პოლიტიკური სიტუაციის გამო, გამომცემლები შიშობდნენ, რომ მკითხველი წიგნებისთვის ვერ მოიცლიდა, მაგრამ ექსპო-ჯორჯიაში მაინც ბევრი ხალხი მივიდა.
თუმცა ვითარება მაინც პოლიტიკურად დამუხტული იყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ ხალხში „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტი იცნო და საჯაროდ გალანძღა, რამაც პავილიონში აყალმაყალი გამოიწვია.
„წიგნის ფესტივალია და წიგნებზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ხალხი რომ მოდის, ყველა მაინც ამაზე საუბრობს. შეიძლება არ მაქვს 20 პროცენტი უცხოური დაფინანსება, მაგრამ მინდა მქონდეს, რადგან პატარა გამომცემლობაა და უცხოური პროგრამები ჩემთვის უდიდესი ფინანსური მხარდაჭერა იქნება“, - ამბობს მარიამ ტურძილაძე, „აზროვნების აკადემიის“ მთავარი რედაქტორი და ამატებს: - „მიუღებელია ეს კანონი. აქციებზე ვიდექით მთელი ოფისი“.
შეეხება ახალმიღებული „აგენტების კანონი“ გამომცემლობებს? თითქმის ისევე, როგორ სხვებს. ამ კანონით, თუკი არაკომერციული ორგანიზაციის წლიური შემოსავლის 20 პროცენტი უცხოური ფონდიდანაა, ის „უცხოური გავლენის აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს.
მარიკა ტყეშელაშვილი, გამომცემლობა „კავკასიური სახლის“ მენეჯერი: „აქ რასაც ხედავთ, ევროპული ფონდის „ჰორიზონტის“ დაფინანსებულია. აგენტებად დავრეგისტრირდებით, მაგრამ თუ მაინც შეექმნა დაფინანსებას საფრთხე, ჩვენისთანა პატარა გამომცემლობისთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. ამ გრანტებით რელიგიის, ფილოსოფიის შესახებ გამოვცემთ წიგნებს, იმას, რაც კომერციულად მომგებიანი არაა“.
მაია ალუდაური, „პალიტრა ელის“ მთავარი რედაქტორი: „პალიტრა ელს“ შესაძლოა ეს კანონი არ ეხებოდეს, მაგრამ ეს ტენდენცია, ეს შავი ღრუბელი, რომელიც ქვეყანაში ჩამოწვება და თავისუფალ ბაზარს შეზღუდავს, სალიტერატურო სივრცეს ძალიან დაეტყობა. ლიტერატურა სწორედ თავისუფალი სიტყვაა“.
ნატო ალხაზიშვილი, გამომცემლობა „ზიარი“: „ვცდილობთ გერმანული ფონდებიდან, საელჩოებიდან გრანტები მოვიპოვოთ. თუ ეს დახმარება შეჩერდა, ძალიან დავზარალდებით“.
ნუკა ღამბაშიძე, გამომცემლობა „სულაკაური“: „თუ ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვის კანონიც გავიდა, სურვილის შემთხვევაში ყველა წიგნში შეიძლება რამე იპოვონ. გამომცემლები და მწერლები ნებისმიერი მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, ამიტომ თავისუფალი გარემო გვჭირდება.
მწერლების ნაწილი ისედაც დიდი ხანია ბოიკოტს უცხადებს სახელმწიფოს და სახელმწიფო სერვისებით არ სარგებლობს. საგამომცემლო სექტორისთვის ეს დიდი გამოწვევაა“.
2018 წლის ფრანკფურტის ფესტივალის შემდეგ ევროპელმა გამომცემლებმა, დიდწილად გერმანელებმა, ქართული გამომცემლობებისგან რამდენიმე საავტორო უფლება იყიდეს. ქართული ლიტერატურის სხვა ენაზე თარგმანს სახელმწიფო ნაწილობრივ აფინანსებდა, მაგრამ მწერლების ბოიკოტის გამო დაფინანსების ეს წყაროც მოისპო.
ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა „ინტელექტი“: „ოცდამეექვსედ ტარდება ფესტივალი. რატომ არის ის ასეთი აქტუალური და განახლებადი? ეს საქართველოს დამოუკიდებლობამ მოიტანა. ცენზურისგან თავისუფალ გარემოში ვახერხებთ გამოვცეთ ქართველი ავტორები, ისე, როგორც წერენ, ვთარგმნოთ და ამისთვის ცეკაში არ დავრბოდეთ ნებართვისთვის. ამას საფრთხეს უქმნის სულ ცოტა ხნის წინ მიღებული ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, ელგებეტე თემატიკით შეფუთული ცენზურის კანონი და ოფშორების კანონიც. ჩვენი სათქმელი არის „არა რუსულ რეჟიმს“, რომელიც საქართველოს რუსიფიკაციასა და ჩინეთიზაციას ცდილობს“.
თამარ ლებანიძე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე: „თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი აშშ-ის საელჩოა. საელჩოს 2009 წლიდან აქვს წიგნის თარგმნის პროგრამა. 200-ზე მეტი წიგნი გამოიცა და ამას მილიონ დოლარზე მეტი მოხმარდა. ეს ნიშნავს ხარისხს, კვალიფიციურ თარგმანს, კარგ დიზაინს. ეს ყველაფერი ხმარდება ქართულ კულტურას, ცივილიზაციის შემოტანას საქართველოში. საქართველო ყოველთვის იყო ცივილიზაციის მნიშვნელოვანი, მაგრამ პატარა ნაწილი და ასე უნდა გავაგრძელოთ. იზოლირებულ გარემოში ჩვენ უკვე ვიცხოვრეთ არაერთი ათეული წელიწადი“.
- და წლების მერე რთულად, მაგრამ მაინც წამოვიდა ის ტენდენცია, როდესაც წიგნები ითარგმნება ორიგინალი ენიდან და არა რუსულიდან, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა.
- ქართულ საგამომცემლო საქმიანობაში ბევრი თეთრი ლაქა იყო და ნელ-ნელა დავიწყეთ ამის შევსება. არა მხოლოდ კლასიკური, თანამედროვე ლიტერატურაც ითარგმნება და სწორედ ეს გაგრძნობინებს, რომ თანამედროვე სამყაროს ნაწილი ხარ.
- როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩაკეტილი საზღვრები გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამ გამოგვრჩენოდა.
- კი, სწორედ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას მოვანდომეთ წლები. საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირში არ არსებობდა გამომცემლის პროფესია. სულ რამდენიმე პროფესიაა, რომელიც იმ წყობაში არ არსებობდა. როდესაც ამას უცხოელ კოლეგებს ვეუბნები, ძალიან უკვირთ. რადგანაც არ იყო თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მეწარმეობა, ბუნებრივია, არც ეს პროფესია არ იყო.
- როდესაც ევროპელ თუ ამერიკელ გამომცემლებს ვხვდები, ყოველთვის მიკვირს, რომ წიგნები, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობდით ბავშვობაში, მაგალითად, დიუმა, ჰიუგო, მათ არ იციან.
- არის ასეთი აცდენები კულტურაში. საბჭოთა ცენზურას ჰყავდა თავისი ფავორიტი და დაჩაგრული ავტორები. თაობები გაიზარდა ამ მოცემულობით და ამან ძალიან შეგვიზღუდა თვალსაწიერი.
რა არის ახალი 26-ე ფესტივალზე?
ტრადიციულად, ფესტივალზე რამდენიმე დღის განმავლობაში ახალთან ერთად ძველი გამოცემებიც გაიყიდება, მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით.
სიახლეებს შორისაა „სულაკაურის“ ოქსანა ზაბუჟკოს „ყველაზე დიდი მოგზაურობის“ თარგმანი, გამომცემლობა „საგამ“ კი რუსეთის მიერ აგენტად შერაცხული ბორის აკუნინის „ეშმაკის ადვოკატი“ დაბეჭდა. „ინტელექტმა“ გამოსცა ოსტაპ სლივინსკის „ომის ლექსიკონი“. სამივე წიგნი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობასა და ომზეა.
„არ გირჩევთ შხაპის მიღებას, როდესაც ბომბების „წვიმა“ მოდის. ამ პროცედურის მთელი ხიბლი იკარგება. მოსვენებას არ მაძლევს აზრი: „ახლა რომ დაგვიშინონ ბომბები, ესე დავრჩები - ომის მსხვერპლად, გასაპნული, შიშველი საჯდომით“, - წერს ოსტაპ სლივინსკი.
აზროვნების აკადემიამ გამოსცა ირვინ იალომის „როდესაც ნიცშე ატირდა“, მიხაილ ენდეს „მომო“ და ანა ქირიას „ფილოსოფიური ძიების ქრონიკები“. ასევე ზურა მხეიძისა და რამაზ საყვარელიძის „ფსიქიკის თამაშები“.
„სულაკაურმა“ 20 წლის შემდეგ ისევ დაბეჭდა აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსა“, იმავე სახით, როგორითაც პირველად გამოვიდა, ანუ რვეულებით და რუკით.
გამოიცა ინგლისში მცხოვრები ქართველი მწერლის ლეო ვარდიაშვილის რომანიც: „ერთი დიდი ტყის მახლობლად“, ამჯერად ქართულად.
ასევე ნახეთ „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ - ინტერვიუ ბესტსელერის ავტორ ლეო ვარდიაშვილთან„ჩემმა გამომცემლობამ“ კონკურსი ჩაატარა თემაზე „ჩემი მთის სული“. კონკურსში 50 ავტორი მონაწილეობდა. კრებულში ათი ნაწარმოები შევიდა.
„დიოგენემ“ გამოსცა რეიმონდ კარვერის „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე“. კარვერის მოკლე პროზა ადამიანურ დრამას ჰყვება, ხანდახან ტრაგედიასაც. მის მოთხრობებზე ბევრი ფილმია გადაღებული.
ასევე გამოსცა ოსამუ დაძაის „აღარ ვივარგებ ადამიანად“, დაძაი იაპონელი ახალგაზრდების საყვარელი მწერალია. ამ წიგში ავტობიოგრაფიულ ამბავზე წერს და ის ხალხში ჩაკარგულ მარტოსულ ადამიანს ეხება.
„ზიარმა“, რომელიც უახლოეს წარსულზე გამოსცემს წიგნებს, ადამ ზამოისის „1920“ დაბეჭდა. წიგნი ვარშავისთვის ბრძოლას ეძღვნება, იმ მოვლენებს, როდესაც რუსეთი ევროპაში რევოლუციის ექსპორტს ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ასევე გამოსცა ქლერ კაიზერის „ქართველი და საბჭოელი: ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“, ასევე, სტატიების კრებული: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“.
30 მაისს დაწყებული „თბილისის წიგნის ფესტივალი“ 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.