Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს შეუძლია ავარიული სახლი ჩაანაცვლოს არა იმავე ტერიტორიაზე, სადაც დგას, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე, მობინადრეების კუთვნილი სახლი კი გადაეცეს მუნიციპალიტეტს. ამის შესახებ მან ისაუბრა თბილისის მთავრობის სხდომაზე.

"გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი ფართები და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ამ დრომდე არსებობდა გარკვეული წესი, როცა მოლაპარაკება წარმოებდა ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებთან და თუ შეთანხმებას ყველა მოაწერდა ხელს, მაშინ მობინადრეები ახალი კორპუსის აშენებამდე დროებით, ქირით გაჰყავდათ.

"კორპუსის აშენების შემდეგ, ადგილობრივებს ვაბრუნებთ ახალ, მოწესრიგებულ სახლებში.

ჩვენ ამ წესში დამატებითი სიახლე შემოვიტანეთ, რომელიც ასევე ავარიული სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს და ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, ავაშენოთ მიწის ნაკვეთზე კორპუსი და შემდგომში შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა“, - აღნიშნა კალაძემ.

მისი განმარტებით, ახალი კორპუსის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენება არ საჭიროებს მოსახლეობის თანხმობას, თუმცა ვიდრე აშენებულ კორპუსში გადაიყვანენ, აუცილებელია ავარიულ სახლებში მცხოვრებლების თანხმობა.

„ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. როდესაც კორპუსს ავაშენებთ, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ ცვლილებები საკრებულოზე და ჩავწერეთ, რომ ცარიელ მიწის ნაკვეთზე ჩვენ შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიწაზე დავიწყოთ კორპუსის მშენებლობა, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომში მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალაშენებულ კორპუსში გადავიყვანოთ, ცხადია, მათი სრული თანხმობა გვჭირდება და თანხმობის გარეშე ვერანაირ გაცვლას ვერ გავაკეთებთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი არ იქნება თანახმა, ამ ბინებს სხვა ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს შევთავაზებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების წესი შეეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელთა ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს საცხოვრებლად გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც შესაძლოა, იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა ან მის სიახლოვეს.

ახალ შენობაში ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმ ფართის ბინას, რამხელაც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი - სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.

XS
SM
MD
LG