„აჭარის ტელევიზიის დირექტორს უნდა ახალი ამბების რედაქცია მის სამზარეულოდ გადააქციოს“

გიორგი კოხრეიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირქტორმა, გიორგი კოხრეიძემ ეთერიდან მოხსნა საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანი თეონა თურმანიძე. ჟურნალისტი ამ ფაქტს უკავშირებს ფეისბუკში დაახლოებით 10 დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს, რომლითაც პროტესტი გამოთქვა მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო. მენეჯმენტმა მიიჩნია, რომ ტელეწამყვანის კრიტიკული სტატუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას აზიანებს.

თეონა თურმანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განმარტებითი წერილით უკვე მიმართა მაუწყებლის მენეჯმენტს და კვირის ბოლოს ელოდება გადაწყვეტილებას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში გაასაჩივრებს.

თეონა თურმანიძე

„დირექტორს არ სჭირდება კრიტიკული ჟურნალისტები, ვინც კითხვებს სვამს. ასე დაშალა ჯგუფი. სულ ოთხი ადამიანი დარჩა. ნაწილი კი არც მანამდე იღებდა ხმას და არც ახლა ამოიღებს. მას უნდა, რომ ახალი ამბების რედაქცია მის სამზარეულოდ გადააქციოს და რაც უნდა, ის აკეთოს. რა თქმა უნდა, ასეთი ნიუსრუმის სიუჟეტები იქნება პეპლებზე. აღარ იქნება კრიტიკულ თემებზე არც სიუჟეტები და არც ჩართვა. მალე ჟურნალისტებს კითხვებსაც კი განუსაზღვრავენ, რა უნდა დასვან და რა არა“, - ამბობს თეონა თურმანიძე.

ასევე ნახეთ აჭარის ტელევიზიის საკითხზე რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართეს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2019 წლის ნოემბერში არჩეულმა გიორგი კოხრეიძემ მალევე დაიწყო ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულებების შეცვლა, სხვა პოზიციაზე გადაყვანა და სამსახურიდან დათხოვნაც კი.

ამას ერთი სახელი ჰქვია - აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი ცდილობს საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშოროს კონკრეტული ადამიანები, ვინც მანამდე ქმნიდა საინფორმაციო პოლიტიკას და ჩაანაცვლოს ახალი კადრებით.
სოფო ჟღენტი

კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამოყენებით, მაუწყებლის დირექტორმა ჟურნალისტ სოფო ჟღენტს აჭარის ტელევიზიის ონლაინ სამსახურის უფროსის ფუნქცია შეუცვალა. თავდაპირველად ონლაინ სამსახურის თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ, შემდეგ კი მენეჯმენტმა ამ სამსახურის დებულებაში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვით, სოფო ჟღენტს სხვა ვალდებულებები განესაზღვრა. მას ჩამოშორდა ძირითადი ფუნქცია - ონლაინ პლატფორმებისთვის დამოუკიდებელი შინაარსის შექმნა ახალი ამბებისა და სტატიების სახით. სოფო ჟღენტის თქმით, მის ნაცვლად ახალი თანამშრომლისთვის შტატი შექმნეს.

„ამას ერთი სახელი ჰქვია - აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი ცდილობს საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშოროს კონკრეტული ადამიანები, ვინც მანამდე ქმნიდა საინფორმაციო პოლიტიკას და ჩაანაცვლოს ახალი კადრებით. ამას კი ყველა რესურსით აკეთებს. ჩემს შემთხვევაში ეს მოხდა შრომითი უფლებების დარღვევით. ჩემი ხელშეკრულება შეიცვალა, ისე, რომ მე ინფორმაციაც კი არ მქონდა ამის შესახებ, არათუ თანხმობა. ორი კვირა გავიდა და დღემდე არაფერი ვიცი, რა უფლებამოსილება დამრჩა და რა უნდა გავაკეთო“, - გვითხრა სოფო ჟღენტმა. სასამართლოში ჩივილს ისიც აპირებს.

ერთი პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით და მეორეა კრიტიკული აზრის გამო დევნა. ჰყავთ სამიზნე ჯგუფი, რომელსაც პრეტენზია დაუფიქსირებია ტელევიზიის მენეჯმენტის მიმართ. როგორ შეიძლება მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა იყოს საქმიანი რეპუტაციის შელახვა?
მალხაზ რეხვიაშვილი

გასული წლის შემოდგომაზე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ჟურნალისტების ნაწილმა ზეწოლაში დასდო ბრალი და რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართა. მაუწყებლის ჟურნალისტებმა შექმნეს ალტერნატიული პროფკავშირიც, რომელშიც 70-ზე მეტი თანამშრომელი გაერთიანდა. პროფკავშირის წევრ ჟურნალისტებს კოხრეიძემ ეტაპობრივად შეუცვალა ხელშეკრულებები და უფლებამოვალეობები. ამის გამო, ალტერნატიულმა პროფკავშირმა გაფიცვისთვის მზადება დაიწყო. ამასობაში, კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ჟურნალისტებმა გაფიცვა გადადეს. დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ამ ვითარებით ისარგებლა და მაქსიმალურად დისტანციური მუშაობის საბაბით, ეთერიდან მოხსნა სატელევიზიო პროექტი „ჰეშთეგი“, რომლის ჯგუფი პროფკავშირის დამფუძნებელია.

ასევე ნახეთ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აჭარის ტელევიზიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი გვეუბნება, რომ დირექტორის განკარგულებით, მათ ტელევიზიის შენობაში შესვლაც კი აუკრძალეს. მალხაზ რეხვიაშვილის შეფასებით, მაუწყებლის მენეჯმენტი თანამშრომლებს ორი ნიშნით დევნის: „ერთი პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით და მეორეა კრიტიკული აზრის გამო დევნა. ჰყავთ სამიზნე ჯგუფი, რომელსაც პრეტენზია დაუფიქსირებია ტელევიზიის მენეჯმენტის მიმართ. როგორ შეიძლება მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა იყოს საქმიანი რეპუტაციის შელახვა? აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი საუკეთესო ავტორიტარული ტრადიციების დაცვით სარგებლობს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით და სათავისოდ იყენებს იმ ვითარებას, რომ მოქალაქეების ყურადღება სხვა საკითხზეა კონცენტრირებული. მანამდე შედარებით ფრთხილ ნაბიჯებს დგამდნენ, იმიტომ, რომ აქციების მოწყობა შეიძლებოდა. ახლა მათ აქვთ კონკრეტული დღის წესრიგი, ამას მიჰყვებიან ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს კორონავირუსი ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია“.

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია ოთხი თანამშრომლის სარჩელი. დავა შრომითი უფლებების დარღვევას ეხება. სარჩელების რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება.