Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ანაკლიის პროექტის მიმართ


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ ეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შეფასებას, რომ მთავრობამ მხარდაჭერის ნაცვლად, ანაკლიის პორტის პროექტს საბოტაჟი მოუწყო.

„არ ვეთანხმები. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზეც, რომელზეც სახელმწიფომ რესურსი გამოყო, აქ არის საუბარი სუბორდინირებული სესხის თანხმობაზე და ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სიმართლე ის არის, რომ სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ამ პროექტის მიმართ და დარჩენილია მეორე მხარე, რომ კონსორციუმმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ დღის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ შესრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს, მთავრობას აქვს უფლება, „მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება“.

საპასუხოდ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმი დღეს აღარ აპირებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენას. როგორც ლევან ახვლედიანმა თქვა, იმის ნაცვლად, რომ ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, მთავრობამ მისი საბოტაჟირება მოახდინა.

XS
SM
MD
LG