Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთის ნაცვლად სამი ბაზარი გორში


გორში ორკვირიანი საპროტესტო აქციები შეწყდა. ბაზრის მოვაჭრეებმა ინვესტორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აქციის მონაწილეები მფლობელების მიერ აგრარული ბაზრის ქალაქგარეთ გადატანას აპროტესტებდნენ და ქალაქის ცენტრში მის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ორკვირიანი აქციების დროს მოვაჭრეთა ნაწილი არსებულ რეალობას შეეგუა და ახალ ბაზარში გადავიდა, ნაწილმა კი მოძებნა ყოფილი საბითუმო ბაზრის ტერიტორია და მესაკუთრეს ახალი ბაზრის მოწყობა შესთავაზა. ახლა გორში, ერთის ნაცვლად, უკვე სამი ბაზარია. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ეკა ქარელი, ამბობს, რომ აქციების შედეგი ის არის, რომ ინვესტორების პირობები არ გაიზიარეს და ქალაქს კიდევ ერთი ბაზარი შემატეს.

ნელ-ნელა იტვირთება გორის ახალი აგრარული ბაზარიც. მოვაჭრეების შიში, რომ იქ მყიდველი არ მივიდოდა, არ გამართლდა. ახალ ბაზარში მოვაჭრეთა და მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ბაზრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მოვაჭრეებს თებერვლის ბოლომდე გადასახადი არ გადაახდევინოს.

აგრარული ბაზრის დირექტორი გოგი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ახალ ბაზარში მოვაჭრეთა და მომხმარებელთა უფლებები დაცული იქნება. გარდა ამისა, დასრულდება ის ქაოსი, რომელიც ყოფილ ბაზარში იყო შექმნილი.

ახალი ბაზრის მოვაჭრეების აზრით, მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას ქალაქგარეთ ავტოსადგურის გადატანაც ხელს შეუწყობს. აგრარული ბაზრის მფლობელები ახლა ავტოსადგურთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. სავარაუდოდ, ერთ კვირაში სატრანსპორტო პრობლემებიც მოგვარდება.
XS
SM
MD
LG