აფხაზეთში ოპოზიცია სუვერენიტეტს იცავს, დე ფაქტო ხელისუფლება - სავარძლებს?!

ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი

30 მაისის ე.წ. სახალხო მიტინგის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ სოხუმში მოქმედი პოლიტიკური ძალები მომხდარის შეფასებას ცდილობენ: ვინ უფრო გაძლიერდა, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება თუ ოპოზიცია?

ასლან ბჟანიამ უარი განაცხადა მიტინგის მიერ მიღებული 9-პუნქტიანი რეზოლუციის შესრულებაზე, ოპოზიციამ კი, როგორც მისი ლიდერები ამბობენ, დადებული პირობა შეასრულა და მიტინგი მშვიდობიანად, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის გარეშე დაასრულა.

მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დავაში რუსული თემა ჭარბობს და არა ქართული.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ერთგვარ ტრადიციად ექცა პრეზიდენტების საპროტესტო აქციებით შეცვლა. ხუთი ე.წ. პრეზიდენტიდან ორი (ალექსანდრ ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა) სწორედ ამ გზით, ვადაზე ადრე შეიცვალნენ 2014 და 2020 წლებში. ასლან ბჟანიაც სწორედ ასე „შევარდნით“ გახდა პრეზიდენტი 2020 წლის აპრილში.

როგორც ჩანს, ის ოპოზიციისგანაც, რომლის რიგებში ბევრია წინა ხელისუფლების წარმომადგენელი, სახელმწიფო დაწესებულებებში შევარდნას და ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას ელოდა, რის გამოც დაცვის ისეთი ზომები მიიღო, რომ საზოგადოების სალაპარაკო გახდა.

ოპოზიციის აქცია, 2023 წლის 30 მაისი, სოხუმი

„მშვიდობიან აქციას დავპირდით და მშვიდობიანად ჩავატარეთ, - განაცხადა 31 მაისს სოხუმში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ადგურ არძინბამ, - თვითონ მოიგონეს გადატრიალების საფრთხე და თვითონვე გმირულად გადაირჩინეს თავი. ჩვენი შეფასებით, ხელისუფლებამ დაცვაზე 20 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა“.

30 მასის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლითონის ჯებირი და მავთულხლართები ჰქონდა შემოვლებული, პერიმეტრი ჩახერგილი იყო ავტობუსებითა და თავდაცვის სამინისტროს „ურალებით“, შენობის სახურავებზე სპეცრაზმის მებრძოლები და სნაიპერები იყვნენ განთავსებული, ადმინისტრაციის წინ კი პრეზიდენტის მხარდამჭერთა კონტრაქცია იმართებოდა. როგორც ადგურ არძინბამ შენიშნა, ხელისუფლებას კრიტიკულად ცოტა მხარდამჭერი ჰყავდა, რაც მისი ლეგიტიმურობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს.

ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, დე ფაქტო ხელისუფლების ექსვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიას თქმით, ბჟანიას ვერ დაიცავს ავტობუსების ჩაყენება, მავთულხლართების გაჭიმვა და ჯებირების აღმართვა.

„ბარიკადების აგება კი არა, ეროვნული დღის წესრიგის შედგენაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში აღარ შეეშინდება ხალხის. პრეზიდენტი ხელს უშლის ქვეყნის სისტემური კრიზისიდან გამოსვლას. ვისაც უსაფრთხოების ძალების იმედი აქვს, უნდა იცოდეს, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, კონსტიტუციის დაცვის გარანტს“, - განაცხადა ვიტალი გაბნიამ.

ოპოზიციის ლიდერი ვიტალი გაბნია, დე ფაქტო ხელისუფლების ექსვიცე-პრეზიდენტი

ოპოზიციის დანიშნულ მიტინგზე 3-4 ათასი ადამიანი შეიკრიბა, რაც აფხაზეთის მოსახლეობის გათვალისწინებით უმნიშვნელო რაოდენობა არაა, თუმცა, როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, ხალხი რომ არ დაეშინებინათ, 30 მაისს სოხუმის დრამატული თეატრის წინ ბევრად მეტი მივიდოდა.

„ამასობაში ოპოზიციამ დაიბრუნა ნდობა, ხელისუფლებამ კი დაკარგა. ხელისუფლებას ხალხის ეშინია. ჩვენს მოქალაქეებთან კონსულტაციების შემდეგ დავსახავთ გეგმებს - ან აფხაზთა შეკრებას, ან საყოველთაო რეფერენდუმს. პრეზიდენტმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა მიტინგის მოთხოვნებზე უარის თქმით“, - განაცხადა ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, პარტია „აინარის“ თავმჯდომარემ ადგურ ლაგვილავამ.

ადგურ ლაგვილავა, პარტია „აინარის“ თავმჯდომარე

ვეტერანთა ორგანიზაციის „არუაას“ ხელმძღვანელმა ტიმურ გულიამ კი 30 მაისის მიტინგის შედეგებზე საუბრისას იმაზე მიანიშნა, რომ ოპოზიცია თავის სიტყვას ასრულებს და კანონს არ არღვევს, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელმაც წლების წინ, როცა ოპოზიციაში იყო, იერიში მიიტანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე, ცეცხლი წაუკიდა მას და გზები გადაკეტა:

„ეს ახსოვთ ჩვენს მოქალაქეებს. მადლობა ვეტერანებს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ და სიტყვის შესრულების საშუალება მოგვცეს“.

ტიმურ გულია, ვეტერანთა ორგანიზაციის "არუაას" ხელმძღვანელი

30 მაისს სოხუმში მართლაც არანაირი ძალადობა არ მომხდარა, არადა, სამართალდამცავი სტრუქტურები სწორედ ასეთი სცენარისთვის ემზადებოდნენ. მიტინგის მშვიდობიანი დასასრული, სოხუმში გამომავალი გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორის, ინალ ხაშიგის თქმით, იმას ნიშნავს, რომ ასლან ბჟანიამ წააგო, რადგან, მისი თქმით, მოვლენების განვითარების რადიკალური სცენარი ხელისუფლებას აწყობდა:

„ოპოზიცია ყველაფერს დაკარგავდა. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აუცილებლად მიიღებდა carte blanche-ს ყველა შემდგომი ქმედებისთვის ანუ თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიტანდა ყველა კანონპროექტს, რომელიც ახლა შეჩერებულია“.

„აფხაზეთის რესპუბლიკაში შექმნილი კრიზისის დაძლევისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის შენარჩუნების მიზნით, 30 მაისს გამართულმა "სახალხო მიტინგმა" მიიღო 9-პუნქტიანი რეზოლუცია, რომლის ადრესატი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა:
• დაითხოვოს მოქმედი მთავრობა, რომელმაც: ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ შექმნა სერიოზული ანტიკრიზისული პროგრამა, საფრთხის ქვეშ დააყენა ენერგეტიკის სფერო და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყანას
• შექმნას რეფორმების საბჭო, რომელიც შეიმუშავებს საგზაო რუკას ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გადასაჭრელად ორი წლის ვადაში. საბჭო უნდა შედგებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებისგან
• გააუქმოს 2023 წლის 31 მარტის N135-ე განკარგულება საქართველოსთან ვაჭრობის შესახებ
• გააუქმოს აფხაზეთის მთავრობის დადგენილება (N177, 2022 წლის 27 დეკ.) ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის თაობაზე
• უკან გაიხმოს შეთანხმება „რუსეთის ფედერაციისათვის სახელმწიფო აგარაკ "ბიჭვინთის" საკუთრებაში გადაცემის და მისი განკარგვის შესახებ“, რომელიც შეტანილია პარლამენტში შემდგომი რატიფიკაციის მიზნით
• საჯაროდ თქვას უარი და გამოიხმოს პარლამენტიდან კანონპროექტი „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობა-განკარგვის“ შესახებ
• საჯაროდ თქვას უარი ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებასა და კერძო კაპიტალისათვის მის გადაცემაზე
• საჯაროდ დადოს პირობა, რომ პარლამენტში რატიფიკაციისათვის არ შეიტანს 2023 წლის 18 მარტის შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ დავებში სასამართლოებისა და არბიტრაჟების გადაწყვეტილებების ცნობისა და სისრულეში მოყვანის შესახებ
• შექმნას ექსპერტთა კომისია ქალაქგეგმარების კოდექსის შესაქმნელად, რათა არ დაუშვას აფხაზეთის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში აპარტამენტებისა და ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც დაარღვევენ ქალაქ სოხუმის არქიტექტურულ ანსამბლს.

როგორც ადგილობრივი მიმომხილველები ამბობენ, აფხაზეთის ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უარი თქვა წინამორბედების მიერ გაკვალულ გზაზე. ანუ უარი თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე. მათი თქმით, ასლან ბჟანიას მოუწევს ანგარიში გაუწიოს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ყველას, ვინც უკმაყოფილოა მისი პოლიტიკით, უკმაყოფილო კი, როგორც ამბობენ, ბევრია.

პოლიტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილიც ამბობს, რომ აფხაზეთის ოპოზიციის მიტინგზე მიღებული რეზოლუცია გამოხატავს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ აფხაზეთის საზოგადოების დიდი ნაწილის წუხილს.

„ეს თემები რეალურად აღელვებს აფხაზურ საზოგადოებას, მათ შორის პარლამენტის წევრებსაც, სწორედ ამიტომ ვერ მოახდინეს მთელი რიგი შეთანხმებების რატიფიცირება რუსეთთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი პროსამთავრობო პარლამენტი აფხაზეთში არასოდეს ყოფილა. ფაქტობრივად პარლამენტი და პრეზიდენტი ერთი გუნდია. პირველად დაემთხვა ასე, მაგრამ ამ ერთ გუნდშიც კი წინააღმდეგობაა რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, იმდენად მნიშვნელოვანია მიწების და უძრავი ქონების არგასხვისების საკითხი. აფხაზეთის საზოგადოებას არ სურს, რუსეთს გადასცეს ე.წ. სტრატეგიული ობიექტები“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი

სოხუმის ცენტრში გამართულ მიტინგსა და აფხაზების წუხილს ევროპარლამენტიდან (ბრიუსელიდან) გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:

„მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში დემონსტრაცია მოაწყო და ეკავა ბანერი - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს. როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპულ მომავლისთვის, ეს, ასევე, ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს. იმიტომ, რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას“.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

30 მაისის მიტინგზე მიღებული რეზოლუციის 9 საკითხიდან, რომელთა შესრულებასაც მოითხოვენ ოპოზიციის ლიდერები, მხოლოდ ერთია „ქართული თემატიკის“, თუმცა, როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ეს ერთი საკითხიც ხელოვნურად, ბალანსისთვის არის ჩაწერილი. „სინამდვილეში რუსეთიდან მომავალი საფრთხე ბევრად აშფოთებთ“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი:

„ცალსახად რუსული თემები უფრო მნიშვნელოვანია. მხოლოდ ერთ პუნქტში წერია, რომ არ მოსწონთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გააუქმა სერგეი ბაგაპშის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვის თაობაზე.

ეს გადაწყვეტილება გააუქმა ბჟანიამ, მაგრამ სინამდვილეში ამით არაფერი შეცვლილა, ისე მიდის ვაჭრობა, როგორც აქამდე მიდიოდა უკანონო ფორმებით - კორუფციითა და კრიმინალთა ჩართულობით. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბჟანიას ხელისუფლება დაუბრუნდეს ძველ რეჟიმს, აკრძალოს ვაჭრობა და ეს გააფორმოს დათმობად.

არსებითად ამით არაფერი არ შეიცვლება. ქართული თემა რეზოლუციაში ჩაიდო იმის გამო, რომ ოპოზიციისთვის არ დაებრალებინათ ანტირუსული განწყობები.

ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა, აპარტამენტებისა და სასტუმროების მშენებლობა, ენერგორესურსების გასხვისება, კორუფცია და ა.შ. - ყველა ეს თემა პირდაპირ რუსეთს უკავშირდება და სწორედ ეს თემებია მათთვის მთავარი“.

რაც შეეხება 30 მაისის ეფექტს, ამასთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ორივე მხარეს შეუძლია ილაპარაკოს წარმატებაზე, თუმცა, თუ ამ მიტინგს არ მოჰყვება ოპოზიციის გრძელვადიანი აქტიურობა, საბოლოო ჯამში, მოგებული ბჟანიას ხელისუფლება დარჩება.

„ე.წ. ხელისუფლებას აქვს უფლება, თქვას, რომ წარმატებას მიაღწია, რადგან არ დათმო არაფერი. ოპოზიციამ კი შექმნა განცდა, რომ ის არ არის აგრესიული, რადიკალური და რევოლუციაზე მომართული. თუ მისი აქტიურობა გაგრძელდება პერმანენტული მშვიდობიანი აქციების სახით, ოპოზიციამ შეიძლება რაღაც სიმპათიები დაიმსახუროს საზოგადოებაში და, როცა არჩევნები მოვა (2025 წელს), მეტი საფუძველი ჰქონდეს უთხრას ამომრჩეველს, რომ მის ლიდერებს არ ჩამოუგდიათ ხელისუფლება და, თუ მხარს დაუჭერენ, მშვიდობიანი გზით განაგრძობენ მართვას. ეს აქცია ძალიან ჰგავდა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას. თუ ეს ასეა, მაშინ არ იყო ცუდი დასაწყისი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ადგურ არძინბა (მიკროფონთან)

აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე სწორედ იმაზე ილაპარაკა, რომ ოპოზიცია გააგრძელებს ხალხთან შეხვედრებს და დღის წესრიგის ფორმირებას:

„შესაძლოა, მოვიწვიოთ აფხაზთა კრება ან, თუ ხელისუფლება უარს არ იტყვის ანტიეროვნულ დღის წესრიგზე, მოვითხოვოთ პრეზიდენტის ნდობის რეფერენდუმის დანიშვნა“.

ასევე ნახეთ

"არ გვინდა, ისევ 17% გავხდეთ!" - რა მოხდა "სახალხო მიტინგზე" სოხუმში? როცა მწარე გამოცდილება ვერაფერს გასწავლის - რას ველით 30 მაისის „სახალხო მიტინგისგან“ რა მოხდება 30 მაისს სოხუმში? - აფხაზეთი დიდი დაპირისპირების მოლოდინში