Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა გაიგოთ, უსაფრთხოა თუ არა ცხოვრება თქვენს სახლში


როგორც ბათუმის, ასევე თბილისის მერიაში ბოლო ერთი კვირაა მოქალაქეების ზარები არ წყდება. ბათუმის ცენტრში ხუთსართულიანი სახლის ჩამონგრევის და 9 ადამიანის სიკვდილის შემდეგ, თბილისელები და ბათუმელები ითხოვენ, შეამოწმონ არა მხოლოდ მათი სახლები, არამედ მეზობლებთან მიმდინარე რემონტის პროცესიც.

არც დედაქალაქს და არც რომელიმე სხვა ქალაქს საქართველოში არ აქვს ღია, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ინფორმაცია საფრთხის შემცველი ნაგებობების შესახებ. ასეთი ბაზის არსებობა მოქალაქეს საშუალებას მისცემდა, თავად გადაამოწმოს ამა თუ იმ ბინის მდგომარეობა, რომელშიც ცხოვრობს ან რომლის შეძენაზეც ფიქრობს. არ არსებობს არც ერთიანი კრიტერიუმები, რომელიც ამა თუ იმ შენობის უსაფრთხოებას დაადგენს. ქალაქებს არ აქვთ სტრატეგიის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომლითაც ავარიულ შენობებს ეტაპობრივად ახლით ჩაანაცვლებდნენ.

„ერთიანი მონაცემი არ არსებობს და საბინაო პოლიტიკის განსაზღვრა ასე შეუძლებელია. მასშტაბის სწორად დასანახად და სტრატეგიის ისე განსასაზღვრად სრული სურათის დანახვა აუცილებელია. სტატისტიკური მონაცემების გარეშე შეუძლებელია გრძელვადიანი დაგეგმვა, ფინანსური გაანგარიშებები. სტატისტიკური მონაცემები არის საწყისი წერტილი, რომლის საფუძველზეც აფასებ გამოწვევას, მასშტაბს და საზღვრავ თანმიმდევრულად ნაბიჯებს, როგორ უნდა მოაგვარო ეს პრობლემა”, - ამბობს არქიტექტორი, მკვლევარი, ნანო ზაზანაშვილი. ნანო თვლის, რომ თბილისის ავარიული სახლების გამაგრებისთვის გამგეობების მიერ გამოყოფილი თანხები მწირია, კაპიტალური გამაგრების პროგრამები კი შეზღუდული და რიგ შემთხვევებში მეზობელი შენობების დამაზიანებელი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო ქალაქის ისტორიულ ნაწილშია.

მხოლოდ თბილისი ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს ხარჯავს ავარიული სახლების მცხოვრებლების ბინის ქირაზე. ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 20% იხარჯება ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე.

რეალურად 225 580,2 ათასი ლარიდან უშუალოდ ავარიული შენობების გამაგრებაზე ამ თანხის მხოლოდ 6% იხარჯება, კიდევ უფრო ცოტა, 2% ხმარდება კვლევას და ექსპერტიზას, დანარჩენი 92% - ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას და აღდგენას, კეთილმოწყობის ღონისძიებებს, გარე განათების ქსელის გამართულ ფუნქციონირებას და ქალაქის განვითარების ხელშეწყობას.

„1998 წელს 227 ობიექტი შევამოწმეთ, რომელსაც მიშენება ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე იყო მათგან ნორმალური. ცალკე მდგომ კოლონებზე, ძირითად შენობას რომ არ აწვებოდა და ა.შ., 167-ზე ვთქვით, რომ დემონტაჟი იყო გასაკეთებელი. მხოლოდ 4 შენობის დემონტაჟი მოხდა მაშინ. ჯერ კიდევ მაშინ ვთქვით, რომ აუცილებელი იყო ყველა სახლის პასპორტიზაცია, ყველა სახლის ისტორია გვეცოდინებოდა, მაგრამ მაშინ ვის ეცალა ამისთვის”, - იხსენებს თამაზ მურვანიძე, არქიტექტორი. 1998 წელს ის ვაკის მთავარი არქიტექტორი იყო.

„ახლის გამოგონება არ არის საჭირო. შეგვიძლია დახმარება ვთხოვოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც უკვე აქვთ ამის გამოცდილება. მოვიწვიოთ სანდო საერთაშორისო სპეციალისტები და ორგანიზაციები, მით უმეტეს ახლა, ბათუმის ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ”, - ამბობს არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი.

ერთიანი ბაზისთვის სახლების პასპორტიზაცია, ინვენტარიზაცია, ერთ საძებნ სისტემაში მოქცევა შრომატევადი და ხანგრძლივი საქმეა, რასაც წლები, ბევრი სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური ხალხის შრომა და პოლიტიკური ნება სჭირდება.

„ზოგადად საქართველოს მთავრობებისთვის, ასეთი პროექტები არასდროს არის საინტერესო. ამგვარი კვლევები ძვირადღირებული, დროში გაწელილი და ფართო მასებისთვის უხილავი შრომაა, რომლის შედეგსაც საზოგადოებას ისე საზეიმოდ ვერ წარუდგენ, როგორც, მაგალითად, ახლად რეაბილიტირებულ სკვერს ან განახლებულ გამზირს, - ამბობს ნანა.

როგორ შეიძლება გავიგო, უსაფრთხოა თუ არა ჩემი ბინა

თბილისის მერია ამბობს, რომ ქალაქში 10 000-მდე ავარიული სახლია. ეს მონაცემები ეფუძნება მოქალაქეების მიმართვებს თავიანთი უბნის გამგეობებში. მოქმედი სისტემით, ქალაქი ცნობს მხოლოდ იმ ავარიულ სახლებს, რომლის ბინადრებიც მუნიციპალიტეტს თავად მიმართავენ. თბილისის მთავრობა თავისი ინიციატივით არ ინტერესდება სიცოცხლისთვის საშიში შენობებით. ქალაქის ბიუჯეტის დოკუმენტში არასოდეს არის დაკონკრეტებული იმ ავარიული სახლების რაოდენობა, რომელიც კონკრეტულ წელს უნდა გამაგრდეს, გამოიკვლიონ ან დემონტაჟს დაექვემდებაროს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდებით, როგორ მდგომარეობაშია სახლი, რომელშიც ცხოვრობთ ან რომლის შეძენაც გინდათ, კვალიფიციურ და სანდო დასკვნას ძალიან რთულად თუ მოიპოვებთ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ გააჩნია სერვისი ან მონაცემები, რომელიც მოქალაქეებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაეხმარებოდა. სამშენებლო ნებართვების გაცემის შემთხვევაშიც კი, მერიის არქიტექტურის სამსახური ამოწმებს მხოლოდ იმ დოკუმენტაციას, რომელსაც თქვენ წარადგენთ დაშენების, მიშენების ან გაფართოების სურვილის შემთხვევაში და მათ შესაბამისობას კანონთან და არა თავად შენობას ადგილზე და ამ დოკუმენტაციის სანდოობას. ამ სამსახურში ასამდე ადამიანია დასაქმებული.

სტატისტიკა იმის შესახებ, მაგალითად, რომელ წელს რომელ უბანში რამდენი დაშენების ან მიშენების ნებართვა გასცა ამ სამსახურმა, არ არსებობს. შესაძლებელია მხოლოდ ახალი მშენებლობებისთვის გაცემული ნებართვების ნახვა.

ვიზუალური დათვალიერებით შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა შეუძლია მუნიციპალურ ლაბორატორიას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეკვეთას მერიისა და გამგეობებისგან მიიღებს. ანუ, თქვენ ჯერ უნდა მიმართოთ თქვენი უბნის გამგეობას, რომელიც შემდეგ მიმართავს ლაბორატორიას, ლაბორატორია დაათვალიერებს შენობას, შეაფასებს და თუკი რაიმეს საეჭვოდ მიიჩნევს, შეუძლია დამატებითი გამოკვლევების გეგმაც შეადგინოს. მუნიციპალურ ლაბორატორიაში შენობების შემფასებლად სულ 4 კონსტრუქტორი მუშაობს.

ნიკოლოზ ბოზარჯიანცის სახლი დანიელ ჭონქაძის 12 ნომერში.
ნიკოლოზ ბოზარჯიანცის სახლი დანიელ ჭონქაძის 12 ნომერში.

იმას, თუ რამდენად უსაფრთხოდ და ნებართვის შესაბამისად შენდება ახალი შენობები და იცვლება ძველები, ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს. სპეციალისტები, ვისაც შეხება ჰქონია ამ სამსახურთან, ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები უკიდურესად ფორმალურად უდგებიან ამ საქმეს. ის, რომ სამსახურმა ჩაიბარა და ექსპლუატაციაში მიიღო შენობა, არ ნიშნავს, რომ ის უსაფრთოა, რადგან ჩაბარებისას ეს პარამეტრები რეალურად თითქმის არასოდეს მოწმდება. მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„მშენებლობის ყველა ეტაპს ზედმიწევნით უნდა იბარებდეს შესაბამისი სამსახური, რათა ნამდვილად ისე აშენდეს ნაგებობა, როგორც საპროექტო დოკუმენტებშია განსაზღვრული. ზედამხედველობის სამსახური ამ ჩაბარებას აკეთებს ფორმალურად, შემოწმების გარეშე და შესაბამისად, დეველოპერისა და მშენებელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ქალაქი. ამის გამო, რეალურად, ყველა შენობა შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისის მერიის უმეტესი სამსახური არსებობს ფორმალურად და მათ არ შესწევთ უნარი არსებულ პრობლემების გადაწყვეტის. განსაკუთრებით დამაზიანებელია სამშენებლო ამნისტიები, რომლებიც როგორც წესი წინასაარჩევნოდ ცხადდება“​ - ამბობს არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი.

სამშენებლო ამნისტიის პროექტი საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2021 წლის ზაფხულში მიიღო. ყველა იმ ნაგებობას, რომელიც თბილისის საზღვრებშია, აშენებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე და ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული სხვადასხვა დარღვევის გამო, დარღვევა საპატიოდ ეთვლება და ჯარიმები უუქმდება. ამნისტია ეხება ყველა იმ სახლს, სადაც შეიძლება დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა ცვლილებების უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ.

რას პასუხობს ქალაქის მთავრობა მოსახლეობის შიშს

„ავარიული შენობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის. როდესაც წარვადგინეთ პირველი პრეზენტაცია, მომდევნო 4 წელიწადში რა უნდა იყოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი, ზუსტად ეს პროგრამა წარვადგინეთ, რომელსაც ჰქვია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა”, - უთხრა 11 ოქტომბერს ჟურნალისტებს ქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ და დაამატა, რომ კალაძის მერობის პერიოდში გამაგრდა 370-მდე შენობა და კიდევ 60-მდე ახლაც ხარაჩოებშია.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახა კალაძის გუნდი გეგმავს ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლებას. ამ გეგმისთვის ფულს მუნიციპალიტეტი გამოყოფს და პროექტში ინვესტორების ნაცვლად სამშენებლო კომპანიები ჩაერთვებიან.

კახა კალაძეს და მის გუნდს, ჯერ კიდევ 2017 წელს, საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ უნდა შექმნილიყო ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაციის და ჩანაცვლების კონცეფცია. ეს დაპირება არ შესრულებულა.

„ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტიდან 7-8 მილიონი ლარი იხარჯება სოციალურად დაუცველი ან ავარიული სახლების მცხოვრებლების ბინის ქირით უზრუნველყოფაზე. აღნიშნული ხარჯი ეტაპობრივად ჩანაცვლდება ბინათმშენებლობაზე გაწეული ხარჯით, რაც საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის პრობლემას უფრო ეფექტიანად გადაჭრის”, - ეწერა კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში.

ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაციის კონცეფციის გარდა უნდა შემუშავებულიყო ერთიანი გეგმაც, რომელიც ისტორიულ-ტურისტული ზონების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამ გეგმის ნაწილი იყო:

  • ძეგლის სტატუსის მქონე ყველა შენობის ინვენტარიზაცია
  • ავარიული შენობების რეკონსტრუქცია, კონსერვაცია ან ჩანაცვლება.

2019-21 წლებში შენობების ინვენტარიზაციისა და ურბანული ცხოვრების ხარისხის კვლევის ვალდებულება ქალაქის მერიას ისედაც ჰქონდა. ამას გენერალური გეგმის სამოქმედო გეგმა ითხოვს, ისევე როგორც საბინაო ფონდის რეაბილიტაცია-განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. არც ერთი ვალდებულება თბილისს ამ დროისთვის შესრულებული არ აქვს.

გენერალური გეგმის სამოქმედო გეგმით ქალაქს ასევე უნდა შეედგინა მაღალი და დაბალი რისკის მქონე უბნების და რისკის არეალების რუკა. რუკაზე მუშაობა 2019 წელს უნდა დაწყებულიყო და 2022 წელს უნდა დასრულდეს. ქალაქის დღეს მოქმედი პოლიტიკა აჩვენებს, რომ სამშენებლო ნებართვები უკვე იდენტიფიცირებული რისკის ზონებში ადვილად გაიცემა და ქალაქს სამომავლოდ მოსაგვარებელი ექნება არა მხოლოდ ძველი, ექსპლუატაციის ვადაგასული და ავარიული შენობებისა და მათი ბინადრების, არამედ მეწყერსაშიშ ზონებში აშენებულ ახალ შენობებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემები. მხოლოდ ვერეს ხეობის ტრაგედიის შემდეგ, გასულ 6 წელიწადში ვერეს ხეობაშიც, ლისის ტბისა და მთაწმინდის ფერდებზე არაერთი მშენებლობის ნებართვა გაიცა. ეს ადგილები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ბუნებრივი საფრთხის ზონებად არის მონიშნული.

XS
SM
MD
LG