Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის პრობლემების შექმნაში


ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი
ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი

„ანაკლიის პროექტი რუსეთის სურვილით დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა“, - ამის შესახებ განაცხადა ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. მისი თქმით, დღეს ეს გაფორმდება ოფიციალურად, ან შესაძლოა, რაღაც დროით მოხდეს მორიგი გადავადება საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მძაფრი რეაქციის თავიდან ასაცილებლად. გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა, ერთი მხრივ, ქმნის პრობლემებს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებები ვერ შეასრულოს და, მეორე მხრივ, ცდილობს, როგორც ნეიტრალურმა არბიტრმა განსაჯოს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შესრულება.

ბაქრაძის თქმით, კონსორციუმის მთავარი დამფუძნებელი და სახე, მამუკა ხაზარაძე სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფება, ყველაზე მსხვილმა ამერიკელმა ინვესტორმა კონსორციუმი დატოვა, ახალ ინვესტორებს მთავრობა იწუნებს და, ამასთან, არბიტრად რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოდის. „როცა მთავრობა ყველა სიგნალს უგზავნის საერთაშორისო ინვესტორებს, რომ ამ პროექტს გააჩნია პრობლემა და პროექტი არ უნდა განხორციელდეს, სრულიად არ იქნება გასაკვირი, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულოს. ოღონდ ეს მთავრობის ბრალი იქნება და არა კონსორციუმის. ამიტომ, თან ხელი შეუშალო და თან ვითომ არბიტრმა იმოქმედო, რომ შევხედავ, შეასრულებენ თუ ვერა, ასე არ გამოვა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ დღის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ შესრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს, მთავრობას აქვს უფლება, „მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება“.

XS
SM
MD
LG