Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯაშუშების“ საჯარო გასამართლების გეგმა - ვის და როდის უპირებს დაჭერას ხელისუფლება


აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 18 მაისი, 2024 წელი.
აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 18 მაისი, 2024 წელი.

​​​​​​​„აგენტების კანონის“ საბოლოო დამტკიცებიდან 3 დღეში - „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან ახალი ინიციატივა წამოვიდა - ყველა „ჯაშუშის“ - კანონის მოწინააღმდეგის დაჭერა. იდეა „ხალხის ძალას“ ეკუთვნის, რომელიც, თავიდანვე, „ოცნების“ სათქმელის გასახმოვანებლად შეიქმნა.

„აგენტების კანონის“ განხილვების პროცესში „ქართული ოცნება“ ხშირად იმეორებდა, რომ ის საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მხოლოდ რეგისტრირებას გულისხმობს და არ არის ჩაფიქრებული მათი დასჯა, მით უფრო - საქმიანობის შეზღუდვა ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ოპონენტები კი იმთავითვე აცხადებდნენ, რომ „აგენტების კანონი“ უფრო მძიმე შედეგებს მოიტანდა.

პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტები მოსალოდნელ მასობრივ რეპრესიებზე ლაპარაკობენ და ფიქრობენ, რომ ეს გარდაუვალი იქნება, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში.

რა არის ჩაფიქრებული?

ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება“, - „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ლუსტრაციის საფუძვლად „აგენტების კანონს“ განიხილავს.

31 მაისს მან თქვა, რომ ქვეყანაში „მდგომარეობა დამშვიდდა“, ქუჩის პროტესტის „მოტყუებული მონაწილეები“ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ხოლო ვინც კვლავ აპროტესტებს - ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, „ჯაშუშობის მუხლით გაასამართლებენ და „ერთგვარ ნიურნბერგის პროცეს“ მოუწყობენ.

„ხალხის ძალის“ ინიციატივა უფრო ფართო აუდიტორიას მოიცავს, ვიდრე მხოლოდ „აგენტების კანონის“ სამიზნე წრეა.

მაჭარაშვილის მიერ გახმაურებული გეგმით, გაასამართლებენ „უკლებლივ ყველას“:

  • ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს
  • ვინც ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ.

ასევე მაჭარაშვილი ადგენს - რა უნდა მოსთხოვონ დაკავებულებს სასამართლოში:

  • სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ.
  • მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ.

„ხალხის ძალის“ დეპუტატს იმედი აქვს, რომ სასამართლოს „დიდი მტკიცებულებებიც არ დასჭირდება“, რადგან „ენჯეოს“ წარმომადგენლებს თუ მათ აქტივისტებს, პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული“, და, რომ „ისინი საჯარო სივრცეში ამბობენ, რომ თვითონ არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს და ამას არც მალავენ, მათ შორის არიან პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიაორგანიზაციებს, პროტესტის აქტივისტებსა თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არასოდეს უთქვამთ, რომ ისინი უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან. პირიქით, ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში განმარტავენ, რომ შეურაცხმყოფელია „აგენტების კანონით“ განსაზღვრული სტატუსი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ - რადგან საზღვარგარეთიდან მიღებული ფულითაც მხოლოდ ქართული საქმე კეთდება - განათლების, ჯანდაცვისა თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებებით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად:

  • ჯაშუშობის მუხლი სხვადასხვა შემთხვევაში, რვიდან თორმეტ წლამდე ანდა თორმეტიდან ოც წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • ჯაშუშობა გულისხმობს „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის“ საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების სხვადასხვა გზით გამჟღავნებას და „საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვებას ან გადაცემას“.
  • დამამძიმებელი გარემოებებია - ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია.

მაჭარაშვილის მიერ გახმაურებულ ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი კოლეგებმა „ხალხის ძალიდან“.

„აგენტურას, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხი მოეთხოვება, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მაიდანიზაციამდე მივიდეს“, - ამბობს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

„გამჭვირვალობის კანონი არის უსაფრთხოების ახალი სტანდარტი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტი, რომელიც მოურიდებლად ამხელს ყველა ანტისახელმწიფოებრივ ძალას და სწორედ ამისთვის ასევე შეიქმნება ახალი სამართლებრივი სტანდარტი გამოვლენილი ჯაშუშების სამართლებრივად დასასჯელად“, - ეს „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრის - თამთა მეგრელიშვილის სიტყვებია.

ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“ მმართველი პარტიის რიგებს თავიდანვე იმ მიზნით გამოეყო, რომ - რიგ საკითხებზე მის ნაცვლადაც ელაპარაკა. თავიდან ისინი დაუპირისპირდნენ დასავლელ პარტნიორებს - ჯერ ელჩებს, ხოლო შემდეგ - უფრო ფართოდ. იმავე რელსებზე თანდათან სულ უფრო დაუფარავად გადავიდა „ქართული ოცნებაც“. ასევე „ხალხის ძალას“ ეკუთვნოდა „აგენტების კანონის“ ინიციატივა შარშან, როცა ის, ხალხის ზეწოლით, მარცხით დასრულდა - წელს კი იგივე სადავო კანონი უკვე პირდაპირ „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა და ბოლომდე გაიტანა.

მუქარა, დაშინება, რეპრესიების გეგმა

„ხალხის ძალის“ მიერ 31 მაისს გახმაურებული ინიციატივა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება მასშტაბური რეპრესიებისთვის ემზადება.

„ამას ვეუბნებოდით ადამიანებს, ვაფრთხილებდით - რომ მათი ["ქართული ოცნების" ხელისუფლების] მიზანი არის არა მხოლოდ ადამიანების სტიგმატიზება, არამედ სისხლისსამართლებრივი დასჯაც. ვითომ რომ გამჭვირვალობას და სუვერენიტეტს იცავენ, სუვერენიტეტი ესმით ისე, რომ - თუ მაგათი სუვერენის, ბიძინა ივანიშვილის მოსაწონად არ ლაპარაკობს, ყველა უნდა მოჰყვეს ძალადობის რისკის ქვეშ“, - „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჩვენთან საუბრისას პროცესების დამძიმების ტენდენციაზე მიუთითებს:

„ჯერ არბევდნენ აქციებს, შემდეგ - სახლებთან ხვდებოდნენ ადამიანებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მასობრივად ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ და ახლა [თქვეს] - ხალხს ჯაშუშებად, კანონგარეშედ გამოვაცხადებთო“.

დეპუტატ მანჯგალაძის შეფასებით, ყველაფერი „რუსულ სტილში“ ხდება - „ჯერ ხალხის მტრად გამოცხადება და შემდეგ - განადგურება“, მაშინ, როცა თავად დეპუტატ მაჭარაშვილს „ხმა არ ამოუღია ხალხის, პატარა ბავშვების ქუჩაში ცემაზე თუ თავისი კოლეგის - ლევან ხაბეიშვილის ძვლების დამტვრევაზე სპეცრაზმის მიერ“.

პაატა მანჯგალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი ხალხი პროტესტს შეწყვეტს და „ჯერ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო შემდეგ - გასარუჯად წავა“, ხელისუფლება ყველაფერს გაბედავს და შესაძლოა - ეს არჩევნებამდეც გააკეთოს.

ეუთო/ოდირმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების - თეონა აქუბარდიასა და პაატა მანჯგალაძის მიმართვის საფუძველზე მოამზადა ე.წ. აგენტების კანონის სამართლებრივი შეფასების დოკუმენტი, რომელიც 30 მაისს გამოქვეყნდა. ტექსტში ნათქვამია, რომ - კანონი, რომელიცუცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ რეესტრს მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო ადგენს, ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ მოთხოვნებს.

„ქართული ოცნება“ არ ცნობს საერთაშორისო პარტნიორების დასკვნებსა თუ განცხადებებს.

არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების აგენტებად გამოცხადება, ბოლო წლებში, ხელისუფლების ჩვეულ პრაქტიკად იქცა. მართალია, დამტკიცებულ კანონში სიტყვა „აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“, მაგრამ შინაარსობრივად ეს იმავე აგენტს, ჯაშუშს ნიშნავს.

მუქარა ნათელია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატისთვის, დიმიტრი ცქიტიშვილისთვის, რომლის ორგანიზაციასაც [„საქართველოს პროგრესული ფორუმი“] ასევე შეეხება „აგენტების კანონი“.

ცქიტიშვილის შეფასებით - ხელისუფლების მუქარა ამ ეტაპზე დაშინებას ისახავს მიზნად და საფუძველს ასევე შიში წარმოადგენს.

„[ხელისუფლებაში] ხვდებიან, ალბათ, რომ პროტესტი არსად გამქრალა და, როგორც ჩანს, დაინახეს, რომ არ იმუშავა ივანიშვილის გეგმამ - ახლა დავღლი პროტესტით [ხალხს] და შემოდგომისთვის სიწყნარე იქნებაო... ახლა ემუქრებიან და მუქარას ახმოვანებინებენ "ხალხის ძალას", რომ მოსინჯონ სიტუაცია. მეეჭვება, რომ ახლა მაგის რესურსი აქვთ.

მაგრამ თუ არჩევნების გზით გაიმყარეს ძალაუფლება ["ქართულმა ოცნებამ"] მარტო ეს კი არა, უარესებიც შეიძლება მოხდეს“, - დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, „ძალიან მცირე ჯგუფების გარდა, ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ მიღებული კანონი არანაირ გამჭვირვალობას არ ემსახურებოდა“ და დიდი გეგმის ნაწილია.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატისთვის ნათელია საგარეო-პოლიტიკური კურსიდან გადახვევა, მაგრამ, მისი თქმით, დღეს ხელისუფლება საქართველოსთვის კიდევ უფრო დამაზიანებელ ნაბიჯებსაც დგამს:

„ის საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, უსაფრთხოების ინტერესებს. ეს არ არის მხოლოდ ურთიერთობების გაფუჭება საერთაშორისო პარტნიორებთან - დემოკრატიას ეთხრება ძირი და ამით არის გამოწვეული როგორც ხალხის მღელვარება, ასევე დასავლელი პარტნიორების ძალიან მწვავე რეაქციები“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილმა „ქართული ოცნება“ და მისი საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის ნოემბერში, სხვა დეპუტატებთან ერთად დატოვა, ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის დაპირებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხის „მეამბოხე დეპუტატების“ მიერ ჩაგდების შემდეგ, რასაც - ე.წ. მეამბოხეების დაწინაურება მოჰყვა პარლამენტში. დიმიტრი ცქიტიშვილი ჯერ კიდევ ორი წლის წინ ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას, რომ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, „ქართული ოცნება“ არც ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლაზე იტყოდა უარს.

ოპონენტების დასჯის დაპირება ბიძინა ივანიშვილმაც დადო.

29 აპრილს, კონტრაქციაზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლის დროს, მან თქვა, რომ არჩევნების შემდეგ - „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ გაასამართლებენ.

არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი“, - ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები პოლიტიკურმა ოპონენტებმა და ექსპერტებმა აღიქვეს პირდაპირ მუქარად - რომ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დაიწყება და პროცესი შეეხება ყველა ოპონენტს - რადგან ოპონენტებს „ოცნება“ ხშირად სწორედ ასეთი საერთო სახელით მოიხსენიებს.

კონტრაქციის შემდეგ კი, 10 დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო „მონაცემთა ბაზის“ შექმნის იდეა გაახმაურა.

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა 8 მაისს გააცნო. ითქვა, რომ სიაში შევა ყველა, ვინც „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს - რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში.

მკვლევრებს მაშინ, გასული საუკუნე გაახსენდათ - „დიდი ტერორის“, „ხალხის მტრებისა“ და „შავი სიების“ ეპოქა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG