ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელმწიფოები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.
15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში - რომელიც ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს - ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, სასწრაფოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
„შეშფოთებული ვართ 2019 წლის 24 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებით და მისიის საქმიანობის ხელშემშლელ ნებისმიერ მცდელობას ვაფასებთ მის საწინააღმდეგო პროვოკაციად და უხეშ მცდელობად, რომელიც მიმართულია ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ“, - აცხადებს საქართველოს მეგობართა ჯგუფი.
განცხადებაში, ასევე, დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები.
„ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. აღვნიშნავთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და შუამდგომლობით“, - წერია 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.