სახელმწიფომ საბოტაჟი მოგვიწყო, დააფრთხო ანაკლიის პორტის ინვესტორები, რეპუტაცია შეულახა პროექტს და ხელი შეგვიშალა ხელშეკრულების პირობების შესრულებაში - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობას ადანაშაულებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ - თუკი კონსორციუმი 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე არ წარმოადგენს ინვესტიციებისა და სესხების მოზიდვის დამადასტურებელ დოკუმენტებს, შეიძლება ხელშეკრულება გაწყდეს. კონსორციუმმა განაცხადა, რომ მას სამინისტროსთვის მისაწოდებელი აღარაფერი აქვს.
რა შანსი აქვს კონსორციუმს, რომ შეინარჩუნოს ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება?
მთავრობის პოზიცია
„მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება“, - განაცხადა 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა გააფრთხილა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომ შუალედური ვალდებულებები 15 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე (სამუშაო დღის დასრულებამდე) უნდა შესრულებულიყო და სამინისტრო ელოდებოდა შესაბამის დოკუმენტებს. ჩამონათვალში შედის:
- „საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზე პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები“;
- „საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მილიონი დოლარის სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომელიც მისაღები იქნება (მთავრობის ნაწილში) საქართველოს მთავრობისთვის“.
Your browser doesn’t support HTML5
მაია ცქიტიშვილს პირდაპირ არ უთქვამს, რომ შუალედური ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მთავრობა კონსორციუმთან აუცილებლად გაწყვეტს ხელშეკრულებას, მაგრამ მისი განცხადება ერთგვარ ულტიმატუმს ჰგავდა.
მინისტრმა თქვა, რომ კონსორციუმის ქმედების შესაბამისად, სამინისტროს განცხადება 16 ოქტომბერს გაკეთდება.
მაია ცქიტიშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, არღვევს ვადებს და თუკი ასე გაგრძელდება, სახელმწიფო ან სხვა ინვესტორებს მოიძიებს, ანდა თავად ააშენებს ანაკლიის პორტს.
ასევე ნახეთ ანაკლიის პროექტი: ჩაშლის საფრთხე გაიზარდამინისტრისგან განსხვავებით, შედარებით კომპრომისული იყო სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის 14 ოქტომბრის განმარტებები. მან თქვა, რომ თუკი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შუალედურ ვალდებულებების შესრულების დოკუმენტაციას ვერ წარადგენს, გამოსავალი ვადის გახანგრძლივებაშიც შეიძლება იყოს:
- „სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა“,
- „ასევე თეორიულად, ალტერნატივას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა“.
„გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი“, - განაცხადა ჯავახაძემ.
ასევე ნახეთ არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ანაკლიის პროექტის მიმართმაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე კონსორციუმის მხრიდან წარმოდგენილია მხოლოდ ორი პოტენციური ინვესტორი და დადგენილია კონკრეტული ვადები მათი შესაძლებლობების შესასწავლად. ამ ჩამონათვალშია: ყაზახურ-ჰონგ- კონგური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი.
კონსორციუმის პოზიცია
მინისტრის პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათში პრესკონფერენცია გამართეს ასევე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა: გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს უცხოელმა წევრებმა.
ისინი მიზანს არ აკონკრეტებენ, მაგრამ მთავრობას საბოტაჟში ადანაშაულებენ. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა თქვა:
- იმის მაგივრად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, მთავრობამ პრაქტიკულად ანაკლიის პროექტის საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის მანძილზე;
- ჩვენს მიერ მოძიებულ ყაზახურ-ჰონგ-კონგურ ჯგუფს მთავრობამ, გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ამერიკულ კომპანიას;
- ჩვენ ასევე მოვიყვანეთ დაინტერესებული ამერიკული კომპანია, რომელმაც მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას. დაგვპირდა მთავრობა, რომ გაუგზავნიდა ამ წერილს, მაგრამ ეს წერილი არასოდეს მიუვიდა ადრესატს.
„საინტერესოა, ერთი მხრივ ყაზახურ-ჰონგ-კონგურს ეუბნებიან, რადგან ამერიკელები არ ხართ, ვერ მივესალმებით თქვენს მონაწილეობასო და მეორე მხრივ, ამერიკელი ინვესტორის შემთხვევაშიც არ შეასრულეს მინიმუმი - წერილიც არ გააგზავნეს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ასევე ნახეთ ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის პრობლემების შექმნაშილევან ახვლედიანმა 15 ოქტომბერს არ დაასახელა ამერიკული კომპანიის სახელი, თუმცა თქვა, რომ - მართალია, ამ კომპანიის ფორმალური წარდგენა არ მომხდარა, მაგრამ ინვესტორი ძალიან დაინტერესებული იყო და მოლაპარაკებებიც წარმატებით მიმდინარეობდა.
საბოტაჟირების ფაქტების ჩამონათვალში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ასევე ასახელებს:
- ანაკლიის პორტის მთავარი სპონსორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივ დევნას - „ფულის გათეთრების საქმეზე“;
- ფოთის პორტისთვის ნებართვის გაცემას - „რამაც ძალიან დააზიანა ინვესტორების განწყობა და დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა მთავრობის მხარდაჭერასთან მიმართებით“;
- მთავრობის მიერ ინვესტორებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის სხვადასხვა გზით იგზავნებოდა მესიჯები, რომ ანაკლიის პორტი არ არის რენტაბელური და კომერციულად გამართლებული პროექტი.
ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი: მამუკა ხაზარაძეს ჩაანაცვლებენ?
„ჩვენი ინვესტორებისგან, რომლებიც მზად არიან ფული ჩადონ ამ პროექტში, კონკრეტულად ოთხი მათგანისგან, მოსმენილი გვაქვს, რომ მათ აფერხებთ ხელისუფლების მიერ ხან კულუარებში და ხანაც საჯაროდ გაკეთებული ნეგატიური მესიჯები ანაკლიის პორტთან მიმართებით“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ არავითარ დამატებით მასალებს აღარ წარუდგენს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რადგან:
- სწორედ მთავრობის ქმედებებმა შეუშალა მას ხელი შუალედური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში;
- და თუკი მთავრობას საბოლოოდ არ უთქვამს უარი ანაკლიის პორტზე, ის უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოიქცეს როგორც მოყვარე და არა მტერი.
გააგრძელებს თუ არა მთავრობა მოლაპარაკებებს მხარესთან, რომელიც მას უკვე ღიად ადანაშაულებს საბოტაჟში და რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ასეთ ფონზე წარმართული მოლაპარაკებები? დღევანდელი მდგომარეობით, ბევრის აზრით, შანსი ძალიან მცირეა.
„თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი დევნის დაწყებისას, თავიდანვე ბევრი ვარაუდობდა, რომ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმს გზიდან ჩამოიშორებდა - დაუფრთხობდა ინვესტორებს და შემდეგ, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გაუწყვეტდა ხელშეკრულებას.