არარაციონალური ხარჯები საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ხელშეწყობით განახორციელა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგი, რომლის შედეგებმაც ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით გამოავლინა. როგორც IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ კითხვები გაჩნდა როგორც პროცესუალურ საკითხებზე, ისე პროცესის საჯაროობასა და ხარჯებთან დაკავშირებით.

Your browser doesn’t support HTML5

არარაციონალური ხარჯები საკონსტიტუციო სასამართლოში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის 180 000-ლარიანი მანქანის შეძენა და მოსამართლეებზე გაცემული პრემიები არარაციონალური ხარჯია.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებისა და კანონპროექტის პრეზენტაციას საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძისთვის უცნობია, კონკრეტულად რა თანხაა გადახდილი თავმჯდომარის მანქანაში, თუმცა, ამის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები კანონთან შესაბამისობაშია:

მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგი სისტემის ეფექტურობას მხოლოდ წაადგება, თუმცა ინტერესდება იმითაც, რატომ იქნა არჩეული კვლევის პერიოდად 2012-2017 წლები. კვლევა ძირითადად გასული ერთი წლის მონიტორინგის შედეგებს ასახავს, გარდა ფინანსური ნაწილისა, რომელშიც, კვლევის ავტორების შეფასებით, გონივრულ ვადად 5 წელი პირობითად იქნა მიჩნეული. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგი, დონორი ოოგანიზაციის „ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის გიორგი ჩიტიძის განმარტებით კი პირველად ჩატარდა. იგი იმედოვნებს, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება, მათ შორის სხვა ორგანიზაციების მონაწილეობითაც. ზოგადად კი სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სასამართლოს გამჭვირვალობა, მის მიერ სამართალწარმოების წესების დაცვის ხარისხი და საკანონმდებლო ხარვეზები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის“ პროექტი 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით განახორციელა. პროექტის პრეზენტაციაზე, თავის მხრივ, წარდგენილ იქნა ასევე კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ,რომ სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას საკონსტიტუციო სასამართლოში ხელს უშლის მოქმედ კანონმდებლობაში არსებული პრობლემებიც. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში გათვალისწინებულ ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია:

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პირველი ეტაპის ცვლილებები უკვე მზადაა განსახილველად, მეორე ეტაპის ცვლილებების ინიცირება კი ივნისში იგეგმება. ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტი ცვლილებებზე თავად საკონსტიტუციო სასამართლოსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად მუშაობს.