დამესიზმრა, კესარია აბრამიძემ დამირეკა. თან მიკვირდა, თან საშინლად მიხაროდა... ვეუბნებოდი, როგორ გადარჩი... როგორ გვანერვიულე... როგორ ხარ? როგორ მიხარია, რომ ცოცხალი ხარ!
კესარიას არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემს სიზმარში არაფერი იყო უჩვეულო. საუბრისას თანდათან ვფხიზლდებოდი და მაგონდებოდა რეალობა, რეალობა-კოშმარი, ის, რომ კესარია აღარაა, მაგონდებოდა ამდენი დავიწყებული ტრაგედია და ცოცხლდებოდა ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ტრაგედიების მოლოდინი.
ჩემს ლეპტოპში უამრავი დაწყებული წერილია: დაუმთავრებელი, შესწორებული, შეუსწორებელი... ხანდახან მავიწყდება, რომ რაღაცის წერა დავიწყე და ხელმეორედ ვწერ იმავეს. მერე სადღაც ვპოულობ სხვა, დაწყებულ ტექსტს იმავე თემაზე და მიკვირს, ზუსტად იმავე ადგილას გავჩერებულვარ. ეკრანზე გაფანტულია ფოლდერები სათაურებით: „ბლოგები“, „BLOGGS“, ქართული და ლათინური შრიფტით დასათაურებული, დიდი ასოებით და პატარა ასოებით, ფოლდერში ფოლდერი, და კიდევ ფოლდერი... დასათაურებული წლებით და წლების გარეშე... ბევრი დაწყებული და გაჩერებული ბლოგი. ასევე ფოლდერები: „პროზა“, „წერა“, „რომანი 2“, „Novel“, „Roman August 2024“, „სცენარი“, „Script“, „Drehbuch“, „Drehbuch korrigiert“, „GFI – Georgian Film Institute“, „რატომ ევროპა?“, „პიესები“, „ქვითრები“, „to do list“, „TO DO LIST“, „to dos“, „to dos urgent“, „TO DOS URGENT“, „URGENT“… ბევრი დაწყებული საქმე, ბევრი დაწყებული და მიმდინარე საქმე.
გუშინ ზღვაზე გავატარე, ალბათ ბოლო თბილი დღე შემდეგ ზაფხულამდე. 20 გრადუსი სითბო, ცარიელი სანაპირო, კანტიკუნტად რუსები.
გამჭვირვალე წყალში დიდხანს ვიდექი, ნიჟარებს ვაგროვებდი ჩემი შვილებისთვის, რომლებსაც საჩუქარს შევპირდი, ზღვიდან. ტალღებმა ნელ-ნელა თითქმის სრულიად დამასველა, თუმცა შუადღის მზემ ისე დააჭირა, რომ დამცხა კიდეც, ჯემპრი გავიხადე, მაჯებთან ორივე მკლავი მოვკოჭე, ზურგზე გადავიკიდე და ჯემპრის ორივე მკლავი ნიჟარებით ავავსე. ასეთ დროს თითქმის არ ვფიქრობ. მაგრამ რაღაც ჩემში მაინც ფიქრობს, ძალდაუტანებლად, მშვიდად... რაღაც აზრები მოდიან და მიდიან. ზოგი დაუსრულებელი, ზოგი არგუმენტირებული, ზოგიც უბრალოდ რაღაც ფრაზა, გაელვება.
ამ ზღვის იქით უკრაინაა...
დაკეტილმა რესტორნებმა, სასტუმროებმა, მაღაზიებმა და მიტოვებულმა სათამაშო მოედნებმა 90-იანი წლების შეგრძნებები გამიღვიძა. მივდიოდი ღამით, ზღვის პარალელურად, ქუჩაში, სადღაც შემორჩენილ ღია ჯიხურში ნაყიდი სურსათით პარკში, უკან ქუჩის ძაღლები მომდევდნენ, ვიღაცის ვილა შუქით ჩახჩახებდა და მეგონა, რომ მთელ უბანს ახლა მისგან უნდა გადმოგვეყვანა შუქი, რომ დამდეგი ზამთარიც ერთმანეთთან და ბედთან შერიგებულებს გაგვეტარებინა.
„როგორც ბუშტიდან უშვებენ ჰაერს, ნელ-ნელა, აი, ასე ცდილობენ პროტესტი ჩაფუშონ“, - მითხრა ჩემმა თანამგზავრმა, როცა თბილისში ვბრუნდებოდით. თავი დავუქნიე, შეწინააღმდეგება თუ მომავლის განჭვრეტა დამეზარა.
თბილისში ჩამოსვლისთანავე ქარი ამოვარდა.
თბილისში ყველაფერი ასატანია ქარის გარდა.
„ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...“
თბილისში უცნაური განწყობაა. უხალისობა.
სოციალურ ქსელში რამდენჯერმე შემხვდა გაბრწყინებული ივანიშვილი, რომელიც შვილიშვილს კოცნის და ხელში ათამაშებს. ალბათ ცდილობენ, რომ კეთილი კაცის იმიჯი შეუქმნან: შვილიშვილი უყვარს, კეთილი კაცია, ეგეც ადამიანია, ვითარცა რაჰმონი ემომალი ტაჯიკეთისა, ან, კიმ ჩენ ირი თუ კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეისა. თუმცა, არ ვიცი, ამ ბედნიერი და მეტადრე ადამიანური ადამიანის შთაბეჭდილება თუ ექმნებათ ჩვენს თანამემამულეებს ამის ხილვისას. ისე, ლოგიკურიც არის ახლა, ამ ქვეყანაში, მხოლოდ ივანიშვილის სიხარული და ბედნიერება. Why not? დაე, იყოს ეს სიხარული და ბედნიერება ლეგიტიმური, მაშინ როცა მთელი მთავრობა და არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.
ისე, როგორი აქტუალური სიტყვაა, არა?
ლეგიტიმური
ლეგიტიმაცია
არალეგიტიმური
ისე, უკაცრავად, მზე ლეგიტიმურია?
ლეგიტიმურია კარგი ამინდი?
მდინარაძე?
კალაძე ლეგიტიმურია?
წილოსანი რაღაცას გაათამაშებს მათთვის, ვინც გამოიცნობს! და ესეც იქნება უდავოდ ლეგიტიმური.
ხუმრობა იქით იყოს.
„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“.
„მივყვები ქუჩას, ბოლო არ უჩანს...“
მიხეილ ჯავახიშვილის ის მიხურული ფანჯარა გამახსენდა, ბერიას რომ არ მოეწონა, არ მოეწონა მწერლის „ჩეკისტები თავზე დაგვადგნენ“, მერე რომ ნიშნის მოგებით მართლა თავზე დაადგა, აწამა და მოკლა. აი, ეს რომ არ გადავამუშავეთ ქართველებმა, ეს რომ არ გახდა 1991 წლიდან ჩვენი საზოგადოების მთავარი თემა და ტკივილი, ამიტომ არის, რომ ტრაგედიას ტრაგედია მოჰყვება, უსასრულოდ გრძელდება კოშმარები და კატასტროფები, პატივცემული ტვინები კი მზადყოფნაშია გამორეცხვისთვის, თითქოს რაღაც კოსმეტიკურ და გამაჯანსაღებელ პროცედურას იტარებდნენ. და ამ პროცედურების დროს შეიძლება ვინმე ინტელექტუალი სახელოვნებო სფეროდან მოგიტრიალდეს და ანაზდად გითხრას:
„ნაცების დაბრუნება არ მინდა...“
„და საერთოდ რა გინდა?“ - მინდა ვკითხო, მაგრამ მეზარება.
ვიღაც იტყვის: „ოპოზიცია სუსტია... მაგათ არცერთს არ ვენდობი“.
„და ვის ენდობი?“ - მინდა ვკითხო, მაგრამ ესეც მეზარება.
„ომი არ მინდა...“ - მოატრიალებს თავს კოსმეტიკურ სავარძელში გაშხლართული მორიგი სუბიექტი, რომელსაც სიამოვნებს თავის მოვლის ეს პროცედურა. ვიღაც სხვა კი სავარძლიდან წამოყოფს თავს და მრავალმნიშვნელოვან ფრაზას ისვრის:
„არც ევროპაშია ისე საქმე, როგორც თქვენ გგონიათ...“
ამ ფრაზის ავტორსაც მინდა ვუთხრა, საქმე ახლა კარგად არსად არაა, მაგრამ ევროპის ქვეყნებს ის უსაფრთხოება აქვთ, რაც არ აქვს საქართველოს, ამ დროს კი ვიღაც კაი ტიპი, ვითომ რომ არც აქეთ აფუჭებს საქმეს და არც იქით, ყველას დაწყნარებას შეეცდება:
„მოიცა, კაცო, აგერ ნახავთ ევროპაშიც შევალთ ძაან მალე და ვაფშე ყველაფერი ხოშიანად იქნება!“
ასეთებსაც მინდა ვუთხრა: „უკაცრავად, თქვენ ვირის ტვინი ჭამეთ? შეგერგოთ...“ მაგრამ, თავს ვიკავებ.
ნოემბერი დამდგარა.
რომელი იყო ოქტომბრის უკანასკნელი დღე?
ან როგორ მიიწურა? არ მახსოვს.
მახსენდება წინადადება: „ოქტომბრის უკანასკნელი საღამო იწურებოდა“.
რამდენი მოთხრობა, ეტიუდი დამიწერია ამ სათაურით და დავალებით მანანა ბეგიაშვილთან ბავშვობაში, ადრე, ეგრეთ წოდებულ პიონერთა სასახლეში, ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში.
ამაზე ერთხელ დავწერ.
და არ დამეზარება.
დავწერ კესარიაზეც, და არც ეს დამეზარება.
არ დამეზარება ორშაბათი.
დილა შეიძლება კი, მაგრამ საღამო არა:
19 საათი. რუსთაველი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.