Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნებზე "ხალხის ძალა" "ქართული ოცნების" სიაში იქნება


ფოტო არქივიდან: „ხალხის ძალა“ პარტიულ ყრილობაზე.
ფოტო არქივიდან: „ხალხის ძალა“ პარტიულ ყრილობაზე.

პარტია "ხალხის ძალა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" სიაში იქნება. ამის შესახებ 16 ივლისს მმართველი პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე მიესალმა მხარდამჭერებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ღონისძიებას ესწრება.

"მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც "ხალხის ძალა" ჰქვია. ჩემგან გაიგებთ დღეს პირველად, გავკადნიერდები, ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, „ხალხის ძალა“, პარტიად 2024 წლის მარტში დაფუძნდა.

გასულ, 2023 წელს, „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ „აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცებას, რომელსაც ხალხმა რუსული კანონი დაარქვა. ამ კანონს დასავლელი პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობად განიხილავენ.

მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური რიტორიკით, მათ შორის თავს ესხმოდნენ აშშ-ის ელჩს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG