აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება და ოპოზიცია 30 მაისისთვის დანიშნული „დიდი სახალხო მიტინგისთვის“ ემზადებიან: ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკვე მართავენ შეხვედრა-კონსულტაციებს ქალაქებსა და რაიონებში, ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლებამ კი მთელი აფხაზეთის მასშტაბით დაიწყო ადმინისტრაციულ შენობებთან ბარიერებისა და დამცავი ზღუდეების მოწყობა.
დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ე.წ. მთავრობას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ და დე ფაქტო პრეზიდენტს მისი დათხოვნისკენ მოუწოდებენ, თუმცა ასლან ბჟანიამ უყურადღებოდ დატოვა ოპოზიციის ულტიმატუმი, რომლის ორკვირიანი ვადა ორი დღის წინ გავიდა.
25 აპრილს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების („აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“, „აფსნი“, „არუაა“, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, „აამტა“, „ახიაცა“) ლიდერებმა ბჟანიას მოუწოდეს გადააყენოს „ანტიხალხური ხელისუფლება“, რომელმაც, მათი თქმით, აფხაზეთი ჩააგდო „ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისში, მიაყენა სახელმწიფოს მრავალმილიონიანი ზარალი“.
პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნები ვეტერანთა ორგანიზაციის „არუაას“ თავმჯდომარემ თემურ გულიამ გაახმოვანა.
„სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში გამეფებულია არაკომპეტენტურობა, ხოლო მთავრობა ატარებს არასწორსა და მავნებლურ პოლიტიკას“, - ნათქვამია აფხაზური ოპოზიციის მიმართვაში, რომელშიც საერო ჯამში 13 ბრალდებაა გამოკვეთილი:
- დაპირებული ეკონომიკური და სოციალური რეფორმების სრული უგულებელყოფა.
- კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეების დაცვისათვის აუცილებელი ზომების არგატარება. ვაქცინების შესაძენად დროული და კოორდინირებული ღონისძიებების ნაკლებობა, რამაც გამოიწვია სამედიცინო დაწესებულებების კოლაფსი და მოქალაქეების სიკვდილი.
- პენსიონერებისთვის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემის გაუქმება, რომელიც განხორციელდა პანდემიის შუაგულში თითიდან გამოწოვილი საბაბით.
- კრიპტოვალუტის მაინინგის საქმიანობის ლეგალიზაცია, რამაც გამოიწვია მძიმე ენერგეტიკული კრიზისი, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება და სახელმწიფოს მრავალმილიარდიანი ზარალი.
- „ენერგეტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ხელშეწყობა, რამაც გზა უნდა გაუხსნას ენერგეტიკული ინდუსტრიის ობიექტების მტაცებლურ პრივატიზებას. ელექტროენერგიის ტარიფის დაუსაბუთებელი ზრდა.
- უხეში ტექნიკური დარღვევები და ფასების აწევა აჩიგვარის საჰაერო ხაზის შეკეთებისას.
- გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლების გახსნილობის სრული უქონლობა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიის შესახებ კანონების სისტემატური დარღვევა.
- იმგვარი საგარეო-პოლიტიკური ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოს იზოლაციას. თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში თანამემამულეებთან ურთიერთობის კრიტიკული შესუსტება.
- კანონმდებლობის უხეში დარღვევით განხორციელებული ხელშეკრულების გაფორმება ქალაქ ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოს საკუთრებასა და იურისდიქციაში გადაცემის შესახებ.
- აპარტამენტებისა და სასტუმროების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა, რაც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის დემოგრაფიულ ბალანსს.
- საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაცია, საქართველოს (ე.წ.) საზღვარზე საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებული მაღაზიების გახსნის ნებართვების გაცემა.
- ხელმძღვანელობის არასაკმარისი და ქაოტური ქმედებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. სამხედრო საფრთხეების არასწორი შეფასება და მასთან დაკავშირებული არმიის პრიორიტეტების არასათანადო დაფინანსება.
- საკუთარი წარმოების ეკონომიკური ზრდისა და ექსპორტის არქონა, რესპუბლიკური ბიუჯეტის დეფიციტი 1,5 მილიარდ რუბლზე მეტი ოდენობით.
„საქართველოში კონტრაქტი არავისთან არ გაგვიფორმებია“.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ოპოზიციის ყველა ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა, ცალკეულმა მინისტრებმა რიცხვების მოშველიებით სცადეს ოპონენტების არგუმენტების გაბათილება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუა:
„არავინაა ჩართული საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზაციაში, უბრალოდ ჩვენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრობლემა შეგვექმნა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ათვისებაში. ამ პროგრამის განხორციელებისას ჩვენ ვაწყდებით იმ ფაქტს, რომ არის საქონელი, რომელიც არ იწარმოება რუსეთში, მაგალითად, სუბტროპიკული კულტურების ნერგები. დახმარებას ვუწევთ სოფლის მეურნეობის ინსტიტუტს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გვაწვდიან ნერგების ზოგიერთ კატეგორიას, სპეციალურ აღჭურვილობას, ჩვენთვის სპეციფიკურ ისეთ კულტურებს, როგორებიცაა თხილი და ციტრუსები. ამიტომ გვიწევს მივმართოთ ზოგიერთ ჩვენს მოქალაქეს, რომლებსაც შემოაქვთ ეს ყველაფერი თურქეთიდან საქართველოს გავლით“.
ჯოპუას თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკა საქართველოს გავლით იღებს ტრანზიტული საქონლის შეზღუდულ რაოდენობას, რომელიც, მისი თქმით, შიდა მწარმოებლებს სჭირდებათ. ბესლან ჯოპუამ გაიხსენა, რომ ადრე მიიღეს გადაწყვეტილება "თხილის საქართველოში გატანის" თაობაზე იმის გამო, რომ რუსეთში მასი ფასი შესამჩნევად დაეცა.
„მაგრამ მაშინ ამას არავინ შეუწუხებია“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
აფხაზური ოპოზიციის ბრალდებას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან საზღვარი გახსნა და თბილისთან ვაჭრობა დააკანონა, კატეგორიულად უარყოფს სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეცია, რომლის თქმითაც, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო:
„როგორც აქამდე იყო, ახლაც ისეა. ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ იმ საქონლის ლეგალიზება, რომელიც შემოდის აფხაზეთის რესპუბლიკაში. საქართველოში არავისთან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების მიერ შემოტანილ საქონელს ვაფორმებთ გამარტივებული სქემით, თუმცა ტვირთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 600 000 რუბლს“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანის თქმით:
„2022 წელს აფხაზეთის მშპ-მა 45,8 მილიარდ რუბლს (580 მლნ დოლარი) მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 131%-იანი ზრდაა. ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები გაიზარდა 3,3 მილიარდი რუბლით (42 მლნ დოლარი). რაც შეეხება სამრეწველო წარმოების მოცულობას: 2019 წელს იყო 6,3 მილიარდი (80 მლნ დოლარი) რუბლი, 2022 წელს - 7,1 მილიარდი (90 მლნ დოლარი)“.
ოზგანი არ ეთანხმება ადგილობრვი ოპოზიციის მოსაზრებას, რომ რეფორმები არ ტარდება. ის მიუთითებს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულ ცვლილებებზე, ბიუჯეტის სტრუქტურაზე, სტატისტიკურ ანგარიშგებაზე, უძრავი ქონების ავტომატური საკადასტრო სისტემის დანერგვის ღონისძიებების დასრულებასა და ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის სისტემის ეტაპობრივ დანერგვაზე.
„მეორე ფრონტი“ აფხაზურად
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა უყურადღებოდ დატოვა ოპოზიციის მიმართვა. შედეგად ოპოზიციამ გამოაცხადა ანტისამთავრობო მიტინგის თარიღი და ადგილი: 30 მაისი, სოხუმი. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების ლიდერების თქმით, ასლან ბჟანიას ხელისუფლებასთან დიალოგის ყველა შესაძლებლობა ამოწურულია, დარჩა მხოლოდ საპროტესტო აქცია და ხალხის შეკრება.
„ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი აქციების ჩატარების უფლება. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ არანაირ პროვოკაციას არ დავუშვებთ“, - განაცხადა აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ.
„სახალხო მიტინგის“ თარიღი და ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა ბრიფინგზე გამოაცხადეს, პარალელურად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, პროსახელისუფლებო პარტიების (მათ შორის „ამცახარას“) და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებმაც, „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტის ცნობით განიხილეს, როგორ უნდა დაუპირისპირდნენ აქციას.
„თავად ასლან ბჟანია ამ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა. იმ დღეს საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა ისე, რომ ხელისუფლების მესამე შტოს - სასამართლო ხელისუფლების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასაც კი არ დასწრებია. ბჟანია არც მომდევნო დღეს გამოჩენილა სახალხო პოეტის, ბაგრატ შინკუბას ძეგლის ყვავილების შემკობის ღონისძიებაზე“, - ამბობს აფხაზი პოლიტილოგი და ბლოგერი იზიდა ჭანია.
შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვალტერ ბუთბა და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე რობერტ კიუტი საპროტესტო მიტინგის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არა მხოლოდ ძალის გამოყენებით დაემუქრნენ, არამედ ოპოზიციის საქმიანობა შეადარეს „ქართველი ტერორისტების“ ქმედებებს. მათ ასევე გაიხსენეს „საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა“ და, რომ „ხალხის მასობრივი თავშეყრა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის სერიოზული დარტყმის მისაყენებლად“.
დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარემ, რობერტ კიუტმა ყველა გააფრთხილა, "რომ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა, ან რომელიმე კანონის დარღვევა ამ აქციის გამართვის თვალსაზრისით, ან ძალაუფლების იძულებით ხელში ჩაგდება სასტიკად იქნება აღკვეთილი ჩვენი თანამშრომლების მიერ. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ მოიქცნენ კორექტულად, მშვიდად და კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, რომ გამოვიყენოთ ყველა ძალა და საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის ნეგატიური ქმედება“.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალტერ ბუთბამ კი გაიხსენა, რომ ადრე: „საქართველოს სპეცსამსახურებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელეს იმისთვის, რომ ჩაეშალათ ზაფხულის საკურორტო სეზონი. არავითარ შემთხვევაში არ მინდა მათთან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შედარება, მაგრამ რატომღაც ეს დამთხვევა ცოტა მაშფოთებს... რა თქმა უნდა, სურთ ზაფხულის სეზონის ჩაშლა, რათა სახელმწიფო პროდუქტიულად არ განვითარდეს, რადგან ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც შეგვიძლია მივიღოთ შემოსავალი ჩვენი განვითარებისთვის. რატომღაც ყველაფერი დაემთხვა... მოულოდნელად, რა თქმა უნდა“.
კონკრეტულად რა "ტერორისტულ აქტებზე" საუბრობდა, ბუთბას ალ დაუზუსტებია.
ე.წ. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების ასეთმა განცხადებებმა ოპოზიციის ლიდერთა და მხარდამჭერთა აღშფოთება გამოიწვია. ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ შს მინისტრ ბუთბას შეახსენა, რომ პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, მინისტრი უნდა ემსახურებოდეს არა ასლან ბჟანიას, არამედ აფხაზ ხალხს.
„მიტინგი გაიმართება სწორედ აფხაზეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც გულისხმობს აფხაზი ხალხის სამამულო ომის შედეგების რევიზიას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ვეტერანთა ორგანიზაციამ გაავრცელა.
აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა:
„ამ შეურაცხყოფისათვის საჯარო ბოდიში უნდა მოუხადოთ აფხაზეთის უამრავ მოქალაქეს, რომელიც უკმაყოფილოა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით“.
ადგურ არძინბამ კითხვით მიმართა შს მინისტრ ვალტერ ბუთბას, რომელმაც, არძინბას სიტყვებით, აფხაზეთის ანტისახალხო მთავრობის მოწინააღმდეგე მოქალაქეები შეადარა ქართველებს: სად იყო თვითონ, როცა აფხაზი ხალხი იცავდა სიცოცხლის უფლებას და ებრძოდა საქართველოს 92-93 წლებში?
საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან ლაგვილავამ კი გაოცება ვერ დამალა იმის გამო, რომ „შს მინისტრს, თურმე, პოლიტიკური ოპონენტები ჰყოლია“. მან შეახსენა „პოლიციის უფროსს“, რომ კანონი ავალდებულებს დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების მიუხედავად.
უფრო მკვეთრად ისაუბრა აფხაზური სახალხო მოძრაობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ასლან ჟანაამ, რომელმაც პირდაპირ მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს:
„რობერტ [კიუტი], ხალხი იდიოტი ხომ არ გგონია? კორუფცია ჭამს ქვეყანას, გაახილეთ თვალები“.
ასლან ჟანაამ მოუწოდა აფხაზეთის „მთავარ ჩეკისტს“, თავისი ენერგია მიმართოს „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისკენ“.
დე ფაქტო რესპუბლიკის მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ალმასხან არძინბამ კი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შეახსენა, რომ ჩირქს სცხებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრება ბრძოლაში გაატარეს.
„იმ ადამიანებმა, ვისაც თქვენ მტრის სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებთ, მთელი თავისი ცხოვრება ქვეყნის დაცვას შესწირეს... ისინი იცავდნენ იმ ქვეყანას, რომელშიც თქვენ დღეს თბილ სკამებს იკავებთ", - თქვა ალმასხან არძინბამ.
30 მაისისთვის დანიშნულ „სახალხო მიტინგსა“ და ოპოზიციის აქტიურობას სკეპტიკურად უყურებს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა, რომლის თქმითაც, ოპოზიციის მიერ წამოწეული პრობლემები ახალგაზრდა სახელმწიფოს შენების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. შამბას თქმით, ოპოზიცია მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი ცუდი გაუკეთოს ხელისუფლებას:
„არ არსებობს არანაირი კონსტრუქციულობა, მთელი ჩვენი ენერგია იხარჯება შიდა ურთიერთობების გარკვევაზე. ჩვენ გვაქვს მყიფე, ახალგაზრდა სახელმწიფო და, შესაბამისად, არ უნდა ვარყიოთ ნავი, არ უნდა დავუშვათ ქვეყნის შიგნით ვითარების აფეთქება. ყველა სახის პროვოკაცია დაუშვებელია“.
აფხაზური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ აქციამდე ორ კვირით ადრე, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ადმინისტრაციულ შენობებთან წინაღობებისა და ზღუდეებს აწყობს, ოპოზიცია კი შეხვედრებსა და კონსულტაციებს მართავს ქალაქებსა და რაიონებში.