მოვაჭრეებმა ზუგდიდში აქცია გამართეს

ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებმა ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. საუბარია ბაზრის მიმდებარე მიწის იმ ნაკვეთზე, რომელიც ცოტა ხნის წინ მერიამ დაირეგისტრირა, მოგვიანებით კი იჯარის ფორმით გაასხვისა. მოვაჭრეების განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაციასა და ფართის ახალ მფლობელ შპს "ლონდასტეს" შორის არსებული უთანხმოების გამო, მათ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უფლება არ ეძლევათ. ამასთან, აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ახალი მფლობელი მათ ადრე თუ გვიან ყოველთვიურ გადასახადს გაუზრდის და არც სამსახურის შენარჩუნების გარანტია აქვთ. მოვაჭრეებმა საკითხის შესწავლის თხოვნით მიმართეს მერიას, რომელიც, თავის მხრივ, დავაში ჩართულ მხარეებს გაესაუბრა:

„ვითხოვთ, ის საარსებო წყარო არ გაგვიუქმდეს, რომლითაც ჩვენ ვარჩენთ ოჯახებს, იმიტომ რომ იქ ერთი და ორი პიროვნების ამბავი არ არის, იქ არის 80 ოჯახი თითქმის“.

„მეორედ ვარ უკვე მოსული. იმედი არაფრის არ გვაქვს. ისევ უიმედოდ ვართ. მერია თავის თავზე ვალდებულებას არ იღებს, იმედს არავინ არ გვაძლევს“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

მათთან ერთად მერიაში იმყოფებოოდა ზუგდიდის ბაზრის, იმავე შპს „სუპერმარკეტის“, მენეჯერი, მანანა ბარძემიშვილი. მისი განცხადებით, წლების წინ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების ზეპირი დავალებით ააშენა კონსტრუქცია, რომელიც ახლა იჯარის წესით გასხვისებულ ფართზეა განთავსებული, ამჯერად კი მერია მის დემონტაჟს სთხოვს:

„კონსტრუქციას ვაკეთებდით იმიტომ, რომ გარემოვაჭრეები შემოგვეყვანა. მერე არ დაგვიკანონეს გაკეთებული. როცა გავაკეთეთ, თვითონ დაიკანონა მერიამ ეს ტერიტორია, მერე ვითომ ვიღაცა ტენდერში გამარჯვებული ხალხი შემოგვიშვეს შიგნით“.

აქციას უსაფუძვლოს უწოდებს შპს „ლონდასტეს“ მენეჯერი. მთვარისა ფუტკარაძის თქმით, მოვაჭრეებისთვის სიახლის შეთავაზებას არ აპირებენ და ამის შესახებ ისინი თავადაც ინფორმირებულნი არიან:

„ჩვენგან იქნა ასეთი ხელშეკრულება დადებული, რომ ყველანაირი პირობა შეექმნება გლეხს. გადასახადები, თანხა, რომელსაც იხდიდა, არ გაიზრდება, იგივე თანხები დარჩება“.

მთვარისა ფუტკარაძე აცხადებს, რომ ბაზრის ადმინისტრაცია, რომელიც წლების განმავლობაში სოლიდურ თანხებს იღებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე დასაქმებული მოვაჭრეებისგან, ახლა საპროტესტო აქციის ორგანიზებას ახდენს. ამ ბრალდებას უარყოფს ბაზრის მენეჯერი და აცხადებს, რომ მოვაჭრეები მათ დახმარების თხოვნით თავად მიმართავენ.

დავაში ჩართული ორივე მხარის წარმომადგენლებმა მერთან საუბრის დეტალები ჟურნალისტებს გააცნეს. მათი თქმით, ირაკლი გოგოხია საკითხის შესწავლას დაჰპირდა. იმ მიზეზით, რომ დავა ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარეობს, მერიაში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თანხმობა მისცა მერიას რუსთაველის ქუჩა #96-ში მდებარე მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაეტანა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აუქციონში გამარჯვებულს ის, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაეცა. მაშინ ფართის წლიურ საფასურად ორმოცდაერთი ათასი ლარი განისაზღვრა. დეკემბრამდე ეს მიწა დაურეგისტრირებელი იყო და არავის ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, მოცემულ ტერიტორიაზე წლების მანძილზე სიგარეტით თუ სხვა პროდუქციით მოვაჭრეები ყოველთვიურ ქირას ბაზრის ადმინისტრაციას უხდიდნენ.