Black Sea Arena-ს სცენაზე გამართული კონცერტი 15 აგვისტოს მაყურებელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა კონცერტის მონაწილეები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსები იყვნენ.
მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა როგორც The Killers-მა, ასევე Black Sea Arena-მ. მაგრამ ფანების დიდი ნაწილი ამბობს, რომ The Killers-ი მათთვის აღარ არსებობს.
„როსია, როსია!“
მარიამ ჩარგაზია კონცერტზე მივიდა და ჩხუბში აღმოჩნდა. როცა რუსი დრამერის სცენაზე ასვლას აპროტესტებდნენ, მას და მის მეგობრებს რუსეთის მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
„ჩვენს სექტორში, ჩვენ გარშემო თითქმის ყველა რუსი იყო, ბევრნი იყვნენ... მთელი დარბაზი „სტოპ რაშას“ ყვიროდა, ჩვენც ავყევით, ლოგიკურია და მაგ დროს შემოგვიბრუნდნენ ჩვენს წინ მდგომი რუსები - ოთხი გოგო და ერთი ბიჭი - შუა თითები გვიჩვენეს და ყვიროდნენ „როსია, როსია“... რუსულად გველაპარაკებოდნენ. გვიღებდნენ მერე ვიდეოებს, ყველგან გაგაშავებთო“, - მარიამი გვეუბნება, რომ არც კი ახსოვს, ბოლოს როდის გაბრაზდა და იჩხუბა ასე; შემდეგ კი დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ამ დროს გარეთ უკვე გამოსული იყო The Killers-ის კონცერტზე მისულ მაყურებელთა აღშფოთებული ნაწილი. დემარში ამერიკული ჯგუფის სოლისტის საქციელს მოჰყვა - ბრენდონ ფლაიერსმა რუს დრამერს დაკვრის საშუალება მისცა და უკმაყოფილო აუდიტორიის დამშვიდება იმით სცადა, რომ უთხრა: ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, ამ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიანო.
ერთ-ერთი პირველი, ვინც დარბაზიდან გავიდა, ხატია ღვინიაშვილი იყო.
„სიმღერის დროს დავრჩით იმიტომ, რომ გვინდოდა, მიგვეღწია და ეღიარებინა მას სცენიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა... სიმღერის დროსაც არ ცხრებოდა ხალხი. ძალიან აღშფოთებული ვიყავით. აგვისტო - ომის თვეც რომ არ იყოს ახლა [2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან - რ.თ.], ხომ ვიცით, რაც ხდება უკრაინაში, მსოფლიოში, აქ, აჭარაში... მე ძალიან მიკვირს, როგორ გაბედა საერთოდ ეს [ბრენდონ ფლაუერსმა], მაგრამ ნამდვილად მიიღო პასუხი... საერთაშორისო დონეზეც ძლიერი გამოხმაურება იყო. ჩვენმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო“, - ამბობს ხატია.
როგორ მოხვდა რუსი დრამერი სცენაზე?
როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, ახალგაზრდა კაცს ხელში ეჭირა პლაკატი ინგლისურად - „ბედმა თუ გამიღიმა, დღეს მე გავხდები თქვენი დრამერი“ (If destiny is kind I’ll be your drummer tonight).
ჯგუფის სოლისტი დაინტერესდა - რა ეროვნების იყო პლაკატის ავტორი და როცა გაარკვია, რომ რუსი იყო, დარბაზის უარყოფითი რეაქციების ფონზე, ფლაუერსმა აუდიტორიას ჰკითხა - „წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ რუსი ამოვიდეს [სცენაზე]?“.
გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ დარბაზის ნაწილმა სტვენა და ხმაური დაიწყო. ისმოდა შეძახილები - „რუსეთი ოკუპანტია“. ფლაუერსმა ყურადღება არ მიაქცია პროტესტს და რუსი დრამერი სცენაზე მაინც მიიწვია.
დამსწრეებს განსაკუთრებით გამაღიზიანებლად მოეჩვენათ წარდგენის დროს წარმოთქმული მისი სიტყვები - „ეს არის თქვენი ძმა ენდრიუ [სავარაუდოდ, ანდრეი]“.
ხმაურის ფონზე, უკვე როცა სიმღერა შესრულდა, ბრენდონ ფლაუერსი გაღიზიანებული ტონით კვლავ მიუბრუნდა აღელვებულ აუდიტორიას.
„არ შეგიძლია ძმის ცნობა? ის [რუსი დრამერი] არ არის შენი ძმა?... მე არ ვარ შენი ძმა, რადგან ამერიკელი ვარ?“ - შეუტია ერთ-ერთ მაყურებელს ფლაუერსმა.
ასევე ნახეთ The Killers-მა "ბლექ სი არენის" სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა - მსმენელების ნაწილმა დარბაზი დატოვახატია ღვინიაშვილის ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ფლაუერსი აგრესიულად იქცეოდა, როდესაც მას რუსი დრამერის სცენაზე აყვანის იდეა დარბაზმა არ მოუწონა.
„ჩვენ გამოგვიყვანა თითქოს აგრესორები... რომ თითქოს ჩვენ ვჩაგრავდით ადამიანს და მისი ძმობა ვერ დავინახეთ, შეგვეშალა... ვიღაც მივიდა მასთან, სავარაუდოდ თანამშრომელი, უხსნიდა, რომ ეს არ გაეკეთებინა [არ აეყვანა დრამერი სცენაზე], მაგრამ იმასაც გაუქნია თავი... ძალიან აღშფოთებული ვიყავით“, - ამბობს ღვინიაშვილი.
რამდენიმე საათში, ამერიკულმა ჯგუფმა, The Killers-მა საბოდიშო განცხადება გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ The Killers: ბოდიშს ვიხდით. არავის შეურაცხყოფა არ გვსურდა
„ბოდიში იმიტომ მოიხადა, რომ უბრალოდ მიხვდა, არ გაუვიდოდა, არ შერჩებოდა ასეთი მოქმედება“, - ბოდიში უმეტესობამ არ მიიღო.
„შარშანაც ვიყავი, მაგრამ მომავალში აღარ წავალ [მათ კონცერტზე]. პატივისცემა დავკარგე ბენდის მიმართ, თუნდაც იმის გამო, რომ არასწორად გამოიყენეს თავიანთი პლატფორმა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონცერტის კიდევ ერთი უკმაყოფილო მაყურებელი, ქეთი ქარსელაძე, რომელმაც ფეისბუკში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა.
კონცერტი ჯერ დამთავრებული არ იყო, რომ სოციალურ ქსელებს ბრაზის ტალღამ გადაუარა.
რატომ აიყვანა პოპულარული ამერიკული ჯგუფის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი, ეს The Killers-ის წინასწარი ჩანაფიქრი იყო? - ამ შეკითხვაზე ისევ დავობენ სოციალურ ქსელში.
მაგალითად, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ თამაზ ლომიძეს არ სჯერა, რომ ეს შემთხვევით მოხდა.
„ასე მიზანმიმართულად და დაგეგმილად მუშაობენ რუსები... ასეთ პატარ-პატარა შხამის ინიექციებს გვიკეთებენ, რომ ნელ-ნელა გამოვთაყვანდეთ, მოვდუნდეთ, ხელები ჩამოვყაროთ და შევეჩვიოთ ამათ თარეშს“, - წერს ის საკუთარ ფეისბუკგვერდზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პატივს სცემს ადამიანებს, რომლებიც 15 აგვისტოს მომხდარის გამო „გულწრფელად აღელდნენ“, მაგრამ დაამატა, რომ „ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში არის ხელოვნური“. მისი კომენტარის დიდი ნაწილი კვლავ ოპოზიციის კრიტიკას დაეთმო.
„რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!“ - აცხადებენ ოპოზიციაში. „ლელოს“ დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა, „რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა“ და „ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა“.
Black Sea Arena-ს სკანდალმა მიიპყრო რუსეთის მედიის ყურადღება. „საქართველოში The Killers-ის კონცერტი რუსი დრამერის გამო ჩაშალეს“ - „რია ნოვოსტის“ გარდა, სტატიას ამ სათაურით არაერთი სხვა გამოცემა აქვეყნებს. ტექსტში წერია, რომ ამერიკული ჯგუფის სოლისტს საქართველოში შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი გადაწყვეტილება სწორად ვერ გაიგეს.
რეზონანსი საერთაშორისო მედიაში
„ქვეყნის იმიჯს ეს ყველაფერი დადებითად შემოუბრუნდა“, „ზოგი ჭირი მარგებელია“, - წერდნენ ფეისბუკის მომხმარებლები მას შემდეგ, რაც კონცერტზე მომხდარი ამბავი საერთაშორისო მედიამ გაახმაურა.
BBC, The Guardian, Reuters, Independent, Newsweek, Insider, Politico, NBC News და სხვა - ქართველი მაყურებლის რეაქციებმა არაერთი საერთაშორისო გამოცემის ყურადღება მიიპყრო. სტატიებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს მოსახლეობა უპირატესად უკრაინას უჭერს მხარს.
- „პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამაც გამოიწვია რუსი მიგრანტების საქართველოში მოზღვავება და გააძლიერა ქვეყნის ეკონომიკა, „საქართველოს მთავრობამ უარი თქვა შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს კრემლის წინააღმდეგ“;
- „როიტერსი“ მიუთითებს, რომ „საქართველოს თავის ჩრდილოელ მეზობელთან დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს“, რაც გაამწვავა მოსკოვის შეჭრამ უკრაინაში, 2022 წლის თებერვალში;
„სტვენა და დარბაზის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-ი ეუბნება საქართველოს აუდიტორიას, რომ რუსი „ძმაა“. ბრენდონ ფლაუერსი სცენაზე მიესალმება ფანს იმ ქვეყნიდან [რუსეთი], რომელიც შეიჭრა და დღემდე ოკუპირებული აქვს ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ნაწილი“, - წერს „გარდიანი“ და აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გადავიდნენ და პროტესტიც გაჩნდა, მაგალითად, ისეთი, როგორც ეს რუსეთის საკრუიზო გემის ბათუმის პორტში შესვლას მოჰყვა.