ბათუმელები ისტორიულ ზონაში ცათამბჯენების მშენებლობას ისევ აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის რივიერაზე, სადაც ხუთი ცათამბჯენიდან ერთის მშენებლობის ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის ბოლოს გასცა.

აქციის მონაწილეებმა ბათუმის რივიერაზე სამშენებლო ღობესთან მწვანე ნერგები დარგეს. ისინი მშენებლობის ნებართვის გაუქმებასა და 6 ჰა ტერიტორიის რეკრეაციულ სივრცედ შენარჩუნებას მოითხოვენ. ბათუმელების ნაწილი ფიქრობს, რომ პროექტისთვის, რომელსაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმი“ ქალაქის ზღვისპირა ზოლში ახორციელებს, ხელისუფლებამ უნდა გამოყოს ალტერნატიული ტერიტორია.

Your browser doesn’t support HTML5

„მტკივნეული თემაა და ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია“ - ბათუმელი მკვლევარი გიორგი რამიშვილი პროექტზე „ბათუმის რივიერა“

ამ პროექტის მიხედვით, ბათუმის კონცხად წოდებულ ზღვისპირა პირველ ზოლში 5 ცათამბჯენის (ყველაზე მაღალი - 56-სართულიანი) მშენებლობაა დაგეგმილი. ხუთიდან ორი შენობა სასტუმრო იქნება, სამში კი საცხოვრებელი ბინები განთავსდება.

Your browser doesn’t support HTML5

რატომ გამოდიან ბათუმელები პროექტ „ბათუმი რივიერას“ წინააღმდეგ

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია იახტ-კლუბის მოწყობა და ხმელეთზე ხელოვნური ლაგუნის გაჭრა, რომელიც არხით ზღვას დაუკავშირდება. პროექტს რამდენიმე მილიონი ლარით აფინანსებს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“.

Your browser doesn’t support HTML5

აქტივისტი შოთა გუჯაბიძე ეკოლოგიურ საფრთეებზე საუბრობს, რატომაც, ფიქრობს, რომ არ შეიძლება ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი განაშენმინება

პროექტ „ბათუმი რივიერას“ მოწინააღმდეგეებს რამდენიმე არგუმენტი აქვთ. კულტურული მემკვიდრეობის ბათუმელი დამცველები დაუშვებლად მიიჩნევენ ისტორიული ქალაქის დაცვის ზონაში მრავალსართულიანი შენობების აშენებას. მათ აღელვებთ აგრეთვე ეკოლოგიური საფრთხეები, რადგან გაეროს დაფინანსებით სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“. ეს არის ამონარიდი „აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიიდან“, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების ნაწილია.

Your browser doesn’t support HTML5

„ბათუმში ისედაც ბევრი არასწორი ჩარევა იყო სანაპირო ზოლზე“ - ზვიად ელიზიანი საპროტესტო აქციაზე ბათუმის კონცხზე მსენებლობის წინააღმდეგ

სპეციალისტთა და მკვლევართა ნაწილი კი პრობლემას ქალაქის ზონირებისა და სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით მასშტაბურ პროექტში ხედავს.

Your browser doesn’t support HTML5

“ჩვენი ქალაქის გვირგვინს გვართმევენ და აბეტონებენ“ - ბათუმელების პროტესტი რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ

უკანასკნელი ერთი წელია, ბათუმელები პროექტ „ბათუმი რივიერას“ წინააღმდეგ გამოდიან. მათი პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის ყველაზე ხმაურიან წინააღმდეგობად იქცა, რომელსაც სოლიდარობას დედაქალაქშიც უცხადებენ. მასში ჩართულია საზოგადოება „ბათომი“, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმი“, მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის ბულვარს იცავდნენ, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველები, მოძრაობა „ახალგაზრდა მწვანეები“. მიმდინარე კვირას კი შეიქმნა მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“, სადაც მოქალაქეებსა და აქტივისტებთან ერთად პოლიტიკოსებიც შედიან.