ბათუმში, გუჩმანიძეების ოჯახში, ბავშვის ბაღში წასაყვანად სახლიდან რომ გამოვიდნენ, კედლები უხამსი წარწერებითა და ნახატებით დახვდათ აჭრელებული. ძმები ილია, კახაბერ და არჩილ გუჩმანიძეები აქტივისტები არიან. ისინი „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ.
„აქამდე ოჯახის წევრებს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ, დღეს ეს ყველაფერი წარწერებში გადაიზარდა. ღამის 12 საათზე, სახლში რომ მოვედით, არაფერი იყო, დილისკენ გააკეთეს, როგორც ჩანს“, - ამბობს ილია გუჩმანიძე, რომელიც 18 წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორს“ ხელმძღვანელობს.
„ოჯახში ორი პატარა ბავშვი გვყავს, რძალი ფეხმძიმედაა, ბოლო თვეში. არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ და ვერც იმას გვაიძულებენ, პროტესტი შევწყვიტოთ. შესაძლოა ეს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც გაგრძელდეს. თავის დაცვა რთულია, როდესაც სახელმწიფო გებრძვის, მაგრამ არავინ შევშინდებით, პირიქით, უფრო მოტივირებულები ვართ, უსამართლობას ვებრძოლოთ. უბრალოდ, კანონმა უკვე ძალა შეიძინა. ამ კანონის მიზანი თავისუფალი აზრის მოსპობაა, მიღებიდან ორი დღის შემდეგ, უკვე წარწერები გაგვიკეთეს კედელზე და მეტი რაღა უნდა ითქვას“.
ილია გუჩმანიძე ამბობს, რომ უკვე მიმართეს პოლიციას და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა საქმის გახსნის იმედი არ აქვთ.
31 მაისს სახლისა და ოფისის კედლებზე წარწერები დახვდა „მთის ამბების“ რედაქტორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილსაც. წარწერები შეურაცხყოფას და მუქარას შეიცავს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ასეთი რამ ხდება, მანამდე 9 მაისს ოფისთან მისი ფოტოები გააკრეს და „აგენტი“, „უსამშობლო“ წააწერეს.
„იმ დღესვე შევიტანე განცხადება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება მოვითხოვე. რეაგირებისათვის შსს-ს გაუგზავნეს. ნახევარი თვე გავიდა და შსს-დან არაფერი ისმის, - ამბობს გელა მთივლიშვილი, - დღეს დილით მეგობარმა გამომიგზავნა ფოტოები, თბილისში არ ვიყავი. ღამე უმუშავიათ და აუოხრებიათ კორპუსის კედლები. დღევანდელ ფაქტზე პოლიციისთვის არ მიმიმართავს. ან არ მოდიან, ან მოდიან და არაფერს აკეთებენ.
ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემა გვაქვს ჟურნალისტებს, რომლებიც სამიზნეებად ვართ ამოღებული, მტრებად ვყავართ მონიშნულები. ეს წარწერები ჯერ თავად არ მქონდა ნანახი, როდესაც „იმედმა“ და „პოსტ-TV“-იმ გაავრცელეს, ისე შეფუთეს, თითქოს, მოქალაქეებმა გააკრეს ეს პლაკატები, სინამდვილეში ეს არიან „ტიტუშკები“, ან „დავერბოვკებული“ მოქალაქეები და ეს ხალხი მხოლოდ წარწერებისთვის ხომ არ ჰყავთ, იმისთვისაც, რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ“.
იმ ადამიანებზე ზეწოლა, რომლებიც „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, პროტესტთან ერთად დაიწყო. სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელს, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს, ასევე, „გირჩის“ ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის ძმას. მასობრივად დაიწყო რეკვა და დაშინება უცნობი ნომრებიდან.
„ორი კვირის წინ დამირეკა ქალმა, ქვეყნის მოღალატე ხარო. ორიოდე დღის წინ დათუნას დაურეკეს, ჩემს 12 წლის შვილს, ეძინა და მე ვუპასუხე. დათუნა ხარ? იცოდე, რომ დედა მოღალატე გყავსო. ვუთხარი: „მოღალატე დედა გისმენ“. გამითიშა“, - ამბობს თამარ ბელქანია, წალენჯიხის მერის მოადგილე. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ვერ მოიგო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ახლა ზეწოლის, მუქარისა და შეურაცხყოფის მეორე ტალღა წამოვიდა. ურეკავენ როგორც თავად აქტივისტებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს. დაურეკეს მასაც და მის შვილსაც.
„ასეთი რამ არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა, ეს წმინდა რუსული ხელწერაა. იგივე გეგმით მიმდინარეობს ყველაფერი, როგორც იქ იყო. მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის და ეს არ გამოვა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია. ძალიან კარგად იციან, რომელ სტამბაში იბეჭდება ის პლაკატები, რომლებსაც შემდეგ აქტივისტების სახლებთან აკრავენ. როდესაც ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ეს ნიშნავს, რომ თავად არის ორგანიზატორი, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, - არავის იჭერენ და ალბათ ასე გაგრძელდება. მიზანი საზოგადოების დაშინებაა, მაგრამ არც მე და არც არავინ ჩემს გარშემო შეშინებული არ არის“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ თავის ფეისბუკგვერდზე თავად დადო ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დადის ქუჩაში რამდენიმე ნიღბიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისების კედლებზე უხამსობებს წერენ და იგინებიან, კვერცხებს ესვრიან შენობებს, მათ შორის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“’ (სოროსის ფონდი), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ოფისებს.
ფეისბუკზე ვიდეოს თან ახლავს დიმიტრი სამხარაძის სიტყვებიც, სადაც ის იმუქრება, რომ ისინი ოპონენტებს კრიტიკას მტკივნეულად დაუბრუნებენ.
„ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ "ქართული ოცნების" გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ!“
ამ წარწერის ქვეშ 13 არასამთავრობო ორგანიზაცია და 9 ოპოზიციური პარტიაა ჩამოთვლილი.
„იმედი“ ავრცელებს „ხალხის ძალის“ წევრის დავით კაჭარავას სიტყვებსაც, სადაც ის ისეთი პასუხის გაცემაზე ლაპარაკობს, რომელიც ოპონენტებს აიძულებს სახლებში „მიიმალონ“. დავით კაჭარავა ამას იმ მოქალაქეების საპასუხოდ ამბობს, რომლებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „აგენტების კანონის“ მიღების გამო საჯაროდ ლანძღავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.