100 დღე არჩევნებამდე - ყველაფერი ამ მომენტისთვის

არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს როგორც ოპოზიცია, ასევე „ქართული ოცნება“.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 100 დღე რჩება. პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე ამ ეტაპზე სამი გაერთიანებაა და მოლაპარაკებები გრძელდება; ხოლო „ქართულ ოცნებას“ კვლავ შეუერთდა ერთ დროს მისგან „სიმართლის სათქმელად“ გამოყოფილი, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“.

ამ არჩევნებზე პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანება გადამწყვეტია. ოპოზიცია ფიქრობს, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში როგორ არ დაიკარგოს ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისთვის მიცემული ხმები.

ოპოზიციის სამ გაერთიანებაში ამ ეტაპზე შედიან:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ და “სტრატეგია აღმაშენებელი“
  • „ახალი“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და “დროა“
  • „ლელო“, “თავისუფლების მოედანი“ და “ხალხისთვის“

არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს როგორც ოპოზიცია, ასევე „ქართული ოცნება“. ხედვები რადიკალურად განსხვავებულია: ოპოზიციის ფორმულაა ევროპა VS რუსეთი, ხოლო მმართველი პარტიის - მშვიდობა VS ომი.

„ლელოს“ გარშემო - ნომრით 9

17 ივლისიდან პარტია „ლელო“ მარტო აღარ არის. თბილისში, ევროპის მოედანზე, ოთხშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ „ლელოსთან“ ერთად იბრძოლებენ ახლად შექმნილი მოძრაობა - „თავისუფლების მოედანი“ და ანა დოლიძის „ხალხისთვის“.

კარი კვლავ ღიაა. „ეს არის პირველი ნაბიჯი და უახლოეს ხანში კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს თუ პოლიტიკურ ჯგუფს ვნახავთ ჩვენს გაერთიანებაში. არა ის, რაც ჭორებად გესმით. [ეს იქნება] ახალი სახეები, ახალგაზრდები, ის ხალხი, რომლებიც ჩაიბარებენ ქვეყნის მმართველობას“, - თქვა 17 ივლისს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

მანამდე, წარუმატებლად დასრულდა „ლელოს“ მოლაპარაკებები პარტიებთან „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

ჯერჯერობით არ მართლდება პროგნოზი, რომ მამუკა ხაზარაძის გუნდთან ძალებს გააერთიანებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ხაზარაძე ამბობს, რომ გახარიას პარტიასთან „არანაირი მოლაპარაკებები და კონსულტაცია არ მიმდინარეობს”; მისი თქმით, გახარიამ ჯერ მის კითხვებს უნდა უპასუხოს და მათ შორის - „გაუკეთებს თუ არა გახარია „ქართულ ოცნებას“ კოალიციას?“

ხაზარაძის სხვა შეკითხვები უკავშირდება: ანაკლიის ჩაშლილ პროექტს, „გავრილოვის ღამეს“ და მუქარის წერილს. „ლელოს“ დამფუძნებელი აცხადებდა, რომ შს მინისტრობის დროს, გიორგი გახარიამ მას „მუქარის წერილი“ მისწერა, რასაც თავად გახარია უარყოფს.

გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ 18 ივლისს უთხრა, რომ ხაზარაძის შეკითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს; ხოლო „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, მისი პარტიისთვის წითელი ხაზია.

ანა დოლიძე არ უარყოფს, რომ შექმნილი ცენტრი ურთიერთგანსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს, მაგრამ პროცესს ის ადარებს გურიაში გავრცელებულ დახმარების ტრადიციას - „ნადს“, როცა სოფელი აუცილებლად გასაკეთებელი საქმისთვის ძალებს აერთიანებს.

„ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციების და კულტურის სიძლიერე და ეს ყველაზე კარგად გამოიხატება ქართულ მრავალხმიან სიმღერაში“, - განაცხადა დოლიძემ 17 ივლისს.

რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, ამ ეტაპზე მისი პოზიცია კვლავ უცვლელია - არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს გასვლას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირებულია.

მანამდე, იყო ვარაუდები, რომ - გახარიას ცენტრს შეუერთდებოდნენ ანა დოლიძისა და ალექსანდრე ელისაშვილის პარტიები. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, სად დადგება ელისაშვილის „მოქალაქეები“.

ოპოზიციური ცენტრი 4 ნომრით

მას შემდეგ, რაც „ლელოსთან“ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 9 ივლისს ერთობა დამოუკიდებლად გამოაცხადეს პარტიებმა: „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“. მათ ბანერზე გამოჩნდა სახელწოდება - „კოალიცია ცვლილებებისთვის“.

გადაწყვეტილია, რომ ეს გაერთიანება 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვა ნომრით - 4, რომელიც პარტია „ახალს“ ეკუთვნის.

16 ივლისს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებული პარტია საჯარო რეესტრში „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ სახელით დარეგისტრირდა. პროცედურულად, რეესტრმა სახელი შეუცვალა პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ - რომელიც საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ 2016 წელს დააფუძნა.

ასევე ნახეთ გვარამიამ და მელიამ პაატა ბურჭულაძის დაფუძნებული პარტია გადაიფორმეს

„ლელოსთან“ ვერ შეთანხმდნენ, თუმცა 9 ივლისს „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ „არ იკეტება ამით პროცესი და, ბუნებრივია, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება“.

უთანხმოების კონკრეტული მიზეზი მხარეებს არ დაუსახელებიათ; „ლელო“ იმ დღეს საზოგადოებისთვის „რეალური სიახლის შეთავაზების“ აუცილებლობაზე ლაპარაკობდა.

8 ივლისს გამოცხადებულ ოპოზიციურ გაერთიანებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა „რესპუბლიკურმა პარტიამ“.

ჯერჯერობით არცერთ გაერთიანებაში არ არის პარტია „ევროპული საქართველო“, რომელიც, საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე დაყრდნობით, მხარს უჭერდა გაერთიანებას „ლელოსა“ და „ახლის“ მონაწილეობით და საკუთარ თავს სწორედ ამ გაერთიანებაში ხედავდა. თუმცა ეს გაერთიანება ვერ შედგა.

ISSA-ს კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების ყულაბაში, ჯამში, საუკეთესო შედეგი [42%-ზე მეტი] აჩვენა ოპოზიციური ცენტრების კონფიგურაციამ შემდეგი შემადგენლობით:

  • 22.3% - ოპოზიციური ცენტრი: ახალი, ლელო, გირჩი - მეტი თავისუფლება“/ „დროადა ევროპული საქართველო. თბილისში - 31.8%;
  • 11.8% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ „სტრატეგია აღმაშენებელი“;
  • 8.4% - „გახარია საქართველოსთვის/ ხალხისთვის/ მოქალაქეები“.

ამ სქემაში „ქართული ოცნება“/“ხალხის ძალის“ მაჩვენებელი – 30.5%-ია.

ასევე ნახეთ რა აჯობებდა და რა ხდება - ოპოზიციის განლაგება და კვლევის შედეგები

„ნაციონალური მოძრაობის ცენტრი“ - ნომერი 5

მანამდე, 8 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, გამოცხადდა ახალი საარჩევნო პლატფორმის - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ შექმნა.

პოლიტიკური სუბიექტებიდან ამ ერთობაში შედიან თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ასევე ნახეთ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ დაფუძნდა

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერდა პროდასავლური ოპოზიციის სრულ გაერთიანებას და დღემდე იმედი აქვთ, რომ არჩევნებამდე ოპოზიციური ფლანგი ძალების კიდევ უფრო ფართო გაერთიანებას შეძლებს.

ოპოზიციური პარტიების სრული გაერთიანების შესახებ საუბარი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ იდეამ ვერ გაიმარჯვა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები თავიდანვე იყვნენ: „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“.

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ისევ ერთად - 41

16 ივლისს, „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე გამოცხადდა, რომ მმართველი პარტია ისევ თავის წიაღში იბრუნებს „ხალხის ძალას“ - ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულ ჯგუფს, რომელიც ბოლო პერიოდში ცალკე პარტიადაც გადაკეთდა.

"მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც "ხალხის ძალა" ჰქვია. ჩემგან გაიგებთ დღეს პირველად, გავკადნიერდები, ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა 16 ივლისს, სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ზღვარი „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის ყოველთვის უხილავი იყო: ისინი ერთად ქმნიდნენ საპარლამენტო უმრავლესობას და ერთმანეთს არაფერში ეწინააღმდეგებოდნენ.

თავიდანვე განაწილდა ფუნქციები: „ხალხის ძალა“ იტყოდა იმას, რისი თქმაც „ქართულ ოცნებას“ მიზეზთა გამო არ შეეძლო.

ექსპერტებისთვის ნათელი იყო, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წამოწეული თითქმის ყველა თემა - ოდნავ მოგვიანებით „ქართული ოცნების“ რიტორიკაშიც ჩნდებოდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური და ღია დაპირისპირება თავიდან სწორედ „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დაიწყეს.

2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციატივა იყო „აგენტების კანონის“ მიღება, როცა ეს პროცესი ჩავარდა. 2024 წელს კი, იგივე კანონი პარლამენტში განსახილველად უკვე „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა და დაამტკიცა კიდეც.

„აგენტების კანონის“ დამტკიცებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თბილისის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა, ექსპერტების შეფასებით, თითქმის აღარაფრით განსხვავდება „ხალხის ძალის“ რიტორიკისგან.

ასევე ნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე "ხალხის ძალა" "ქართული ოცნების" სიაში იქნება

საერთაშორისო პარტნიორები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლურ კურსსა და პრინციპებს გადაუხვია.

შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვების გარდა, მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტების გადახედვა. ევროკავშირი და აშშ საბიუჯეტო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებებზე მსჯელობენ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა როგორც ოპოზიციურმა ფლანგმა, ასევე სახელისუფლებო პარტიამ. პირველ შემთხვევაში ფორმულაა ევროპაVS რუსეთი, ხოლო მეორე შემთხვევაში - მშვიდობა VS ომი.

ასევე ნახეთ რას ცვლის, თუ ევროკავშირის ნაცვლად ევროპას იტყვი - "ოცნების" წინასაარჩევნო მესიჯები

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მოსახლეობის 60% უჭერს მხარს და მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს.

ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკვლევა კი აჩვენებს, რომ - ოპოზიციური პარტიების რეიტინგების ჯამი აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგს.