Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალურ პროტესტს არ გამორიცხავს


დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე შესრულდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებიდან.

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს ჯერჯერობით უშედეგო ზომებზე, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიმართავენ ექიმის გასათავისუფლებლად და, ასევე, აქციებზე, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.

ექიმის ცოლის, თამილა ლაფანაშვილის თქმით, მიუხედავად ყველა ქმედებისა, ოჯახს რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია დარღვეულია და ოჯახსაც არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან.

10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ, ექიმის ოჯახი მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ, იგრძნონ სრული პასუხისმგებლობა და პრობლემის სიმწვავე და ვაჟა გაფრინდაშვილი განიხილონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქედ.

თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, 10 დეკემბერს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, ჟენევაში, გაეროს ოფისთან გაიმართება აქცია „თავისუფლება ვაჟა ექიმს“.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მოლაპარაკების ორივე მხარეს, თუ ოთხივე მხარეს არიან ადამიანები და მათ გააჩნიათ ადამიანური თანაგრძნობის და ღირსების შეგრძნება. თუ არა და, რა აზრი აქვს ამ საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობას, როდესაც ერთი ადამიანის, ერთი ექიმის დაცვაც კი არ შეუძლიათ და ვერ ხერხდება“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისგან მოითხოვს, ყველა ბერკეტი გამოიყენონ ექიმის დაუყოვნებლივ, უპირობოდ გათავისუფლებისთვის და მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი. ოჯახი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს უფრო ქმედით ნაბიჯებს და უწყებათშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნას.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გამანთავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნოლი“, - თქვა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმის ცოლი და ორი ქალიშვილი აცხადებენ, რომ თუ ქმედებებმა შედეგი კვლავ არ გამოიღო, რადიკალურ პროტესტს მიმართავენ. პროტესტის კონკრეტულ ფორმებზე ოჯახი კვირის ბოლოს ისაუბრებს, თუკი ამ დრომდე ვერ მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

ექიმის ოჯახს იმედი აქვს, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და ის სახლში დაბრუნდება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერთი თვის განმავლობაში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს და ერთხელ ამანათი გაუგზავნა. ოჯახი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“ პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

XS
SM
MD
LG