თუკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმის პროტესტს „ქაჯობასა“ და მედიის „პროვოკაციას“ უწოდებს, ხოლო პარტიის მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ფსევდოპატრიოტებსა და უსაქმურებს არქმევენ, საექსპერტო წრეებში საქართველოს უსაფრთხოების რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას და აქციას ლოგიკურად თვლიან.
საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის სერვისების გაყიდვის ოფიციალურ ვებსაიტზე, რომელიც ინტერნეტში მხოლოდ რუსულ ენაზე იძებნება და პარტნიორებიც ძირითადად მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სოჭში ჰყავს, მსურველებს ბათუმის მონახულებას უკვე აღარ სთავაზობენ. აგვისტოს, სექტემბრისა და შემდეგი თვეების შეთავაზება ძირითადად მხოლოდ თურქეთის ქალაქებს შეეხება.
ამ ფაქტს პროტესტის მონაწილეები თუ მხარდამჭერები სწორედ ბათუმში გამართული ხმაურიანი საპროტესტო აქციების ხელშესახებ წარმატებად მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ "უკვე მეტისმეტი იყო" - რამ გააბრაზა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებიუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კარგად ესმის ყველა იმ ადამიანის, ვინც ბათუმის ნავსადგურში ლაინერ Astoria Grande-ით რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ ასეთ პროტესტს აქვს აზრიც და საფუძველიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები სახმელეთო და საჰაერო გზებითაც მრავლად შემოდიან საქართველოში და მკვიდრდებიან კიდეც.
„ცხადია, განსხვავებაა, როდესაც გაკრიალებული ლაინერიდან ნაპატიები რუსი ოკუპანტი გადმოდის და კრემლის რიტორიკას აჟღერებს - მის წინააღმდეგ უფრო მეტად ირაზმება ხალხი, ვიდრე რომელიმე სხვა რუსი ტურისტის წინააღმდეგ, რომელსაც ეტყობა, რომ პუტინის რეჟიმისგან, მაინცდამაინც, არც თავად არის ბედნიერი... ამას არანაირი კავშირი არ აქვს ქსენოფობიასთან“, - ამბობს ანდრო გოცირიძე და უკვე შექმნილ, გამაღიზიანებელ ფონსაც უსვამს ხაზს.
„უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიან ბათუმში თუ თბილისში, კომპაქტურად სახლდებიან, ქმნიან თავიანთ ეკოსისტემას და გვევლინებიან დამსაქმებლებად - შრომის ბაზარზე იწვევენ არაჯანსაღ კონკურენციას, რადგან ეთნიკური ნიშნით ისევ რუსეთის მოქალაქეებს ასაქმებენ და სხვა“, - გოცირიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე სულ უფრო განდევნის მაღალბიუჯეტიან ევროპელ ტურისტებს, რადგან, მისი თქმით, „არავის უნდა დასვენება რუსეთის მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში“.
„[ლარსის გავლით] ინდივიდუალური რუსების და გემის შემოსვლა [ბათუმში] პრინციპულად სხვადასხვა „წონის“ მოვლენებია“ გია ნოდიასთვის.
პოლიტოლოგი თავის ფეისბუკგვერდზე წერს, რომ „რუსული გემების, ისევე როგორც თვიმფრინავების მიღება პოლიტიკური აქტია და მასზე შესაბამისი რეაქცია უნდა გვქონდეს, რაც არ დაიყვანება რუსეთის ინდივიდუალური მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაზე“. ზოგადად, ის „რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებასა“ და „მათი აქ ყოფნის უფრო მკაცრ რეგულაციებს“ უჭერს მხარს.
Astoria Grande-ის მგზავრები, რუსეთის მოქალაქეები ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიები არ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, აფხაზეთი რუსეთმა გაათავისუფლა ქართველებისგან და რომ „საყვარელ, მოძმე“ საქართველოში ხაჭაპურის საჭმელად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ჩამოვიდნენ. ქართული მედიის კამერებმა ასახა „ასტორიის“ გემბანზე რუსი ტურისტების შეურაცხმყოფელი ჟესტებიც.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაცია იყორუსი ტურისტების ინტერვიუებში გაჟღერებული ფრაზები, რაშიც საზოგადოების აღშფოთებულმა ნაწილმა კრემლის მესიჯები დაინახა, მედიის პროვოკაციად შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ - ჟურნალისტებმა რუსი ტურისტებისგან მოსალოდნელი პასუხები მიიღეს და „როდესაც შემოდის რუსეთიდან ადამიანი და კითხვით დასდევს ჟურნალისტი და უსვამს ამ თემაზე, თავისთავად უკვე პროვოკაციაა“. მანამდე კობახიძემ ბათუმის პროტესტს „ქაჯობაც“ უწოდა.
საპროტესტო აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, რომელმაც Astoria Grande-თან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართველი ხალხი არ მიესალმება „ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი“.
პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ელჩმა ქართველი ხალხის სახელით „ისტერიას“ [აქციას] დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა „იმ აქციაზე სულ იყო 100-200 ადამიანი, რაც თავისთავად არ განასახიერებს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებაშია“. „ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა“, - თქვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ "მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი" - დეგნანი ბათუმის ნავსადგურში Astoria Grande-ს საწინააღმდეგო აქციაზე ასევე ნახეთ "ეს ფეხის კვალია" - ბათუმის ნავსადგურში დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს27 და 31 ივლისს ბათუმში მომხდარს ანდრო გოცირიძე ქვეყნის უსაფრთხოების რისკებთან აკავშირებს.
მისი თქმით, ხელისუფლებას უფლება არ უნდა მიეცა და არ უნდა დაეშვა სოჭიდან მომავალი საკრუიზო ლაინერის ბათუმში შემოსვლა, რადგან პროტესტი იოლად საპროგნოზო იყო და ამით თავიდან აიშორებდა „რთულ სანახაობას“, როდესაც „ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები [საქართველოს] სამართალდამცველი სტრუქტურების კორდონით გადაადგილდებიან დროსტარების ადგილას იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მათ მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნა ჯერ კიდევ გუშინდელი დღეა“.
ექსპერტის შეფასებით, გემის შემოსვლის დაშვება თავად „ქართული ოცნების“ მიერ რუსეთის მიმართ დეკლარირებულ „არგაღიზიანებისა და დათბობის პოლიტიკასაც“ ეწინააღმდეგება, რადგან ქართულ საზოგადოებაში გაღიზიანების ზრდამ „შესაძლოა სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს რუს ტურისტებთან თუ მიგრანტებთან“.
„ხელისუფლებას შეეძლო სწორედ ამ მოტივით ეთქვა უარი რუსეთისთვის ლაინერის შემოსვლაზე... ლისზე დაგეგმილი ღონისძიების ["თბილისი პრაიდის" ფესტივალი] მონაწილეებს ხომ უთხრა პოლიციამ ახლახან, რომ ვერ დაიცავდა?!“, - გვეუბნება გოცირიძე.
ანდრო გოცირიძე გვპასუხობს, რომ იმედია, ხალხი „ძალიან ხანმოკლე ეკონომიკურ სარგებელზე“ არ გაცვლის საქართველოს ინტერესებს და თუკი ეს ასეა, „მაშინ ჩვენი სუვერენიტეტიდან აღარაფერი დარჩენილა“.
ბათუმში გამართულ აქციას ის „დაუგეგმავს, სპონტანურს“ უწოდებს და ხალხის რაოდენობაც ამის შესაბამისად მიაჩნია. „მე ვფიქრობ, რომ ხალხს თავისი გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ელოდება არჩევნებს... ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან დაახლოება აშორებს დასავლეთს და რომელია მომგებიანი, ეს ხალხის გადასაწყვეტია“, - ამბობს გოცირიძე.
საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, პროტესტს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს მიაწერს რუსეთიც.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა. ის ამბობს, რომ „ცოცხალია რუსეთისა და რუსების სიძულვილის ბაცილა“ და ის პერიოდულად იჩენს თავს. „საკითხავია, რის მიღწევას ცდილობდნენ მყვირალა სააკაშვილელები თავიანთი დემონსტრაციით ბათუმში ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ, რომლებიც იქ ჩვენივე ლაინერით ჩავიდნენ?“ - იკითხა გრიგორი კარასინმა.
ბათუმის ნაცვლად, ASTORIA GRANDE-ს სოხუმში ეპატიჟება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია. 2 აგვისტოს მან რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ სოხუმში „ასტორია გრანდსაც“ ისევე „გულთბილად მიიღებენ“, როგორც მსგავს საკრუიზო გემს „კნიაზ ვლადიმირს“ ხვდებიან. მისი ინფორმაციით, „კნიაზ ვლადიმირი“ სოჭი-სოხუმის მარშრუტზე ივნისის ბოლოდან დადის.
რუსეთის მედია ბათუმურ პროტესტს „არამეგობრულ აქციებს“ უწოდებს.
- 27 და 31 ივლისს, ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქციების ფონზე დახვდნენ სოჭიდან გამოსულ საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ს, რომელზეც დიდწილად რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 31 ივლისის რეისით საქართველოში პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი მუსიკოსები და არტისტები ჩამოვიდნენ.
- საპროტესტო აქციაზე კვერცხებისა და ბოთლების სროლის მიუხედავად, გემის მგზავრები, პოლიციის დახმარებით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მაინც გაიყვანეს ქალაქში. 31 ივლისს, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის - უკრაინის ორი მოქალაქე.
- 1 და 2 აგვისტოს ყველა დაკავებული გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო განხილვა არ დასრულებულა.
ასევე ნახეთ არის თუ არა ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერის მფლობელი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი