა, იოლად წარმოიდგენ, როგორ სიცილსაც მოაყოლებდა ბოლოში.

ზვიადის სიცილი ცალკე ამბავია. „მწარე სიცილი“ სხვა კი არაფერია. ხოაკინ ფენიქსი თვეობით ვარჯიშობდა, ასე რომ გაეცინა თავის „ჯოკერში“. ზვიადი რომ იცინის, სულ გგონია, რომ ამ დროს შიგნიდან ცრემლი ახრჩობს. ცრემლი თუ არა, რაღაცა სხვა, ეგებ, ცრემლზე უფრო ცხელიც, ყელზე რომ მოსდგომია და კისრის ძარღვები დაუბერავს მისთვის.

ასე ემოციური სხვა არცერთი პოეტი მე არ ვიცი თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის. მაგარი პოეტები როგორ არა გვყავს, ამ მხრივ ჩვენ არასდროს გვიჭირდა. მაგრამ ზვიადს აქვს რაღაცა კიდევ, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს.

ნიჭზე არა მაქვს ლაპარაკი, არც მისი პოეზიის ანალიზს ვაპირებ. არამედ, ვგულისხმობ სევდას, რომელსაც ეს კაცი გულით დაატარებს. და კიდევ უფრო თავისებურ სიყვარულს. რომ ჰკითხო, რამ დაასევდიანა, ეგებ, ვერც გითხრას, ან პირიქით, იმდენი ჩამოგითვალოს, თავბრუ დაგეხვეს. ბოლოს კი აუცილებლად გაიცინებს. და შენ კვლავ ვერ მიხვდები, იცინის თუ ტირის. ეგებ ჩახრინწული ხმაც ამიტომ აქვს? ნაყლაპმა ცრემლებმა თუ ჩაუხეხა ყელი.

იმ სიყვარულმა ჩამოიყვანა საერთოდ თბილისში. სხვა მის ადგილზე უცებ ჩათბებოდა მოცარტის სამშობლოში, რომელმაც შეიკედლა და გულში ჩაიკრა, როცა პოეტს გაუჭირდა. იქ მას კარგი სტიპენდიაც ჰქონდა და უკეთესი სამედიცინო დაზღვევაც. საერთოდ, ის დაზღვევა რომ არა, ეს კაცი დღეს ეგებ აღარც გვყოლოდა. მაგრამ ზვიადმა ვერ მოისვენა და ერთ დღესაც დაუბრუნდა მშობლიურ თბილისს, სადაც მას მანამდე პოლიციამ აგინა, ცემა და დაამცირა.

განა არ იცოდა, სად ბრუნდებოდა. რომ ვკითხე ტელეფონით საუბრისას, დარწმუნებული ხარ, რასაც აკეთებ-მეთქი? მარტო იმაში ვარო დარწმუნებული, რომ საქართველოს გარეშე არ შემიძლია ცხოვრებაო. და გაიცინა ხმაში ცრემლით.

ამ სიყვარულისთვის რამდენიმე დღის წინ პოლიციამ მას კიდევ ერთხელ აგინა, სცემა და დაამცირა. მაგრამ მოსამართლე ცეკვავამ ეს არასაკმარისად ჩათვალა პოეტისთვის და მას პატიმრობა შეუფარდა. მერე რა, თუკი პოლიციამ პოეტს ცხვირი გაუტეხა და ხერხემლის მალები დაუბზარა? აბა, მოძალადეს ხომ არ დასჯიდა მოსამართლე ცეკვავა? მოსამართლე ცეკვავა სჯის მარტო ბავშვებს და ახალგაზრდებს. პროცესის დროს ალბათ ვერც კი შენიშნა მის წინ მდგარი ნაცემი პოეტი, რომელსაც ძლიერ უყვარს თავისი სამშობლო.

მოსამართლე ცეკვავას ბინძურ მეთოდებს ხშირად ახსენებენ. ამ დროს მეც სულ ფილმი „ბინძური ცეკვები“ მახსენდება უნებურად. ორიოდე დღის წინ, როცა ზვიად რატიანისთვის ცეკვავას განაჩენი გამოჰქონდა, უცბად ბორის ვიანის რომანი გამახსენდა, სახელად „მოვალ, თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო“. არ ვამბობ, დრო რომ მოვა, მოსამართლე ცეკვავას საფლავზეც ვინმე მიაფურთხებს-მეთქი, თუმცა, ვინ იტყვის, რომ არავინ წაიცეკვებს ზედ?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.