აშშ-ის საზღვართან დაკავებული "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი რუსეთში დაჯილდოებული პირია

მიგრანტები დგანან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედელთან, რათა ჩაბარდნენ აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურებს მას შემდეგ, რაც გაარღვიეს მავთულხლართების ღობე მდინარე რიო გრანდეს გასწვრივ ელ-პასოში, ტეხასი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცს, რომელმაც აღიარა, რომ რუსეთის გასამხედროებულ ჯგუფში, „ვაგნერში“ იბრძოდა და რომელიც აშშ-ში მექსიკიდან უკანონოდ გადასვლის მცდელობისას დააპატიმრეს, რამდენიმე კვირის წინ რუსეთში საგანგებო სიგელი მიენიჭა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დაარსებული ორგანიზაციის მხრიდან.

31 წლის ტიმურ პრალიევი 4 იანვარს დააკავეს აშშ-ის მესაზღვრეებმა ტეხასის შტატში, სასაზღვრო ქალაქ რომასთან ახლოს, მას მერე, რაც მან მდინარე რიო გრანდეთი შეაღწია აშშ-ში და ამერიკელ მესაზღვრეებს უთხრა, რომ ყაზახეთის მოქალაქე იყო - ამას მოწმობს აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მონაცემები.

7 იანვარს ტეხასში გამართულ სხდომაზე პროკურორმა თქვა, რომ პრალიევს თან ჰქონდა როგორც რუსეთის, ისე ყაზახეთის პასპორტები, ნაღდი ფული და დრონი ზურგჩანთაში - იუწყება ადგილობრივი ტელეარხი.

ასევე ნახეთ მშვიდობა ძალით - ზელენსკი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ძალების განლაგება უკრაინაში რუსეთს მშვიდობისკენ აიძულებს

პრალიევმა აღიარა, რომ უწინ რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" წევრი იყო - ამ ცნობას ავრცელებს ტელეარხის ვებსაიტი, Valley Central-ი, პროკურატურის წარმომადგენელზე, ამანდა მაკკოლგანზე დაყრდნობით.

"ვაგნერი" რუსეთის ძალებთან ერთად იბრძოდა კრემლის მიერ უკრაინაში წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში და მსოფლიოს სხვა ადგილებში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ამ ჯგუფს მიიჩნევს "ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციად".

აშშ-ის სასამართლოს ჩანაწერები აჩვენებს, რომ ვაგნერის ყოფილი დაქირავებული ტიმურ პრალიევი აშშ-ის სასაზღვრო პატრულმა 4 იანვარს დააკავა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდა

პრალიევმა აღიარა აშშ-ში უკანონოდ შესვლის დანაშაული, ის დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს იმ ვადით პატიმრობა, რამდენიც მან უკვე დაჰყო გუშაგთა ზედამხედველობის ქვეშ. მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილი საინტერნეტო მონაცემები აჩვენებს, რომ დაკავებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროის წინ ამავე სახელისა და გვარის მქონე კაცს სიგელი გადასცეს ღონისძიებაზე, რომელიც მთავრობის ვეტერანთა ოფიციალურმა ორგანიზაციამ გამართა რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში.

ასევე ნახეთ მოულოდნელი კონტრშეტევა კურსკში. იბრუნებს კიევი კოზირებს მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკების წინ?

12 დეკემბერს გამართული ღონისძიების შესახებ ცნობა რუსეთის სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა სამშობლოს დამცველთა ფონდის ბაშკირეთის დანაყოფმა. ეს ორგანიზაცია პუტინმა დააარსა 2023 წლის აპრილში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ვეტერანთა მხარდასაჭერად.

რადიო თავისუფლების მცდელობა დაკავშირებოდა ფონდს წარუმატებლად დასრულდა.

ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებზე ასახულია კაცი სახელად ტიმურ პრალიევი, რომელსაც ომის ვეტერანის სიგელს გადასცემენ. გამოქვეყნებული ტექსტი ტიმურ პრალიევს აღწერს "ვაგნერის" ყოფილ თანამშრომლად, რომელსაც კავშირები აქვს იგლინსკისთან - რეგიონული დედაქალაქის, უფას აღმოსავლეთით მდებარე რაიონთან.

რადიო თავისუფლებამ მომხმარებელი სახელად ტიმურ პრალიევი მოძებნა სოციალური მედიის რუსულ ქსელში, Vkontakte-ზე, სადაც მისი დაბადების წლად 1993 წერია - რაც ემთხვევა აშშ-ის სასამართლო სისტემაში არსებულ პრალიევის მონაცემებს.

ასევე ნახეთ „ყველა მამაკაცი მზად უნდა იყოს ომისთვის“ - რა დგას საყოველთაო „კადიროვიზაციის“ უკან?

ყაზახეთში მცხოვრებმა კაცმა, რომელიც იცნობს ბაშკირეთში ვეტერანის სიგელით დაჯილდოებულ პირს, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ Vkontakte-ის ანგარიში ნამდვილად ეკუთვნის ღონისძიების ფოტოებზე ასახულ მოქალაქეს. რადიო თავისუფლებამ სცადა დაჰკავშირებოდა საკუთრივ ანგარიშის მფლობელს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

პრალიევის სასამართლო სხდომაზე მაკკოლგანმა თქვა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას "აშფოთებს მოსახლეობის უსაფრთხოება, როცა ეს განსასჯელი გათავისუფლდება", მისი კავშირების გამო "ვაგნერთან" - ჯგუფთან, "რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ძალადობასთან".

მოსამართლემ პრალიევის ფედერალურ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - იუწყება Valley Central-ი

„ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის (მარცხნივ) და ჯგუფის მეთაურის დიმიტრი უტკინის პორტრეტები ნიჟნი ნოვგოროდში, 2023 წლის 27 აგვისტოს, იმპროვიზებულ მემორიალზე

"ვაგნერი" დააარსა კრემლთან დაახლოებულმა პირმა, აწ გარდაცვლილმა ევგენი პრიგოჟინმა. შემდგომში ჯგუფი გადაიქცა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძო გასამხედროებულ კომპანიად, მისი სამხედროები იბრძოდნენ სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ბოლოს უკრაინაში - სადაც "ვაგნერის" მებრძოლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქალაქ ბახმუტზე კონტროლის დამყარებაში.

2023 წლის აგვისტოში - ორ თვეში მას მერე, რაც გადატრიალების მოკლევადიანი, თუმცა სერიოზული მცდელობა განახორციელა - პრიგოჟინი დაიღუპა თვითმფრინავის იდუმალებით მოცული კატასტროფის შედეგად, მოსკოვთან ახლოს. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს გამოთქმული აქვთ ვარაუდი, რომ პრიგოჟინი მოკლეს.

ასევე ნახეთ "კულტურა სამი". როგორია ახალი რუსული ნორმალურობა