ავარიული სახლების შესახებ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ - "სახელმწიფოს არ აქვს თვითნებობის უფლება"

ავარიული კორპუსის პირველი სართული ლიბანის ქუჩაზე. თბილისი, ავჭალა. 2023 წლის 7 თებერვალი

თბილისის საკრებულოს მიერ 2023 წლის იანვარში შეცვლილი წესი ავარიული სახლების შესახებ, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტს უფლებას აძლევს ყველა ბინის მესაკუთრის თანხმობის გარეშე დაიწყოს მუშაობა მრავალბინიანი ავარიული სახლის ჩანაცვლებაზე, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგნად იქცეს. 

9 თებერვალს, ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით სასამართლოს მიმართა „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციამ“. სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, ამ ასოციაციის იურისტი სოფიკო პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს ცვლილების ამოქმედებას, დეველოპერებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლოა სახელმწიფოსგან დაზარალებული ადამიანებიც დაემატონ. სარჩელის მიზანი, მისი თქმით, ამ საფრთხის თავიდან აცილებაა.

„დადგენილებაში წერია, რომ კონკრეტულ დეველოპერს მუნიციპალურ ორგანოსთან შეთანხმებით განესაზღვრა აბსოლუტური, ერთპიროვნული უფლებამოსილება, რომ არა მესაკუთრეთა სრული თანხმობით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ ავარიული სახლიდან კონკრეტული ადამიანები წაიყვანოს, მაგალითად, სოლოლაკიდან რომელიმე გარეუბანში. ეს პრობლემურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ არღვევს საკუთრების უფლებას, დეველოპერს აძლევს უსაფუძვლო გამდიდრების საშუალებას. ყველამ იცის, რომ მიწის და უძრავი ქონების ფასი სოლოლაკში და გარეუბნებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა მხოლოდ კონსტიტუცია, საერთაშორისო პრაქტიკაც, რომელიც ამბობს, რომ საკრებულოს მიერ მიღებული წესი არამართლზომიერად ზღუდავს და ბოჭავს კერძო საკუთრების უფლებას”, - განმარტავს სოფიკო პეტრიაშვილი. მას იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს საქმის რეზონანსულობას, პრეცედენტულობასა და მნიშვნელობას და სარჩელს განსახილველად მიიღებს. თუკი სასამართლო საქმის განხილვაზე უარს არ იტყვის, მოსარჩელეები დააყენებენ შუამდგომლობას, გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო წესის მოქმედება.

რას გულისხმობს ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი

ეს წესი, რომელიც თბილისის საკრებულომ 2022 წლის მაისში მიიღო და 2023 წლის იანვარში შეცვალა, ეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომლის ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს ახალ შენობაში საცხოვრებლად გადასვლა, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან სხვა მიწის ნაკვეთზე. ახალ შენობაში გადასაცემი ფართის გამოანგარიშებისას ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმხელა ფართის ბინას, რამდენიც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.
2023 წლის იანვარში დოკუმენტს დაემატა ეს ჩანაწერი: „თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე”.

თბილისის მთავრობას გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ საკრებულოს მიერ მიღებული წესი უფრო მეტად ემსახურება საჯარო სიკეთეს, ვიდრე კონკრეტული ადამიანების უფლებებს ლახავს, - დარწმუნებული არიან საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები.

არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელიდან:

  • საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას;
  • მოქალაქეს აქვს გარანტია, რომ სახელმწიფო მის კერძო საკუთრებას არ ხელყოფს და ამისთვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით სარგებლობს;
  • კონკრეტული პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა გამართლებული უნდა იყოს საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანით;
  • კერძო საკუთრება დემოკრატიული განვითარების საყრდენს წარმოადგენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. შესაბამისად, ის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
  • თითოეულ მესაკუთრეს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სხვა მიწის ნაკვეთზე დაკმაყოფილება სურს თუ იმავე მიწის ნაკვეთზე, სადაც აღერიცხება საკუთრების უფლება.
  • საკუთრების უფლების განხილვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურა უნდა იყოს სამართლიანი და კანონიერი. სახელმწიფოს არ აქვს თვითნებობის უფლება.

სარჩელის ავტორები მიუთითებენ, რომ ყველა მობინადრის თანხმობის გარეშე შენობის ჩანაცვლების ახალი წესი დამამცირებელი პროცედურების რისკის ქვეშ დააყენებს ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს.

„ვერანაირ გონივრულ განსჯას ვერ უძლებს და შეუძლებელია დადგენა იმისა, საზოგადოების რომელი ნაწილისთვის შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი მესაკუთრისთვის საკუთრების “ხელიდან გამოგლეჯა“ და მისთვის ასეთი არაგონივრული და დამამცირებელი პირობების შექმნა. აბსოლუტურად ბუნდოვანი და დაუზუსტებელია “სხვა მიწის ნაკვეთის“ შინაარსობრივი დატვირთვაც”, - წერენ მოსარჩელეები საკონსტიტუციო სარჩელში.

ასევე ნახეთ კალაძე: გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!

„მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის” მსგავსად, თბილისის მთავრობის ინიციატივამ ეჭვები ბევრს გაუჩინა. საკრებულოს წევრმა რეზო სოხაძემ, ამგვარი შიში რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „არასწორი ინტერპრეტაციად” მიიჩნია და თქვა, რომ ქალაქი „ძალით ვერავის გადაიყვანს სხვა სახლში”. მიუხედავად ამ განმარტებისა, ღიად რჩება კითხვა, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება არ მოუნდეთ გადასვლა მერიის მიერ შეთავაზებულ ახალ შენობაში, არა მხოლოდ პროექტის საწყის ეტაპზე, არამედ არც მაშინ, როცა ავარიული სახლის დაცლა აუცილებელი გახდება.

ასევე ნახეთ ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების წესი შეიცვალა - რას ნიშნავს ეს

ხომ არ დადგება ექსპროპრიაციის საფრთხე?

ის, რომ ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების ბედს მუნიციპალიტეტი და დეველოპერები გადაწყვეტენ მობინადრეების 100%-ის თანხმობის გარეშე, ეჭვებს უჩენს იურისტ ანანო ცინცაბაძესაც, რომელიც წლებია ქალაქის მმართველების მიერ მიღებულ კანონებს აკვირდება. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ ახლად დამტკიცებული დოკუმენტი, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების საკუთრების უფლებას დაარღვევს, არამედ ქალაქის განვითარებასაც შეუქმნის საფრთხეს: დოკუმენტის მესამე მუხლი ამბობს, რომ „ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა”.

„პირველი პრობლემური საკითხი არის ის, რომ ამ ჩანაცვლების პროგრამების განხორციელებისას დასაშვები ხდება ქალაქგეგმარებითი რეგულაციებით დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვების მოხსნა. ეს შეიძლება შეეხოს შენობის სიმაღლეს, შენობის მასშტაბს და, რაც მთავარია, მთავრობის სხდომაზე ამ პროექტის საკითხის განხილვისას დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნის დროს ავტომატურად გაიცეს ზონალური შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქალაქგეგმარებითი რეგულაციების დარღვევის პირდაპირი ინდულგენციაა. მეორე პრობლემა არის ის, რომ ამ დადგენილებიდან არ იკითხება, შესაძლებელია თუ არა ასეთი ჩანაცვლების პროექტის განხორციელება თბილისის ისტორიულ ნაწილში იმ შენობების ჩასანაცვლებლად, რომელსაც არ აქვს ძეგლის სტატუსი”, - უთხრა ანანო ცინცაბაძემ რადიო თავისუფლებას. ქალაქის ისტორიულ ნაწილთან დაკავშირებით ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განმარტა. Რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი თბილისის ძველ უბნებს არ ეხება. თუმცა ანანოს ყურადღება მიიპყრო ამ განცხადების მეორე ნაწილმა, სადაც მერმა თავის გუნდს დაავალა, შეიმუშაონ ანალოგიური პროგრამა ისტორიული უბნებისთვისაც და ჩართონ მასში დეველოპერები.

„ინვესტორების ჩართვა ამ პროცესში ჩვენ გვაძლევს იმის მაღალი ალბათობის ვარაუდის საშუალებას, რომ ანალოგიური წესი იქნება გამოყენებული [ისტორიული განაშენიანების ზონაშიც] და ბიზნესს ამ ტერიტორიაზეც მისცემენ ისეთი სიმაღლის და ისეთი ფართობის მშენებლობის საშუალებას, რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის კანონით შეზღუდულია”, - ამბობს ანანო ცინცაბაძე და იხსენებს 2022 წლის ზაფხულში ბათუმის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შეცვლის მცდელობებს, რომელსაც უფლებადამცველების ნაწილი “დაუშვებლად” მიიჩნევდა. მაშინ ხელისუფლებამ სცადა, კანონში ჩაეწერა, რომ ექსპროპრიაციის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო ავარიული სახლების მობინადრეთა უარი მუნიციპალიტეტის შეთავაზებულ პირობებზე და ეს საზოგადოებრივი საჭიროებით ყოფილიყო ახსნილი. ანანო ეჭვობს, რომ ახლა თბილისის ხელისუფლება შესაძლოა იმავეს ცდილობდეს, რაც ბათუმს არ გამოუვიდა.

ასევე ნახეთ როგორ უნდა გაიგოთ, უსაფრთხოა თუ არა ცხოვრება თქვენს სახლში