Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ჩინეთის ელჩი


ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების კრიტიკას პასუხობს
ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების კრიტიკას პასუხობს

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი აცხადებს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ტექსტის შესახებ „ზოგიერთებს“ საზოგადოება „მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“.

„ზოგიერთებს მიზანმიმართულად შეჰყავთ [საზოგადოება] შეცდომაში დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორი ქვეყნის მთავრობას შორის გაფორმებულ არაერთ შეთანხმებაშია გამეორებული“, - განაცხადა ელჩმა 6 სექტემბერს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„[იყო კითხვები, თუ] რატომ შეუერთდა საქართველო [ჩინეთის] „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას“. იმიტომ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება გაეროს ქარტიისა და პრინციპების პატივისცემას. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩინეთის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. და ამიტომაც დაუჭირა მას საქართველომ მხარი“, - განაცხადა ელჩმა ციენმა.

„ასე რომ, ხალხს, რომელიც ამბობს, რომ [შეთანხმების ტექსტში] აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ნახსენები არ არის, მიზანმიმართულად შეჰყავთ [საზოგადოება] შეცდომაში“, - განაცხადა ჭოუ ციენმა ჩინეთის საელჩოსა და ანალიტიკური ცენტრების, GSAC-ისა და „ჯეოქეისის“ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ.

ჟურნალისტების დამზუსტებელ კითხვაზე, ჩინეთი აღიარებს თუ არა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, განაცხადა: „ჩინეთი ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ისე, როგორც ამას გაერო აღიარებს“.

კიდევ ერთ კითხვაზე, მაშ, რატომ არ არის ეს ასახული პარტნიორობის შეთანხმებაში, ელჩმა განაცხადა: „მხოლოდ იმიტომ, რომ ამას უკვე გულისხმობს გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“.

სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას.

შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, - რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, - ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ ემხრობა ჩინეთის გაერთიანებას.

ექსპერტების თქმით, საქართველომ საპასუხოდ ვერ მიიღო ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებას.

საქართველოსგან განსხვავებული ჩანაწერი გვხვდება 2021 წელს დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში ჩინეთსა და კვიპროსს შორის. ჩინეთთან შეთანხმებაში:

  • „კვიპროსი ადასტურებს, რომ მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“;
  • ჩინეთი კი პირობას დებს, რომ „გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.
XS
SM
MD
LG