Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაცია იყო


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პროვოკაციული იყო ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის მგზავრებისთვის საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვები. კობახიძეს სოჭიდან (თურქეთის გავლით) ბათუმში საკრუიზო ლაინერით ტურისტების შესვლაზე შეკითხვა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს.

"როდესაც შემოდის რუსეთიდან ადამიანი და კითხვით დასდევს ჟურნალისტი და უსვამს ამ თემაზე, თავისთავად უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს, იმას იმეორებენ.

როგორც კი ჟურნალისტი გაეკიდება ამ ადამიანებს და დაუსვამს კითხვებს და მერე ამას აშუქებს, ეს არის პროვოკაცია. მხოლოდ ის ტელევიზიები აკეთებდნენ ამას, რომელიც ეკუთვნის ნაცმოძრაობას", - თქვა კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "ამოსავალი წერტილია "ოკუპაციის შესახებ კანონი" და ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაცვას".

ASTORIA GRANDE-ს მგზავრებს საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით კითხვები "ფორმულისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა დაუსვეს.

"ოკუპაციის შესახებ არ ვიცით, თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით... ჩვენ გეხმარებოდით, აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ", - თქვა სოჭიდან ბათუმში ჩასულმა ერთ-ერთმა ტურისტმა ჟურნალისტებთან კომენტარში.

გუშინ, 31 ივლისს, სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!".

საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქე იყო.

პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

XS
SM
MD
LG