2023 წლის მიწურულს აფხაზეთის დე ფაქტო ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ტარას ხაგბა მოსკოვში მიიღო რუსეთის სპორტის მინისტრმა, ოლეგ მატიცინმა.
რუსეთის სპორტის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე მატიცინმა „აფხაზეთის ეროვნული გუნდები“ მონაწილეობის მისაღებად მიიწვია „ღია ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებში, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იმართება“. ამ ტურნირებში კი ჩამოთვალა:
- „ბრიკსის თამაშები“;
- „მომავლის თამაშები“;
- „მეგობრობის თამაშები“.
რა რა თამაშია?
„მომავლის თამაშები“ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით შექმნილი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც, რუსეთის ვიცე-პრემიერის, დმიტრი ჩერნიშენკოს თქმით, „დამოუკიდებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებმაც … სპორტის მონოპოლიზება მოახდინეს“. პირველი „მომავლის თამაშები“ წელს, 2024 წლის თებერვალში იმართება.
„მეგობრობის თამაშებიც“ რუსეთის ინიციატივაა. პირველად და უკანასკნელად ჩატარდა 1984 წელს, როდესაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს გამოუცხადა ბოიკოტი, აშშ-ის პასუხად, რომელმაც ოთხი წლით ადრე, 1980 წელს, ბოიკოტი მოსკოვის ოლიმპიადას ავღანეთში სსრკ-ს შეჭრის გამო გამოუცხადა. 1984 წლის „მეგობრობის თამაშები“ მაშინდელი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისათვის ჩატარდა.
ამჟამად რუსეთი, უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის ფონზე, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან - მათ შორის ოლიმპიური თამაშებიდან - გარიცხულია.
ასევე ნახეთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენრუსული პასპორტების მქონე სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობა კი შეუძლიათ, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება რუსეთის წევრობის შეჩერებაზე კვლავ ძალაშია.
„მომავლის თამაშებიც“ და „მეგობრობის თამაშებიც“ ოლიმპიური თამაშების რუსული ალტერნატივაა; მცდელობა, დანარჩენ მსოფლიოს დაანახვოს, რომ მარტო არ არის.
„ბრიკსის თამაშები“ ერთადერთია ჩამოთვლილი სამიდან, რომელიც მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან არ ასოცირდება.
რა არის „ბრიკსი“?
„ბრიკსი“ არის 10 ქვეყნის ალიანსი, - „გლობალური სამხრეთის ხმა“, - რომელსაც დასავლური სამყაროს ალტერნატივად მოიაზრებენ.
წლების განმავლობაში ის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთობა იყო. სახელიც ამ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა.
2024 წლის პირველი იანვრიდან კი გაფართოვდა. ახლა, - ირანის, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ეთიოპიის შეერთების შემდეგ, - 10 წევრისგან შედგება.
ასევე ნახეთ „ბრიკსი“ გაფართოვდა, მაგრამ ექვსის ნაცვლად ხუთი წევრით - რატომ ამბობს არგენტინა უარს?„ბრიკსის“ ქვეყნების ეკონომიკების საერთო ზომა 28.5 ტრილიონ აშშ დოლარს სცდება - მსოფლიო ეკონომიკის 28%-ს. წევრი ქვეყნები აწარმოებენ მსოფლიოში გაყიდული ნავთობის 44%-ს.
ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ „ბრიკსის“ ყველაზე ძლიერი მოთამაშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, რომელიც ალიანსს მეტი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების საშუალებად ხედავს. ძალაუფლებისა და გავლენის სფეროების გაფართოება კი მას შეერთებულ შტატებთან მეტოქეობაში, ასევე, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში სჭირდება.
რა არის „ბრიკსის თამაშები“?
„ბრიკსის თამაშები“ „ბრიკსის“ წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიებაა.
როგორც წესი, ჩემპიონატს ის ქვეყანა ატარებს, ვინც „ბრიკსის“ ყოველწლიურ სამიტს მასპინძლობს ხოლმე.
პირველი „ბრიკსის თამაშები“ ჩინეთში ჩატარდა 2017 წელს, 2021 წელს მას ინდოეთმა უმასპინძლა, 2023 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, 2024 წელს კი უკვე რუსეთში, თათრეთში, ქალაქ ყაზანშია დაგეგმილი.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში ივლისშია დაგეგმილი. „ბრიკსის თამაშები“ ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე იმართება.
„წარმატებული არაღიარების პოლიტიკა“
შეხვედრა, სადაც რუსეთის სპორტის მინისტრმა აფხაზი სპორტსმენები „ბრიკსის თამაშებზე“ მიიწვია, 14 დეკემბერს შედგა. ინფორმაციაც იმავე დღეს გაავრცელა რუსეთის სპორტის სამინისტრომ და ეს ამბავი გაკვრით გაშუქდა ქართულ მედიაშიც.
მოგვიანებით, 25 დეკემბერს, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულ მედია „სპუტნიკში“ - Sputnik Абхазия-ში, რომელიც ძირითადად ოკუპირებულ აფხაზეთზე მაუწყებლობს, - გავრცელდა დამატებითი ცნობა, რომ „აფხაზი სპორტსმენები ბრიკსის თამაშებზე რესპუბლიკის დროშით იასპარეზებენო“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია ამ ცნობებზე.
26 დეკემბერს, როდესაც ჟურნალისტებმა მინისტრ დარჩიაშვილს ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს, იქვე ჰკითხეს ბელარუსში აფხაზური პროდუქტების გაყიდვაზეც. დარჩიაშვილმა ერთად დასმულ ორ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ „საქართველოს აქვს საკმაოდ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა“.
„აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მათი ინფორმირების კუთხით. საერთაშორისო თანამეგობრობას მისდის სრულფასოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა“, - განაცხადა მან.
რადიო თავისუფლება 3 იანვარს დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს კითხვებით:
- ინფორმირებულია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ?
- თუ კი, რა რეაგირება ჰქონდა?
- კონკრეტულად, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან - „ბრიკსის“ დამფუძნებელ წევრთან - ამ ამბავზე, და რა მიიღო საპასუხოდ?
წერილობით გავუგზავნეთ კითხვები საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსაც:
- არის თუ არა „ბრიკსის თამაშებზე“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის, მიწვევასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა?
- რა პოზიცია აქვს მას ე.წ. აფხაზური ეროვნული გუნდის სპორტსმენების დაგეგმილ მონაწილეობაზე „ბრიკსის თამაშებში“?
არც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და არც ჩინეთის საელჩოსგან სტატიის გამოქვეყნების მომენტამდე პასუხი არ მიგვიღია. პასუხების მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
„მინიშნება რუსეთ-ჩინეთის სიახლოვეზე“
აფხაზი სპორტსმენების დაგეგმილი მონაწილეობა „ბრიკსის თამაშებში“ აჩვენებს საქართველოსთვის ჩინეთის, როგორც პარტნიორობის, არასანდოობას და რუსეთ-ჩინეთის „ალიანსზე უკეთესი ურთიერთობის“ უპირატესობასო, ამბობენ ანალიტიკოსები.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების მონაწილეობა „ბრიკსის თამაშებში“ კიდევ ერთხელ მიანიშნებს რუსეთისა და ჩინეთის დიპლომატიურ სიახლოვეზე“, - ამბობს შორეული აღმოსავლეთის სპეციალისტი გიორგი მელაშვილი, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ „საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაქვემდებარებულია არა ეროვნულ ინტერესებს, არამედ გაუგებარი, კონკრეტული ჯგუფების ფინანსურ ინტერესებს“.
საერთაშორისო პოლიტიკის არაერთ მიმომხილველს მიაჩნია, რომ ჩინეთი და რუსეთი სიმბიოზურ ალიანსს ქმნიან. და რაც უფრო მეტი დრო გადის, მოსკოვი ამ სიმბიოზში სულ უფრო და უფრო ხშირად წარმოჩინდება უმცროს პარტნიორად.
ასევე ნახეთ სის გეგმები და პუტინის იმედებირუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთი ფორმალურ ნეიტრალურ მიდგომას ინარჩუნებს. ამასთან, ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ხედავს ჩინეთი საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ასევე ნახეთ საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაშიტერიტორიულ მთლიანობაზე ჩანაწერის გამოძახილი?
ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი აცხადებს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ასევე ნახეთ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ჩინეთის ელჩიმაგრამ როდესაც საქართველო და ჩინეთი 2023 წლის ზაფხულში სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, ეს მხარდაჭერა ხელმოწერილ ტექსტში ასიმეტრიულად აისახა. პარტნიორობის შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ:
- მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“;
- „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - რაც ნიშნავს, რომ საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს.
თუმცა სანაცვლოდ ჩინეთის არ აუღია კონკრეტული ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - როგორც, მაგალითად, ეს კვიპროსთან შეთანხმებაში გააკეთა.
„ეს არათანაბრობა ვლინდება თითქმის ყველა დიპლომატიურ ურთიერთქმედებაში, რაც საქართველოს გააჩნია ჩინეთთან და აზიანებს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დიპლომატიურ მისწრაფებებს“, - ამბობს გიორგი მელაშვილი.
სხვა რისკები?
შესაძლებელია თუ არა, საქართველოს ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ჩინეთთან არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური დაახლოებისკენ, შეიცავდეს რისკებს, რომ საქართველო ჩინეთის პარტნიორ რუსეთთან ურთიერთობაში დასავლელი პარტნიორების გარეშე აღმოჩნდება?
როდესაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთში „სარტყლისა და გზის ფორუმზე“ ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო ფორუმის მონაწილეთათვის გამართულ ბანკეტს, სადაც პუტინი სიტყვითაც გამოვიდა.
მოგვიანებით, - 18 დეკემბერს - როდესაც ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა მინისტრი პარლამენტში ამ ამბის გამო დაიბარეს, განაცხადა, რომ საქართველო „ფარულ დიალოგში არ არის“ რუსეთთან. დავითაშვილმა იქვე განმარტა:
„ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ. ეს იყო პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე … ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ. ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით“.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 1.4 მილიარდი აშშ დოლარია.
ანალიტიკოს გიორგი მელაშვილის აზრით, ჩინეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, - რომელიც „წლების განმავლობაში ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას“, არის „კიდევ ერთი, შორი გზა იმისთვის, რომ მოსკოვთან დაამყაროს ახლო ურთიერთობა“.
„ვხედავთ, რომ პირდაპირ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან დღეს წარმოუდგენელია. ეს ქართული საზოგადოების როგორც ელექტორალური, ისე სხვა ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება. „ქართულ ოცნებას“ ეს კარგად ესმის. ამიტომ ცდილობენ, იპოვონ სხვა ავტორიტარული მხარდამჭერი, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანის უფლებები, არ აინტერესებს დემოკრატია, და უბრალოდ იქნება მათი მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე“, - ეუბნება გიორგი მელაშვილი რადიო თავისუფლებას.
„ბრიკსის თამაშებში“ „აფხაზეთის ეროვნული გუნდების“ მონაწილეობა ახალ კითხვის ნიშანს გააჩენს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაში.