ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან ერთი თვე გავიდა, ცხინვალიდან კი ჯერ ისევ არ ჩანს ოფიციალური პოზიცია მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასალები სასამართლოში გადაიგზავნა და ახლა ყველა იმას ელოდება, როდის ჩაინიშნება პროცესი.
ექიმის გათავისუფლებას, საქართველოს ხელისუფლების გარდა, საერთაშორისო სამედიცინო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ითხოვენ, განცხადებები კეთდება საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ბიბილოვის ხელისუფლება ჯერ არაფერს ამბობს. დე ფაქტო რესპუბლიკაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გაბედა, რომ ხმამაღლა ეთქვა ის, რასაც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ. ალან ფარასტაევი ცნობილი ცხინვალელი ბლოგერია. „კავკაზსკი უზელისთვის“ დაწერილ ბლოგში იგი ამბობს, რომ აუცილებელი იყო ექიმის სასწრაფოდ გათავისუფლება, რადგან სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს თვალში, პირველ რიგში, საკუთარ ავტორიტეტს აყენებს დარტყმის ქვეშ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ალან ფარასტაევი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შორს წავიდა და ახლა თვითონვე ეძებს გამოსავალს ამ მძიმე სიტუაციიდან, რადგან საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება.
ასევე ნახეთ მოქალაქეები საერთაშორისო საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენზეწოლა მართლაც ძლიერდება და არა მარტო ცხინვალზე, არამედ მოსკოვზეც, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი მხარე რუსეთია და ექიმის ტყვეობის კონტექსტში მასაც მოიხსენიებენ ხოლმე. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს, ეს „მალე“ კი ჯერ ვერ დადგა. ახალგორის სასამართლოს, რომელიც ცხინვალშია განთავსებული, ადგილობრივი კანონის მიხედვით, საგამოძიებო მასალების გადაცემიდან ორ კვირაში აქვს საქმის განხილვის ვალდებულება. ეს მეორე კვირა პარასკევს, 13 დეკემბერს, იწურება. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები კი, რომლებიც ვინაობის დასახელებას ერიდებიან, გვწერენ, რომ გაფრინდაშვილის დაკავებით ბიბილოვის ხელისუფლება იმ ჩიხში აღმოჩნდა, საიდან გამოსასვლელადაც სახის შენარჩუნება ძნელია. რომელიმე დაკავებულში მისი გაცვლა წარმოუდგენელია: ექიმში სისხლის სამართლის დამნაშავის გაცვლა მოითხოვო,არ გამოვა. რჩება ერთი გამოსავალი: ჩატარდეს სასამართლო, მოსამართლემ ყურადღება არ მიაქციოს გაფრინდაშვილის განცხადებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და ჯარიმით გაათავისუფლოს, ან მიუსაჯოს გარკვეული სასჯელი და ბიბილოვმა წინასაახალწლოდ შეიწყალოს. აი, ამ ვერსიებს განიხილავენ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ცხინვალში, დაკავებულის ოჯახი კი ახალ ამბავს ყოველდღე ელის. ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლები ექიმის გათავისუფლებას რამდენიმე დღეში ჰპირდებოდნენ, მაგრამ დღეები უკვე თვედ იქცა.
დღეს, 9 დეკემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ილაპარაკეს ჯერჯერობით უშედეგო ზომებზე, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიმართავენ ექიმის გასათავისუფლებლად, და, ასევე, აქციებზე, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა. ექიმის ცოლის, თამილა ლაფანაშვილის, თქმით, მიუხედავად ყველა ქმედებისა, ოჯახს რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია დარღვეულია და ოჯახსაც არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან. 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ, ექიმის ოჯახი მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ, იგრძნონ სრული პასუხისმგებლობა და პრობლემის სიმწვავე და ვაჟა გაფრინდაშვილი განიხილონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქედ. თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, 10 დეკემბერს, დილით, შეხვედრის დაწყებამდე, ჟენევაში, გაეროს ოფისთან, გაიმართება აქცია „თავისუფლება ვაჟა ექიმს“.
ასევე ნახეთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალურ პროტესტს არ გამორიცხავს„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მოლაპარაკების ორივე მხარეს - თუ ოთხივე მხარეს - არიან ადამიანები და მათ გააჩნიათ ადამიანური თანაგრძნობის და ღირსების შეგრძნება. თუ არადა, რა აზრი აქვს ამ საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობას, როდესაც ერთი ადამიანის, ერთი ექიმის დაცვაც კი არ შეუძლიათ“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გამათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული“, - თქვა თამილა ლაფანაშვილმა.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი და ორი ქალიშვილი აცხადებენ, რომ თუ კონკრეტულმა ქმედებებმა შედეგი კვლავ არ გამოიღო, რადიკალურ პროტესტს მიმართავენ. პროტესტის ფორმებზე ოჯახი კვირის ბოლოს ისაუბრებს, თუკი ამ დრომდე ვერ მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ექიმის ოჯახს იმედი აქვს, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და ის სახლში დაბრუნდება.
ასევე ნახეთ ეუთოს 15 სახელმწიფო ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვსრუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ერთი თვის განმავლობაში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს - და ერთხელ ამანათი გაუგზავნა. ოჯახი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“ პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
ამასობაში ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელიუჩა ნანუაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, უნდა შეიქმნას ახალი ჰუმანიტარული მექანიზმი, რომელიც მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ ადამიანებს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე დაუბრკოლებლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მინდობილია საოკუპაციო რეჟიმის „კეთილ ნებას“. ოკუპირებულ რეგიონში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებამ ცხადყო, რომ აუცილებელია შეიქმნას დამატებითი მექანიზმი, რომელიც შეთანხმებული იქნება კონფლიქტის ყველა მხარესთან და უზრუნველყოფს ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე ადამიანთა უსაფრთხო გადაადგილებას.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიექიმები, მეხანძრეები, ეკოლოგიურ კატასტროფებთან მებრძოლი ადამიანები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროფესიების, რომელთაც დაუშვებელია ხელი შეუშალონ მუშაობაში. შესაბამისად, აუცილებელია მოლაპარაკებების რეჟიმში მომზადდეს და შეთანხმდეს ყველა მხარესთან კონკრეტული ადამიანების სია, რომელთაც კრიზისულ სიტუაციებში ე. წ. საზღვრების უსაფრთხოდ გადაკვეთა და მუშაობა შეეძლებათ“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული მექანიზმები არაერთ კონფლიქტურ რეგიონში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.
„სამი თვის მანძილზე ვადევნებდით თვალს ჰუმანიტარულ კრიზისს ახალგორში. მოქალაქეებს არ ჰქონდათ საკვების, მედიკამენტების დროული და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიღების შესაძლებლობა. შეზღუდვის ე.წ. შერბილებაზე გადაწყვეტილება საოკუპაციო ძალებმა მხოლოდ 2 დეკემბერს მიიღეს. თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამით ახალგორის ჰუმანიტარული კრიზისი ამოიწურა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ადგილზე კვლავ რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები“, - ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უჩა ნანუაშვილის აზრით, მსგავს მექანიზმზე შეიძლება ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეთანხმდნენ.