Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უკვე მეტისმეტი იყო" - რამ გააბრაზა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები


საკრუიზო გემი - Astoria Grande ბათუმის სანაპიროს 31 ივლისს გამთენიას მიადგა
საკრუიზო გემი - Astoria Grande ბათუმის სანაპიროს 31 ივლისს გამთენიას მიადგა

„მტრის შემოშვებას ოჯახში არა აქვს გამართლება“, „რუსეთს არ მივცემთ საქართველოში საცეცების გაშლის უფლებას“, „საშინლად მაბრაზებს მათი ცინიკური დამოკიდებულება“, „ისინი აქ ვერ იგულავებენ“.

- ამ განწყობებით და საპროტესტო აქციით დახვდა ბათუმში ხალხი რუსეთის ქალაქ სოჭიდან დაძრულ, რუსი არტისტებით და ტურისტებით სავსე საკრუიზო გემს, რომელიც ბათუმის ნავსადგურს 31 ივლისის გამთენიას მიადგა.

საპროტესტო აქცია ბათუმში წინა დღით, ჯერ კიდევ გემის შემოსვლამდე, დაიწყო. მაშინ, როცა პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა, რომ დემონსტრანტები ლაინერზე მყოფ რუს ტურისტებს არ მიახლოებოდნენ.

იქ შეკრებილი ხალხი, ბათუმელები, ქობულეთელები თუ აქციას შეერთებული თბილისელები, თითქმის ყველა, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობს, რომ ისინი იქ "საშინელმა ბრაზმა" მიიყვანა.

რამ გააბრაზა ისინი? აი, რამდენიმე პასუხი:

ლევან აბულაძე, 34 წლის.
ლევან აბულაძე, 34 წლის.

„მე 2008 წელს ჩემი სამშობლოს დასაცავად ვიბრძოდი. და ეს, რაც ვნახე, უკვე მეტისმეტი იყო - ასეთი დემონსტრაციული, კრუიზული „გულაობის“ მოწყობა ბათუმში ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, მაშინ, როდესაც ჩვენი ძმები, დები, თავიანთი მშობლების, ოჯახის წევრების თუ თანამებრძოლების სასაფლაოებზე ვერ გადადიან, ჩვენივე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს თავგასულობაა არა მარტო მტრის მხრიდან, არამედ მათი მხრიდანაც, ვისთვისაც ეს გემი და მისი აქ მოსვლა მისაღებია. სანამ ჩემი ქვეყნის ერთი სანტიმეტრი მაინც არის ოკუპირებული, მათი აქ სტუმრობა ჩემთვის მიუღებელია - მტრის ოჯახში შემოშვებას არა აქვს ლოგიკა და გამართლება“.

გურო ცეცხლაძე, ახალგაზრდული ორგანიზაცია „კარის“ წევრი, 17 წლის.
გურო ცეცხლაძე, ახალგაზრდული ორგანიზაცია „კარის“ წევრი, 17 წლის.

"ბათუმში თბილისიდან ჩამოვედი იმისთვის, რომ რუსული კრუიზი და საქართველოში რუსული გავლენა გავაპროტესტო. რომ ჩვენს ეროვნულობას, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას არავინ შეეხოს. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს იმის უფლებას, რომ თავისი საცეცებით მოსწვდეს საქართველოს".

ნანა პაპუნაიშვილი, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, 68 წლის.
ნანა პაპუნაიშვილი, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, 68 წლის.

"აქ იმიტომ ვარ, რომ მახსოვს 9 აპრილს მოკლული ყველას სახელი და გვარი. როდესაც ჩემი მოსწავლეები მეკითხებიან, რატომ არის რუსეთი ოკუპანტი, პირდაპირ ვუპასუხებ. იმასაც ვეუბნები, რატომ არ არის ეს ერი სინამდვილეში ერთმორწმუნე და რომ მათ ქცევას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. და ვინც ტაშით ხვდება სატინგიცოდ და სასეირნოდ აქ ჩამოსულ რუს ტურისტებს, არც კი ვიცი მათზე რა ვთქვა. მე ამას არ და ვერ შევეგუები და თუ საჭირო იქნება, თავსაც შევწირავ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 9 აპრილის მერე, ისევ რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტება მომიწევდა".

იამზე ცალქალამანიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“, 58 წლის.
იამზე ცალქალამანიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“, 58 წლის.

"ამ გემიდან გადმოსულმა ტურისტებმა თქვეს, ჩვენო, აფხაზებს დავეხმარეთო, არც საქართველოა რუსეთისგან ოკუპირებულიო. აი, ამ განცხადებებს აკეთებენ ისინი აქ, საქართველოში, ამ მიწაზე და ცხადია, ამისთვის შესაბამის პასუხს მიიღებენ ჩვენგან. ოღონდ მარტო აქ არ უნდა ვიდგეთ, ყველგან უნდა გავაპროტესტოთ, რაც გასაპროტესტებელია. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ყველაფერს ყიდულობენ, „ბიზნესებს“ ხსნიან და ყველაფერს მოედნენ, კიდევ აქეთ ჩვენ დაგვცინიან ცინიკურად. ამას ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი უნდა აპროტესტებდეს და მშვიდად არ უყურებდეს".

ნუცა ირემაძე, 34 წლის, ბათუმიდან.
ნუცა ირემაძე, 34 წლის, ბათუმიდან.

"საშინლად მაბრაზებს რუსების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, ეს აგდებული, მედიდური ტონი, რომ აი, ჩვენ ვართ და დიახ, მოვალთ. უკრაინაში ომის დაწყების პირველ თვეებში ეს ნაკლებად იგრძნობოდა თითქოს, მაშინ, როცა ისინი ლარსიდან შემოდიოდნენ. უფრო დამფრთხალები იყვნენ, გამორბოდნენ და თითქოს უფრო მოწიწებით იქცეოდნენ. მაგრამ, რაც უფრო მომრავლდნენ, დაფუძნდნენ, თავიანთი „კლანი“ შექმნეს აქ, საქართველოში, დაიწყეს ჩვენი დაკნინება და დამცირება. დღესაც, ამ გემიდან ჩამოსულმა გოგომ და ბიჭმა გამოიარეს აქციის მონაწილეების წინ და ყვიროდნენ, ჩვენ თქვენი ხაჭაპური ვჭამეთ, იცით, რა გემრიელი იყოო? მე რუსეთიდან ვარ, პუტინი კარგიაო. სპეციალურად იწვევდნენ ხალხს. ამ გემიდან უფრო იგრძნობოდა ეს დამოკიდებულება. ამ გოგოს, ჩემდა გასახარად, თავში კვერცხი მოხვდა".

საკრუიზო გემმა, სახელად „ASTORIA GRANDE“, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები არიან, სოჭის პორტიდან სტარტი 29 ივლისს აიღო. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის გამოვლის შემდეგ კი ბათუმის სანაპიროს მიადგა.

გემზე, ტურისტების გარდა, პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი მუსიკოსები და არტისტებიც არიან.

მათ შორის, უკრაინის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი, რომელიც 2022 წელს მონაწილეობდა პატრიოტულ მარათონში „ზა რასიი“, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა.

ასევე, რუსული მუსიკალური ჯგუფი „Те100стерон“ („ტესტოსტერონი“), რომელიც ძმებმა ვალერი და ანდრეი ბირბიჩაძეებმა დააარსეს. ეს არის ჯგუფი, რომელიც 27 ივლისს ოლეგ გაზმანოვის ვაჟთან, როდიონ გაზმანოვთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში გამოვიდა. მსმენელები სამხედრო ჰოსპიტლის პაციენტები იყვნენ. ხოლო თავად ჰოსპიტალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

„ვარსკვლავური“ კრუიზის ღირებულება მარშრუტით „სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი“ 100 ათას რუბლზე მეტია.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში განაწილებულმა საკრუიზო გემის მგზავრებმა, პოლიციის კორდონების გავლით, მაინც მოახერხეს ქალაქში გასვლა. აქციის მონაწილეები მათ კვერცხებსა და ბოთლებს ესროდნენ.

საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის, ერთი - უკრაინის მოქალაქეც. შსს ყველა დაკავებულს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შემოვიდა.

გემი მაშინაც საპროტესტო აქციით გააცილეს.

  • 16x9 Image

    ეკა ლორთქიფანიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG